პოლიგონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიგონი - (ბერძნული polygōnos – მრავალკუთხა), სპეციალურად გამოყოფილი და მოწყობილი ხმელეთის ან ზღვის მონაკვეთი მის თავზე მდებარე საჰაერო სივრცითურთ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ნიმუშებისა და კომპლექსების გამოსაცდელად (დასახვეწად), ჯარების (ძალების) საბრძოლო მომზადების ღონისძიებებისა და სამხედრო საქმის კვლევის განსახორციელებლად.

პოლიგონები არის მუდმივი და დროებითი (ერთჯერადი კერძო ამოცანების შესასრულებლად); დანიშნულების მიხედვით არის: სამეცნიერო-კვლევითი (საცდელი),სასწავლო (საჯარისო, საზღვაო, საავიაციო) და საქარხნო;

გამოსაცდელი საშუალებების გვარეობის მიხედვით – ბირთვული, სარაკეტო, საარტილერიო, საზენიტო, სატანკო, ქვეითი, საავიაციო, საზღვაო, სატორპედო, საინჟინრო, საავტომობილო, კავშირგაბმულობისა და ა.შ.

სარჩევი

პოლიგონის მოწყობილობა

პოლიგონის მოწყობილობა, დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და შეიძლება მოიცავდეს: სათვალთვალო და მართვის პუნქტებს, სამიზნე დანადგარებს მექანიზებული ან ავტომატიზებული მართვით, საფრებს, კავშირგაბმულობის საშუალებებს, საცეცხლე პოზიციებს, პოზიციურ რაიონებს, საზომ და გამოთვლით კომპლექსებს. დაზიანების საშუალებების გამოყენების შედეგების კონტროლის და სატრანსპორტო საშუალებებს.

საავიაციო პოლიგონები

განკუთვნილია მფრინავთა შემადგენლობის საცეცხლე და ტაქტიკური გაწვრთნილობის სრულყოფისათვის. იყოფა სახმელეთო (საზღვაო), საჰაერო და სპეციალურ პოლიგონებად. სახმელეთო (საზღვაო), საავიაციო პოლიგონები უზრუნველყოფენ დაზიანების საავიაციო საშუალებების გამოყენებას და სახმელეთო (საზღვაო) სამიზნეებზე დარტყმების მიყენების ტაქტიკური ხერხების დახვეწას.

სპეციალური საავიაციო პოლიგონის დანიშნულებაა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია საავიაციო ტექნიკის შეიარაღების სისტემებისა და დაზიანების საავიაციო საშუალებების ახალი ნიმუშების გამოცდასთან.

საზღვაო პოლიგონი განკუთვნილია ხომალდების (თვითმფრინავების) მიერ საბრძოლო (სასწავლო-საბრძოლო) რაკეტების გაშვების განსახორციელებლად; სატორპედო-საარტილერიო და სხვა სროლისათვის, ბომბტყორცნისა და ნაღმების დაყენებისათვის; ხომალდების ფიზიკური ველის გაზომვისათვის; იარაღისა და ტექნიკური საშუალებების ნიმუშების გამოცდისათვის.

სამეცნიერო-კვლევითი პოლიგონი (საცდელი პოლიგონები)

განკუთვნილია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საცდელი და სერიული ნიმუშების გამოსაცდელად (საპოლიგონო დახვეწისათვის), რაკეტების გაშვებისთვის, ბომბტყორცნისა და საბრძოლო მომზადების გეგმის მიხედვით სროლის მოწყობისათვის.

სასწავლო პოლიგონი (საჯარისო, საზღვაო, საავიაციო)

განკუთვნილია ქვედანაყოფების ნაწილების, შენაერთების საბრძოლო მომზადების ღონისძიებათა განხორციელებისთვის; საბრძოლო (სასწავლო-საბრძოლო) რაკეტების გაშვების, ბომბმტყორცნის, სატორპედო, საარტილერიო და სხვა სროლის, ნაღმების დაყენების, აგრეთვე პირადი შემადგენლობის წვრთნებისათვის.

ჯარებსა და სამხედრო სასწავლებლებში გამოიყენება აგრეთვე სხვადასხვა საიმიტაციო და მინიატიურული პოლიგონები.

საქარხნო პოლიგონები

ეკუთვნის თავდაცვითი მრეწველობის საწარმოებს. გამოიყენება შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის კომპლექსთა ნიმუშების ან ცალკეული ელემენტების დასახვეწად და გამოსაცდელად, კონსტრუქციული და სქემური გადაწყვეტების ექსპერიმენტული შემოწმებით გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, შესრულებული სამუშაოების, შეიარაღების ხარისხის შემოწმების, მისი გამიზვნისა და გამართვისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები