მდინარე მაშავერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაშავერა

მაშავერამდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან სოფელ ნახიდურთან. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 1390 კმ². აქვს ღრმა, კანიონისებური ხეობა.

მაშავერა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე (ზოგჯერ). ზამთრობით მაშავერაზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. საშუალო წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მდინარეს იყენებენ სარწყავად.

სახელწოდება

არსებობს ერთი ძველისძველი ლეგენდა მდინარის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე: „ერთხელ თამარ მეფე თავისი ლაშქრით ამ მდინარეზე გადადიოდა. წყალი თურმე ადიდებული მოდენილა და მეფის ამალა მდინარის მეორე მხარეს ვერ გადასულა. ეს ამბავი თამარისათვის მოუხსენებიათ. თამარ მეფე მდინარესთან ახლოს მისულა, უნახავს ადიდებული წყალი და იქ მყოფთათვის უკითხავს: „მაშა, ვერა? ე.ი. ვერ გახვედითო? მეფეს იქვე უბრძანებია ხიდის აგება, მდინარეს კი მას შემდეგ სახელად მაშავერა შერჩენია.

როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია დაინტერესებულა მდინარე მაშავერას სახელის შინაარსით და მრავალნაირი ლეგენდებიც შეუთხზავს. ერთ-ერთი ასეთი მოარული ვერსიით უსარგებლია თვით ვახუშტი ბატონიშვილს, რომლის მიერ მოწოდებული ვარაუდის ხალხურობა აშკარაა; მდინარის სახელის წარმოშობა, ამ ვერსიის მიხედვით, ქციასთან შერევის გამო მომხდარა: „ხოლო ყარაღაჯისა და ტაშირის მთის ჩდილოთ კერძო არს დაბანისის ჴეობა, და მდინარე მაშავერი, მომდინარე მის შორის. ხოლო იწოდა ქციის რთვი „მა, შავერიე ქციას“, და აწ მაშავრად წოდებული“. ქართული ტოპონიმები ან ჰიდრონიმები (მდინარეთა სახელები) რაიმე შესიტყვებების მიხედვით არასოდეს წარმოიქმნებოდნენ. მდ. მაშავერას ეტიმოლოგია დამატებით კვლევას მოითხოვს.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი მაშავერას მოშავერად წარმოთქვამს: „დასახლებულა მოშავრის გაღმა… შემდეგ გადმოსულან მოშავრის გამოღმა“… ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიძლებოდა მაშავერა ფერის აღმნიშვნელ ერთეულად მიგვეჩნია: „მო-შავრა“, „მოშავო ფერის წყალი“, „გამაშავებელი“ თუ რაღაც ამის მსგავსი. მაგრამ ეს ერთადერთი დიალექტური ფორმა ალბათ საკმარისი არ არის ჰიდრონიმ მაშავერას მნიშვნელობის საბოლოოდ გასარკვევად.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები