რევალვაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევალვაცია - (revaluation, re + <ფრანგ. evalastion შეფასება], სხვაგვარად - ვალორიზაცია, რევალორიზაცია - ფულად ერთეულში ოქროს შემცველობის ან მისი კურსის ოფიციალური გაზრდა სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით.

ვინაიდან თანამედროვე პირობებში ფულს აღარ აქვს ოქროშემცველობა, ამჟამად რევალვაცია გულისხმობს მხოლოდ ფულის კურსის ოფიციალურ გაზრდას სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით.


საქმე ისაა, რომ იამაიკის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბების (1976) შემდეგ, სსფ-ის გადაწყვეტილებით, 1978 წელს გაუქმდა ოქროს პარიტეტი (თანაფარდობა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებს შორის ოქროს წონითი რაოდენობის, ოქროს შემცველობის მიხედვით). ოქრო, რომელიც სავალუტო სისტემაში XX საუკუნის 70-იან წლებამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, გამოიდევნა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. მიიღეს გადაწყვეტილება მისი საბოლოო დემონეტიზაციის შესახებ. მთავარი ვალუტის სტატუსი ამერიკულ დოლარს მიენიჭა. რევალვაცია გულისხმობს ფულის მსყიდველობითი უნარის ამაღლებას გარკვეულ დონემდე. ეს დონე შეიძლება იყოს ისეთივე, როგორიც ინფლაციის დასაწყისში; შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე იმ მომენტში, როდესაც ინფლაციამ მაქსიმუმს მიაღწია. ამრიგად, რევალვაცია ქაღალდის ფულის ინფლაციამდელი ღირებულების თანდათანობითი აღდგენის პროცესია, რაც ფაქტობრივად ვალუტის კურსის ამაღლებას ნიშნავს. მაგ., 1961 წელს მოხდა დასავლეთ გერმანული მარკის რევალვაცია. მისი ოქროშემცველობა გაიზარდა 0,211588-დან 0,222168 გრამ წმინდა ოქრომდე, რის შედეგად აშშ-ის დოლარის მიმართ ამ ფულის კურსი, ნაცვლად 4,2 მარკისა, გახდა 4 მარკა.

რევალვაცია ეკონომიკის რეგულირების ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო პრაქტიკაში იგი იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანა, რომელიც ვალუტის რევალვაციას ახორციელებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს თავის თავს საგარეო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მიზიდვისა და საერთაშორისო ტურიზმის სფეროში. ეს გამოიხატება შემდეგში:

  1. რევალვაცია მოცემული ქვეყნის ვალუტის კურსის აწევით სხვა სახელმწიფოების ვალუტებთან შედარებით იწვევს უცხოურ ვალუტაში საექსპორტო საქონლის ფასების ზრდას, რითაც ამცირებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე, აფერხებს საქონლის ექსპორტს. რაც შეეხება საქონლის იმპორტს, რევალვაცია, პირიქით, ამცირებს მასზე საკუთარ ვალუტაში გამოხატულ ფასებს, რითაც ზრდის მოთხოვნას იმპორტულ საქონელზე და, საერთოდ, იმპორტს;
  2. მოცემული ქვეყნის რევალვირებულ ვალუტასა და სხვა ქვეყნების ვალუტებს შორის წარმოქმნილი ახალი სავალუტო პარიტეტი არახელსაყრელს ხდის უცხოური კაპიტალის დაბანდებას ამ ქვეყანაში, ვინაიდან ვალუტების გაცვლისას მათი მფლობელები ადგილობრივი ვალუტით ნაკლებ თანხას იღებენ. მეორე მხრივ, ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავიანთი ვალუტის რევალვაცია მოახდინეს, კაპიტალის ექსპორტი უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან იქმნება უცხოური ვალუტის შედარებით იაფად ყიდვის შესაძლებლობა;
  3. რევალვაცია ამცირებს ქვეყნის შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმის სფეროში, ვინაიდან უცხოელ ტურისტებს ამ ქვეყანაში მოგზაურობა ძვირი უჯდებათ, და პირიქით, სტიმულს აძლევს ადგილობრივ ტურისტებს საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, რადგან მათთვის უცხოური ვალუტა იაფი ხდება.

რევალვაცია ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. უცხოური ვალუტის მოძალების შეზღუდვით იგი გარკვეულწილად ხელს უწყობს მიმოქცევაში ფულადი მასის ზრდის შეჩერებას და ამის საფუძველზე ფასების მატების შენელებას. ფასების ზრდას აფერხებს აგრეთვე რევალვაციის შედეგად იმპორტზე გაწეული ხარჯების შემცირება. საპირისპიროა - დევალვაცია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები