მარივო პიერ დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ დე მარივო

პიერ დე მარივო − (ფრანგ. Pierre Carlet de Chamblain de Marivaux, 1688-1763), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. მას ეკუთვნის ზნე-ჩვეულებათა, ფილოსოფიური, მითოლოგიური კომედიები. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია სასიყვარულო-ფსიქოლოგიური პიესები. მარივო წერდა: „მე ადამიანის გულში სხვადასხვა ადგილს ვეძებდი, სადაც შეიძლებოდა სიყვარული დამალულიყო, როდესაც მას გამოჩენის ეშინოდა. ჩემი კომედიების ამოცანაა, ვაიძულო მას ასეთი კუნჭულიდან გამოსვლა“.

კომედიები დაწერილია როკოკოს სტილში, რომელშიც გამოიხატებოდა XVIII საუკუნის არისტოკრატიული სალონებისთვის დამახასიათებელი განწყობა და გემოვნება. ამ სალონებში გავრცელებულინ დახვეწილი, ზედმეტად გადაპრანჭული ენა, რომელშიც უხვად იყო ნეოლოგიზმები, მეტაფორები და კალამბურები. ასეთი სახის მეტყველება და საუბარი მოგვიანებით მარივოს სახელთან გაიგივდა და „მარივოდაჟი“ ეწოდა. ამ სახის მანერული საუბრი დამახასიათებელი იყო, ძირითადად, შეყვარებული პერსონაჟებისა და მათი მსახურებისთვის, რომლებიც ბატონების პაროდირებას ახდენდნენ და მიბაძვით და „დახვეწილი“ საუბრებით ბუფონურ სცენებს ქმნიდნენ.

კომედიების მთავარი თემა ახლგაზრდების შემთხვევითი, მოულოდნელი სიყვარული იყო – შინაგანი წინააღმდეგობებით და განცდებით სავსე. სიყვარულს უპირისპირდებოდა სიმორცხვე, გაუბედაობა, ავადმყოფური თავმოყვარეობა, გრძნობის ჭეშმარიტებაში დაურწმუნებლობა და ა.შ. კომედიების ფაბულის და ძირითადი სიტუაციების მგავსების მიუხედავად, მარივო არ მეორდებოდა. ის სხვადასხვა კუთხით ახდენდა ფსიქოლოგიურ ანალიზს. გარეგნული ქმედება, დახლართული ინტრიგა მინიმუმამდე მცირდებოდა, მაგრამ მხატვრული ოსტატობით გადმოსცემდა გრძნობის თითქმის შეუმჩნეველ ნიუანსებს. პიესებში სიუჟეტი ვითარდება გმირის შინაგანი სამყაროს და მისი განცდების გამოსახვით. კლასიცისტურ ნაწარმოებებში კონფლიქტი გრძნობასა და მოვალეობას შორის ვლინდებოდა, მარივოს პიესებში – გრძნობას უპირისპირდება პირობითობა და ცრურწმენა, რაც მაღალი წრის საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული. კომედიისთვის უჩვეულო სერიოზულობით არის განხილული სიყვარული, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება. დრამატურგის კომედიები შეიძლება დახასიათდეს მისი ერთ-ერთი პიესის სათაურით − „სიყვარულის და შემთხვევითობის თამაში“. კომედიებში მნიშვნელოვანია მსახურების სახეები, რომლებიც ძალიან ჰგვანან კომედია დელ’არტეს პერსონაჟებს.

დრამატურგის პირველი კომედია „სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“ (1720) ეძღვნებოდა ნიღბების თეატრის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს. შემდგომ პიესებში გმირები უკვე ტიპაჟურად და ხასიათით ფრანგები არიან, თუმცა კომედია დელ’არტეს გავლენა მაინც შეინიშნებოდა. მარივოს პიესები იდგმებოდა ფრანგული კომედიის და იტალიური კომედიის (ამ დროისთვის თეატრში უკვე ფრანგულ პიესებს დგამენ) თეატრებში, მაგრამ დრამატურგი ამ უკანასკნელს ანიჭებდა უპირატესობას, რადგან თვლიდა, რომ იტალიური თეატრის მსახიობები უფრო კარგად გადმოსცემდნენ მის ჩანაფიქრს. განსაკუთრებით აფასებდა ამ თეატრის პრიმადონა ჯოვანი როზი ბენოცის, რომელიც სცენაზე სილვიას სახელით გამოდიოდა. მისთვის შექმნა მარივომ საუკეთესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელშიც შერწყმულია გრძნობა სიკეკლუცესთან, მახვილგონივრობა ყალბ გულუბრყვილობასა და გაპრანჭულ გრაციასთან.

მარივოს კომედიებში ვხვდებით გამდიდრებულ მდაბიოებს, რომლებიც თავადაზნაურის წოდებას ყიდულობენ („სოფლის მემკვიდრე“), გაკოტრებულ მარკიზს, რომელსაც არ უნდა ქალიშვილი მიათხოვოს მდიდარ ბურჟუას („ცრურწმენაზე გამარჯვება“); პიესა „მონების კუნძული“ საყოველთაო სამოქალაქო თანასწორობას ეძღვნება, „ახალ კოლონიაში“ ქალების უფლებების თემაა გაჟღერებული; „გონების კუნძულში“ ხოტბას ასხამს ყოვლისშემძლე გონებას.

მარივო პიესებს პროზაული ფორმით ქმნიდა (ამით მან დაარღვია კლასიცისტური კომედიის კანონები), რომელიც საბოლოოდ მეშჩანურ დრამაში დამკვიდრდა.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები