მასალები ქაღალდის საფუძველზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეკორატიული ქაღალდ-ფენოვანი პლასტიკები

მასალები ქაღალდის საფუძველზე – ქაღალდი წარმოადგენს თხელ ფურცლოვან მასალას, რომელიც შედგება ძირითადად დაქუცმაცებული მცენარეული ბოჭკოებისგან. ბოჭკოები უწესრიგოდაა განლაგებული და შეკრულია ერთმანეთთან ზედაპირული შეჭიდულობის ძალებით. საჭირო თვისებების მისანიჭებლად ქაღალდის მასაში ურევენ მინერალურ შემავსებლებს, შემკვრელ და სხვა ნივთიერებებს.

ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ. წ. I საუკუნეში გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისაგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ – ქსოვილსა და ბამბას. ევროპაში XIV საუკუნეში გავრცელდა. ქაღალდის დამამზადებელი პირველი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც მისი წარმოება მასობრივი გახადა. ამჟამად ქაღალდის 600-ზე მეტი სახეობა იწარმოება.

ელექტროტექნიკური გეტინაქსი

ქაღალდის ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლებია: 1 მ2-ის წონა – 6-250 გ, სისქე – 40-400 მკმ, სითეთრე – 0-95%, ნაცრიანობა – 0-0,35%. არსებობს ქაღალდის სახეობები: ალექსანდრიის, ანტიადჰეზიური, ანტიკოროზიული, დაარმირებული, ასლგადასაღები, ბიოციდური, დაბაკელიტებული, დეკორატიული, დაგრუნტული, დატვიფრული, ელექტროსაიზოლაციო, ვატმანის, ვერდოლის, ზუმფარის, თერმორეაქტიული, ტიპოგრაფიული, კალანდირებული, კარტოგრაფიული, მკვრივი, მაღალხარისხიანი, მრავალშრიანი, ოფსეტური, საწერი, საბეჭდი, საგაზეთე, სააფიშე, საიზოლაციო, საკართოტეკე, სასიგარეტე, საშპალერე, სახაზავი, სახატავი, სახეხი, ფოტოგრაფიული, ტიპოგრაფიული, შესაფუთი, ცარცის, ცვილის, წყალშეუღწევადი, ხავერდოვანი, ჰიდროფილური (ნივთიერება, რომელიც ინ-ტენსიურად შედის რეაქციაში წყალთან), ჰიგიენური და სხვ.

ქაღალდის საფუძველზე დამზადებული მასალის უპირატესობებია: დაბალი ღირებულება, გლუვი ზედაპირი, ადვილად რეგულირებადი სისქე, ფორმისა და ზომების ცვალებადობა და სხვ. კომპოზიტურ მასალებში გამოყენებული ქაღალდი ძირითადად იწარმოება სხვადასხვა სახის სულფატური (სულფატი – გოგირდმჟავას მარილი, გავრცელებული თაბაშირის ან ანჰიდრიდის სახით) ცელულოზისგან; გარდა ამისა, ქაღალდის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს სულფიტური (სულფიტი – გოგირდოვანი მარილი; ნატრიუმის სულფიტი). ცელულოზა, ბამბის ცელულოზა და მერქანი.

ქაღალდს განასხვავებენ სისქის, სიმტკიცის, ტენის შთანთქმის უნარითა და მასით. როგორც შემავსებელი, ქაღალდი გამოიყენება დეკორატიული ქაღალდ-ფენოვანი პლასტიკების და ელექტროტექნიკური გეტინაქსის წარმოებაში, აგრეთვე თვითმფრინავ და გემთმშენებლობაში გამოყენებული სენდვიჩ-პანელების ფოროვანი შემავსებლების დასამზადებლად.

დეკორატიული ქაღალდ-ფენოვანი პლასტიკების წარმოებაში გამოიყენება ორი სახის ქაღალდი – შიდა შრისათვის (კრაფტ-ქაღალდი) და გარე დეკორატიული შრისათვის (ოვერ-ქაღალდი), რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება საწყისი ნედლეულითა და თვისებებით. ელექტროტექნიკური გეტინაქსისთვისაც გამოიყენება ორი სახის ქაღალდი, რაც დაკავშირებულია ფურცლოვანი მასალისა და ნაკეთობის დამზადებასთან მილებისა და ცილინდრების სახით. ასეთს მიეკუთვნება გაჟღენთილი და დახვეული ქაღალდები, რომლებიც განსხვავდებიან შთანთქმის უნარით. ელექტროსაიზოლაციო ნაკეთობებისადმი თბომედეგობის მოთხოვნების გაზრდასთან ერთად, ბოლო პერიოდში, გამოჩნდა ქაღალდის ახალი სორტი – ქაღალდი სინთეზური ბოჭკოების საფუძველზე.

პოლიმერული კომპოზიტური მასალების შემავსებლად, გარდა ქსოვილისა და ქაღალდისა, გამოიყენება ძაფისა და ბოჭკოს საფუძველზე მიღებული ქსოვილური ან არაქსოვილური მასალებიც, აგრეთვე სხვადასხვა ქსოვის ბადეები და სხვ.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები