მალაიზია
მალაიზია (ინგლ. Malaysia) – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ და კუნძულ კალიმანტანის (ბორნეო) ჩრდილოეთ ნაწილში.
ფართობი – 329,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 27,9 მლნ. კაცი (2012), აქედან 59% – მალაიზიელები, 32% – ჩინელები და სხვა.
ოფიციალური ენა – მალაიზიური.
დედაქალაქი – ქ. კუალალუმპური.
ადმინისტრაციულად იყოფა 13 შტატად და 2 ფედერალურ ტერიტორიად.
მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქიაა. არის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ქვეყანა. სახელმწიფოს მეთაური აირჩევა შტატების სულთანატების მმართველების მიერ. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს 1957 წლის 16 სექტემბერს.
მალაიზია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს კაუჩუკს. განვითარებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (კალა, რკინა, სპილენძი, ქვანახშირი, ნავთობი, ოქრო, ალუმინი, ბოქსიტი და სხვა.)
მსხვილი საზღვაო პორტებია: პინანგი, კუანტანი, კუდატი, ლახუანი, მირი, სიბუ, სანდაკანი, ტავაო, კუ-ჩინგი.
აქვს 5 საერთაშორისო აეროპორტი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 109 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 80 ათ., სამხედრო-საჰაერო 15 ათ. და სამხედრო-საზღვაო 14 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.