კინი ჩარლზ ჯონ
ჩარლზ ჯონ კინი – (ინგლ. Charles John Kean, 1811-1868), ინგლისელი მსახიობი. ედმუნდ კინის ვაჟი.
მისი პირველი როლი გახლდათ ჯონ ჰოუმის(John Home) „დუგლასში“, რომლის პრემიერა 1827 წლის 1 ოქტომბერს „დრური-ლეინის“ თეატრის სცენაზე გაიმართა, სამწუხაროდ, წარუმატებლად. 1828 წელს მან დატოვა ლონდონი და მოღვაწეობდა გლაზგოში, სადაც მამა-შვილმა ერთად ითამაშეს არნოლდ პენის (Arnold Payne) „ბრუტუსში“, უფროსი კინი ბრუტუსის, ხოლო, უმცროსი ტიტუსის როლს ასრულებდა.
1830 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებში გასტროლების შემდეგ, მან პოპულარულობა მოიპოვა. 1833 წელს ჩარლზ კინი კოვენტ-გარდენის სცენაზე ჯორჯ კოლმენ უმცროსის პიესა „რკინის გულმკერდში“ სერ ედმუნდ მორტიმერის „ნიღაბს“ ირგებს და როგორც არტისტი, თეატრის მოყვარულებს საკუთარ თავს ამახსოვრებს.
1838 წელს იგი ბრუნდება დრური-ლეინის თეატრში და შექსპირის „ჰამლეტში“, როგორც ტრაგიკოსი მსახიობი, საოცარ წარმატებას აღწევს.
ჩარლზ კინი ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი გახლდათ. იგი, თავის მეუღლესთან, მსახიობ ელენ თრისთან (Ellen Tree) ერთად, 1845-1947 წლებში, ძირითადად, საგასტროლო ტურნეებში იმყოფებოდა, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. გასტროლებიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ, წარმატებით ჩაება ჰაიმარკეტ თეატრის(Haymarket Theatre) მმართველობაში, ხოლო, 1950 წელს, მსახიობ-მენეჯერ რობერტ კელისთან (Robert Keeley) ერთად, ლონდონის პრინცესას თეატრის (Princess’s Theatre) მოიჯარე გახდა.
ჩარლზ კინი შექსპირის დრამატურგიას სცენაზე ყოველგვარი ინტერპეტირების გარეშე ახორციელებდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩარლზ კინი შექსპირის პიესებში ქალის მთავარი როლის შესრულებისას, ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა მსახიობ ელენ ტერის (Ellen Terry - 1847–1928), რომელიც გახლდათ მელოდრამატული პერსონაჟების უბადლო შემსრულებელი.
1854 წელს მწერალმა ჩარლზ რიდმა სპეციალურად ჩარლზ კინისთვის დაწერა პიესა „ლიონის კურიერი“, რომელიც ვიქტორიანულ პერიოდში, ერთ-ერთ პოპულარულ დრამატურგიულ ნაწარმოებად ითვლებოდა, სწორედ ჩარლზის შესრულების შემდეგ.
სარეჟისორო ხელოვნების განვითარებისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩარლზ კინის შემოქმედებით მოღვაწეობას. მან სახელი გაითქვა სალონური მელოდრამისა და ფრანგული რომანტიკული დრამის შესრულებით. ფრანგული რომანტიკული დრამის ტექნიკას იყენებდა შექსპირისეული როლების შექმნისას. ამ მიმართულებით ზრდიდა იგი თავის მსახიობებსაც.
მისი სარეჟისორო მოღვაწეობა იწყება 1850 წლიდან, როდესაც სათავეში ჩაუდგა „პრინცესას თეატრს“, რომელიც, ფაქტობრივად, სამეფო თეატრს უტოლდებოდა. აქ, 9 წლის განმავლობაში კინმა დადგა შექპირის 17 პიესა, ამასთან, ყოველი სპექტაკლი გამოირჩეოდა დეტალების მართებულობით. მის დადგმებს თანამედროვენი ახასიათებდნენ, როგორც „დაუსრულებელ ცვალებადობას მხატვრული, ტექნიკური და მუსიკალური ეფექტებისა“. დეტალურად ამუშავებდა მასობრივ სცენებს. მასში მონაწილე მსახიობები, პატარა ჯგუფებად იყოფოდნენ, თითოეულ ჯგუფს ჰქონდა მკვეთრად მიცემული ამოცანები, რაც ცხოვრებისეულ შეგრძნებას ქმნიდა. სპექტაკლის ისტორიული და ეთნოგრაფიული მხარე ყოველთვის დამუშავებული იყო ზედმიწევნით. ასე მაგალითად, 1853 წელს „სარდანაპალის“ დადგმისას კინმა გამოიყენა ცოტა ხნის წინ ასირიული დედაქალაქის - ნინევიის არქეოლოგიური გათხრების რეზულტატები, მაყურებელს პროგრამასთან ერთად ურიგდებოდა სპეციალური „არქეოლოგიური ფურცელი“.
ასევე ზედმიწევნით სკრუპულოზურად მუშაობდა შექსპირის პიესების დადგმებზე. მაგალითად, „ვენეციელი ვაჭრის“ დადგმისას, სპეციალურად ვენეციიდან ჩამოიტანეს ნამდვილი გონდოლა. ყველაფერი ეს მხოლოდ მაყურებელზე გათვლილი არ იყო. კინი გახლდათ პირველი რეჟისორი, რომელიც შეეცადა მსახიობისთვის სცენაზე მის გარშემო არსებულის ნამდვილობის შეგრძნება შეექმნა.
ჩარლზ კინმა ინგლისური თეატრისათვის მყარი რეპერტუარის სისტემა შექმნა. ადრე სპექტაკლს რამდენჯერმე თამაშობდნენ, ახლა კი, 100-150-ჯერ, რამაც ხელი შეუწყო სპექტაკლების ანსამბლურობას და დადგმის მაღალმხატვრულ შემოქმედებით ხარისხს
ჩარლზ კინის ექსპერიმენტებს სუსტი მხარეც ჰქონდა. დადგმითი ეფექტები ხშირად უკანა პლანზე სწევდა მსახიობებს, ისინი იშვიათად სცდებოდნენ „კარგ საშუალო დონეს“, ეფექტებისათვის დროის გამოსათავისუფლებლად ძალიან ამოკლებდა შექსპირისეულ ტექსტებს და ა. შ. მაგრამ, სწორედ მათი წყალობით, საფუძველი ჩაეყარა იმ „სარეჟისორო თეატრს“, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ უმაღლეს გამოხატულება/გავითარებას მიაღწია გერმანიაში.
1866 წელს, მსოფლიოს გარშემო ტურიდან დაბრუნებული, ჯანმრთელობაშერყეული ჩარლზ კინი, ხანგრძილივი ავადმყოფობის შედეგად, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.