მეტაფორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტაფორა – (ბერძნ. metaphora – გადატანა) – ერთი საგნის თვისებების (მოვლენების, ყოფიერების ასპექტების) გავრცელება მეორეზე არა შედარების, არამედ მათი მხატვრული გამთლიანების გზით (მაგ. „ზღვა დედამიწის ცრემლებია“).

მეტაფორა გამოირჩევა განსაკუთრებული ექსპრესიით. მას აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები ერთმანეთთან დაახლოვოს (ხშირად – მოულოდნელი მიმსგავსებით) უაღრესად განსხვავებული საგნები და მოვლენები და წარმოშვას მათი სრულიად ახალი გააზრება. მეტაფორის წინამორბედი მხატვრული საშუალებებია: კატახრეზა, ოქსიუმორონი, სახისმეტყველება, ანტითეზა. ისინი განიხილებიან როგორც მეტაფორის მოდიფიკაციები.

ისტორიულად მეტაფორა აღმოცენდა მითოლოგიური ცნობიერების დაშლის შემდეგ. მისი აღმოცენება დაკავშირებულია კონკრეტული წარმოდგენების აბსტრაჰირებასთან, მხატვრული სახის წარმოქმნასთან. მონოთეისტური ცნობიერება თავისთავად მეტაფორულია ყოფიერებისათვის იდუმალი, სიმბოლური შინაარსის მინიჭების გამო.

ახალი დროება, რომლის ცენტრალური რგოლი ადამიანია, ეძებს სამყაროსა და „მე“-ს გაწონასწორების გზებს. ინდივიდუალური საწყისის საკვირველი სიძლიერის მიუხედავად, მათ არ გააჩნიათ სუბიექტური მეტაფორულობა. ასეთია, მაგ. გოეთეს და პუშკინის შემოქმედება.

მე-20 ს. ხელოვნება მიისწრაფვის სამყაროს თავისებური მეტაფორიზაციისაკენ. სწორედ ასეთი მეტაფორულობა ადასტურებს ხელოვანის ნებისა და თავისუფლების სრულ შეუზღუდაობას. ო. მანდელშტამი იტყვის: „მატერია ახსნადი ხდება მხოლოდ მეტაფორის წყალობით, რამეთუ არ არსებობს ყოფიერება შედარების გარეშე, რამეთუ თავად ყოფიერება არის შედარება“ თეატრს მეტაფორიზაციის განსაკუთრებული მხატვრული რესურსები აქვს, რადგან მას შეუძლია არა მხოლოდ „თქვას“, არამედ „უჩვენოს“ კიდეც.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები