რეჟისორის ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეჟისორის ხელოვნებასპექტაკლის ყველა ელემენტების შემოქმედებითი ორგანიზაციის შემწეობით, ჰარმონიულად მთლიანი თეატრალური ნაწარმოების შექმნის ხელოვნება. რეჟისორული ჩანაფიქრი გულისხმობს: პიესის ინტერპრეტაციას, ცალკეული პერსონაჟების დახასიათებას, სამსახიობო შესრულებაში სტილის და ჟანრის განსაზღვრას, სპექტაკლის გადაწყვეტას დროში (რიტმი და ტემპი), სივრცეში (მიზანსცენა, პლანების გამოყენება), სცენოგრაფიული და მუსიკალური გაფორმების საერთო ჩანაფიქრთან მისადაგებას. რეჟისორი განსაზღვრავს ასევე სპექტაკლის „ზეამოცანას“, ანუ პასუხს შეკითხვაზე – რისთვის იდგმება ეს პიესა, რა ძვრები უნდა გამოიწვიოს მაყურებლის შეგნებაში, რა ზემოქმედება უნდა მოახდინოს მასზე. რეჟისორის ხელოვნებაში ურთულესი მომენტია სპექტაკლის ფორმის ჩამოყალიბება, რამაც მხატვრულ რეალობად უნდა აქციოს წარმოდგენის შიდააზრი, ტონი, რიტმი, სტილი, ლექსიკა.

სარეჟისორო შემოქმედების ურთულესი საკითხია მისი და მსახიობის ურთიერთდამოკიდებულება მაქსიმალურ შედეგს აღწევს ის რეჟისორი, რომელიც მსახიობში თანაშემოქმედს ხედავს და არა მისი მითითებების ბრმა შემსრულებელს.

სარეჟისორო ხელოვნება, ისევე როგორც ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი, შეუძლებელია მოვაქციოთ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ სისტემაში, მაგრამ თეატრის განვითარების ისტორიამ დააგროვა გარკვეული გამოცდილება და შექმნა აპრობირებული რეჟისორული მეთოდოლოგიები. ასეთ მეთოდად მიჩნეულია სპექტაკლზე მუშაობის სამ ეტაპად დაყოფა: „სამაგიდო“, „თეჯირებში“ და სცენაზე. „მაგიდასთან“ მუშაობა თავის მხრივ იყოფა ორ ეტაპად. პირველი, შედარებით ხანმოკლე, გულისხმობს საუბრებს პიესის და სპექტაკლის ჩანაფიქრის ირგვლივ (მხატვრული სახეების განხილვა, მოქმედი პირების ურთიერთობის გარკვევა, გამჭოლი მოქმედების დადგენა). ამ საუბრების მიზანია დადგმის მონაწილეებში შემოქმედებითი იმპულსების გაღვივება. მეორე პერიოდში ხორციელდება პიესაში მოცემული ქმედების ანალიზი, დგინდება მოქმედების მიზნები, ამოცანები და მოტივები. ამავე პერიოდში ზოგიერთი რეჟისორი მიმართავს ე.წ. ეტიუდების მეთოდს, რომლის მიზანია მსახიობს აგრძნობინოს ატმოსფერო, შექმნილი ვითარება, წარმოშვას მედიტაციური პროცესი პიესის ფაბულის მიმართ.

სპექტაკლზე მუშაობის მეორე ეტაპი ითვალისწინებს უკვე კონკრეტულ მოქმედებას კონკრეტულ გარემოში, ე.წ. „თეჯირებში“. შირმების და კუბიკების გამოყენებით, რეჟისორი იწყებს სივრცულ აზროვნებას, ქმნის მიზანსცენების მონახაზს, ეძებს რიტმს, ტონს, ინტონაციას, მომავალი სპექტაკლის „თამაშის წესს“. ამ პერიოდში ყალიბდება რეჟისორის და მსახიობის თანაშემოქმედება და თანამოაზრეობა.

სპექტაკლზე მუშაობის მესამე ეტაპი უშუალოდ სცენაზე ხორციელდება. ამ პერიოდში უკვე ბოლომდე ყალიბდება მომავალი სპექტაკლის მხატვრული სახე, მწყობრ სისტემაში ექცევა სპექტაკლის ყველა ცალკეული ელემენტი. ამ სამუშაოს შედეგი მოწმდება და საბოლოოდ დგინდება გენერალურ რეპეტიციებზე. ამასთანავე, სპექტაკლზე მუშაობა გრძელდება პრემიერის შემდგომაც. რეჟისორი უკვე მაყურებელთან მიმართებაში აზუსტებს წარმოდგენის დეტალებს, შეაქვს მასში მხატვრული ან ტექნიკური კორექტივები.

რეჟისორის ხელოვნება როგორც დამოუკიდებელი შემოქმედებითი ფენომენი წარმოიშვა XIX ს. დამლევს. ჩანასახობრივი ფორმით იგი ყოველთვის არსებობდა. თეატრის განვითარების ადრეულ საფეხურზე, ავტორი, შემსრულებელი და რეჟისორი თავმოყრილი იყო ერთ შემოქმედში. ანტიკურ თეატრში დრამატურგები უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი პიესების სცენაზე განხორციელების პროცესში. სპექტაკლის სადადგმო კულტურის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საეკლესიო წარმოდგენებმა (ლიტურგიკული დრამა, მისტერია, მირაკლი, მორალიტე) იმპროვიზაციის მეთოდი, როცა პიესას ცვლიდა ფაბულის სქემა, ხოლო ხასიათებს – ნიღბები, თავისთავად გამორიცხავდა რეჟისორის საჭიროებას. არსებითად არაფერი შეცვლილა არც კლასიციზმისა და განმანათლებლობის და არც რომანტიზმის ხანაში. რეჟისორის ხელოვნების დაბადება დაკავშირებულია ნატურალიზმის როგორც ესთეტიკური მიმდინარეობის წარმოშობასთან. ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავა სიმბოლიზმის და განსაკუთრებით მოდერნიზმის წარმოშობამ, სადაც რეჟისორი არა მხოლოდ ლიდერად, არამედ წარმოდგენის უმთავრეს შემოქმედად მოგვევლინა.

პოსტმოდერნიზმის ეპოქაში (XX ს. 60-იანი წწ. მოყოლებული დღემდე) რეჟისორმა შეინარჩუნა შემოქმედებითი ერთპიროვნულობა, მაგრამ შესამჩნევად დათმო პოზიციები პოპ-კულტურასთან და მას-კულტურასთან მიმართებაში. ამავე პერიოდში მოხდა ძველი ფასეულობებისაკენ შემობრუნება (იგულისხმება კოლექტიური თანაშემოქმედება). თანამედროვე რეჟისურა მიილტვის უნივერსალიზმისაკენ, რაც თავისთავად საკაცობრიო კულტურის ინტეგრაციით არის გამოწვეული.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები