პირის ნაცვალსახელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირის ნაცვალსახელებინაცვალსახელები, რომლებიც პირებს აღნიშნავენ მოლაპარაკის თვალსაზრისით და მასთან მიმართების საფუძველზე. ეს მიმართება გვიჩვენებს, რომ ესა თუ ის პირი ან მოსაუბრეა, ან თანამოსაუბრე, ან კიდევ ის პირია, რომლის შესახებაც საუბარია. ამ ურთიერთობაში ამოსავალი მოლაპარაკე ანუ I პირია, ვისაც იგი უშუალოდ მიმართავს – II პირია, ხოლო ის, ვინც ამ ორი პირის გარეშეა, III პირად ითვლება. I პირს აღნიშნავს მე და ჩვენ, II-ს – შენ და თქვენ, III-ს – ეს, ეგ, ის (იგი) და ესენი, ეგენი, ისინი (იგინი). I და II პირის ნაცვალსახელები არსებითად განსხვავდება III-გან. ეს უკანასკნელი იგივე ჩვენებითი ნაცვალსახელია, რომლის მნიშვნელობა უფრო ფართოა, რადგანაც იგი არა მარტო საგანზე მიუთითებს, არამედ პირსაც აღნიშნავს. განსხვავება ჩანს გრამატიკულადაც: III პირის ნაცვალსახელი ფორმაცვალებადია; მოეპოვება როგორც ბრუნვის, ისე რიცხვის კატეგორია, I და II პირის ნაცვალსახელებს კი ბრუნვისა და რიცხვის მორფოლოგიური კატეგორია არ გააჩნიათ. I და II პირის ნაცვალსახელები ყოველთვის ადამიანს აღნიშნავენ, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით შენ შეიძლება არაადამიანის მიმართაც იყოს ნახმარი; მაგ., ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო! (ი. ჭავჭავაძე)

ზმნის მრავალპირიანობისა და ორგანული წარმოების გამო ქართულ ენას არ ახასიათებს წინადადებაში პირის ნაცვალსახელების ისე ხშირი ხმარება, როგორც ეს ზოგიერთ ენაშია. მისი გამოყენება აუცილებელია, როცა ლოგიკური მახვილი მასზე მოდის, როცა პირთა დაპირისპირებაა, ანდა როცა აზრობრივად, მხოლოდ ზმნის საშუალებით, შეუძლებელი ხდება სათანადო პირების წარმოდგენა. ზოგჯერ პირის ნაცვალსახელების ხშირად გამოყენებას სტილისტიკური ფაქტორიც განაპირობებს.

I და II პირის ნაცვალსახელების ბრუნების საერთო სურათი ასეთია:

სახელობითი მე შენ ჩვენ თქვენ;
მოთხრობითი მე შენ ჩვენ თქვენ:
მიცემითი მე შენ ჩვენ თქვენ;
ნათესაობითი ჩემ- შენ- ჩვენ- თქვენ-

როგორც ჩანს, ეს ნაცვალსახელები ფორმაუცვლელი, უბრუნველი სახელებია. მათ შორის მხოლოდ ასეთი განსხვავებაა: მე საერთო ფუძეა სახელობითის, მოთხრობითისა და მიცემითისათვის. ნათესაობითში მას ჩემ- ფუძე ენაცვლება ამ ბრუნვაში მოსალოდნელი თანდებულის დართვით (ჩემ-გან, ჩემ-თვის). არც მე და არც ჩემ- არ არის ერთი სახელის ორი სხვადასხვა ბრუნვის ფორმა, რომლებიც წარმოშობითაც სხვადასხვა დროისა ჩანან, რაც შეეხება შენ, ჩვენ, თქვენ-ს, ესენი სრულიად უცვლელი სახელებია.

პირის ნაცვალსახელებს, საერთოდ, მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვები არ გააჩნიათ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში ეს ნაკლი შეიძლება შეუვსონ სათანადო კუთვნილებითმა ნაცვალსახელებმა: ჩემი – ჩემით, ჩემად, შენი – შენით, შენად და ა. შ.

არსებით სახელთაგან განსხვავებით, პირის ნაცვალსახელებს მორფოლოგიურად არც რიცხვის კატეგორია აქვთ. მართალია, მე და ჩვენ, შენ და თქვენ ერთმანეთის მიმართ მხოლოობით-მრავლობითის ფორმებად გვესახება, მაგრამ სინამდვილეში აქ რიცხვი გამოხატულია არა აფიქსის (რიცხვის გამომხატველი ნიშნის) გამოყენებით, არამედ – ლექსიკურად, სულ სხვადასხვა სიტყვების საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ I პირის ნაცვალსახელს საერთოდ არც შეიძლება ჰქონდეს მრავლობითი რიცხვი, რადგან იგი მიუთითებს მოლაპარაკეზე, რომელიც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ჩვენ ნაცვალსახელით მოლაპარაკე აღნიშნავს არა ერთზე მეტ მე-ს, არამედ – თავის თავს და აგრეთვე იმას ან იმათ, ვისაც ელაპარაკება, ან ვისაც ეხება საუბარი.

მორიდებული, თავაზიანი საუბრისას თქვენ ნაცვალსახელი ერთის მიმართაც იხმარება.

ა. მარტიროსოვი


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია, თბ., 1973

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები