კიდურწაისრული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალძალის კიდურწაისრული წარწერა

კიდურწაისრული დამწერლობაქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურწაისრული დამწერლობის ასოთა კიდურებში აგრეთვე ასოს ტანის ზოგიერთ სხვა ადგილას და ქარაგმის ხაზებში, ისრის მოყვანილობის პატარა წაწვეტებული სამკუთხედებია დასმული. კიდურწაისრული დამწერლობა გავრცელებული იყო XI ს-ში, თუმცა, გამონაკლისის სახით, იგი XII ს. ორ ჭედურ დამწერლობაშიც გვხვდება (დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვრისა და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის წარწერა). ასევე, დასტურდება XII ს. რამდენიმე ლაპიდარულ წარწერაში: სამთავისის ტაძრის (1156). თიღვის ეკლესიაზე დავით აღმაშენებელის ასულის – თამარის (დაახლ. 1152), ნიკორწმინდის ტაძარზე რატი ერისთავის ასულის ეფემიას წარწერებში, მაგრამ მათი პალეოგრაფიული ნიშნებისათვის კიდურწაისრულობა უკვე აღარ არის ძირითადი მახასიათებელი, განსხვავებით XI ს. წარწერებისაგან. კიდურწაისრული დამწერლობის „გადაგვარებულ სახეობად” მიიჩნევენ აგრეთვე ეტიფანე კათალიკოსის 1218 წარწერას ანისის ქართულ ეკლესიაზე (ი. ჯავახიშვილი). ამ სახის დამწერლობის აღსანიშნავად ი. ჯავახიშვილმა შემოიღო ტერმინი „ტყუპწვეტიანი დამწერლობა“ (1926). ამ დამწერლობით შესრულებული ეპიგრაფიკული ძეგლების აღწერისას ლ. მუსხელიშვილმა გამოიყენა ტერმინი „კიდურისრებიანი” (1942), თუმცა თვითონ მაინც „ტყუპწვეტიანი“ იხმარა, რ. შმერლინგმა კი – „ასოთა ბოლოების სამკუთხედებით გამშვენებილი“ უწოდა (1955), 1970-იანი წლების დასაწყისიდან ტერმინების – „კიდურყვავილოვანის“ და „კიდურწერტილოვანის“ ანალოგიით, აგრეთვე ტერმინთა უნიფიცირების მიზნით, დამკვიდრდა ტერმინი „კიდურწაისრული“ (ვ. სილოგავა, 1972), რომელმაც ფართო გავრცელება პოვა და ამჟამად გამოიყენება ამ სახის დამწერლობის აღსანიშნავად.

კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული წარწერების უძველესი თარიღიანი ნიმუშებია ხცისის ტაძრის (ისტორიული შიდა ქართლი, ხაშურის რ-ნი) წარწერები, რომლებიც სამშენებლო წარწერის თარიღის მიხედვით („ქრონიკონი იყო სკბ). 1002-ითაა დათარიღებული. მათზე ცოტა ადრინდელი ჩანს ერთი წარწერა, მართალია, უთარიღოთ, მაგრამ, მასში მოხსენებული პირების მოღვაწეობის მიხედვით, ზუსტად თარიღდება. ესაა ბაგრატის ტაძრის (ქუთაისი) სამშენებლო წარწერა, ამოკვეთილი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმელთა კამარის ბრტყელ წახნაგზე, რომელშიც მეფე ბაგრატ III დასახელებულია კურაპალატის ტიტულის გარეშე (მიიღო. 1001, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდებ) და ამიტომ წარწერა 973-1001-ით თარიღდება.

ამჟამად ცნობილია კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული 50-მდე წარწერა – ვრცელი, მოკლე ან ფრაგმენტული, მათგან ნახევარი თარიღიანია ან ზუსტად თარიღდება ტექსტის შინაარსით. გარდა უკვე დასახელებულისა, კიდურწაისრული დამწერლობის კარგი ნიმუშებია პატარა ონის, ნიკორწმინდის, სავანის, სვეტიცხოვლის, სამთავისის, მანგლისის, ალავერდის, ჭყონდიდის, კაცხის, ანუხვის, წებელდისა და სხვ. ეკლესიებისა და ტაძრების წარწერები. მათი ქრონოლოგიური ფარგლები X-XI სს. მიჯნიდან XI ს-ის I ნახ-მდე ვრცელდება.

კიდურწაისრული დამწერლობის წარმოშობის ადგილის შესახებ ვარაუდები გამოთქვეს ლ. მუსხელიშვილმა, რომელიც კიდურწაისრული დამწერლობის ჩამოყალიბების ადგილად შიდა ქართლს თვლის, და თ. ბარნაველმა, რომელიც კიდურწაისრული დამწერლობის „აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ხერხად“ მიიჩნევს.

ლ. მუსხელიშვილის ვარაუდი იმ ფაქტს ემყარებოდა, რომ XX ს. 30-40-იანი წლების დასაწყისში უმეტესად ცნობილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული წარწერები. ამასთან, ის ძირითადად შეისწავლიდა შიდა ქართლში კიდურწაისრული დამწერლობის კლასიკურ ნიმუშებს, როგორიცაა სვეტიცხოვლის (მიახლ. 1029) და სამთავისის (1030), ასევე ხცისის ტაძრის (1002) წარწერები. კიდურწაისრული დამწერლობის უძველეს ქრონოლოგიურ ფენებს განეკუთვნება დასავლეთ საქართველოში ბაგრატის ტაძრის ვრცელი სამშენებლო წარწერა (978–-1001); კიდურწაისრული დამწერლობის ძეგლები ცნობილია აფხაზეთში – ანუხვის, წებელდის კანკელის ფილის წარწერები. დასავლეთ საქართველოში რიცხობრივად მეტია კიდურწაისრული დამწერლობით შესრულებული როგორც პირველ ხარისხოვანი, ისე რიგითი ნიმუშები. ამიტომ, მკვლევართა განკარგულებაში არსებული მასალის მიხედვით, უფრო საფუძვლიანი ჩანს ვარაუდი კიდურწაისრული დამწერლობის დასავლეთ საქართველოში, ისტ. აფხაზთა სამეფოში ჩასახვის შესახებ.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ., 1949 (ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3. ნაკვ. I;
  • სილოგავა ვ. კიდურწაისრული დამწერლობა. – იხ. მისი: დასავლეთ საქართველოს X-XVIII სს, ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1972.

იხილე აგრეთვე

თიღვის წარწერა (1152)

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები