თუმანიშვილი მიხეილ (თეატრის რეჟისორი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი – (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, თბილისი), ქართველი თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მრავალი წლის მანძილზე, იგი იყო რეჟისურისა და თეატრალური პედაგოგიკის ერთპიროვნული ლიდერი და ქართულ თეატრში მანამდე არსებულისაგან კონცეპტუალურად განსხვავებული რეჟისორული აზროვნების, სცენაზე მსახიობის თამაშის (მოქმედების) ახალი წესების, სარეჟისორო და სამსახიობო ოსტატობის სწავლების მწყობრ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დამყარებული სისტემის, და ყოველივე აქედან გამომდინარე, ახალი სათეატრო ფილოსოფიისა და ესთეთიკის დამამკვიდრებელი. ის, რაც მან და მისმა მსახიობებმა შეძლეს გასული საუკუნის 1950-70 წლებში რუსთაველის თეატრში დადგმული თავისი საუკეთესო სპექტაკლებით, წარმოადგენდა ნამდვილ რეფორმას ჩვენს თეატრალურ ხელოვნებაში, ამ მოვლენის განმსაზღვრელი უკლებლივ ყველა ნიშანთვისებით.

მიხეილ თუმანიშვილმა, ძალიან რთული ცხოვრებით იცხოვრა. 19 წლის ასაკში, როგორც იმ დროს არსებული ქვეყნის, საბჭოთა კავშირის სამხედროვალდებული მოქალაქე, იძულებითი წესით გახდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ბედმა მარტო ბრძოლა არ აკმარა, მან საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობის ჯოჯოხეთიც გამოიარა, საიდანაც დახვრეტამისჯილმა რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაქცევით უშველა თავს. ამ ყველაფერის შემდეგ ისევ ფრონტი და ბრძოლის დროს მიღებული უმძიმესი ჭრილობის გამო, სამხედრო ჰოსპიტალებში სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე გატარებული თვეები... ჭრილობა იმდენად მძიმე იყო რომ დემობილიზებული იქნა ფრონტიდან.

თბილისში დაბრუნებისთანავე სწავლა დაიწყო თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც პროფესიული გრამატიკა შეისწავლა XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორთან და პედაგოგთან ბატონ გიორგი ტოვსტონოგოვთან, რომლის მიმართაც მადლიერებისა და უდიდესი პატივისცემის გრძნობას მთელი სიცოცხლის მანძილზე ატარებდა.

1949 წელს სწავლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ მიიწვიეს რუსთაველის თეატრში, სადაც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის საუკეთესო წლები გაატარა. ამ დროიდანვე დაიწყო მისი პედაგოგიური პრაქტიკა.

თეატრში მისვლის პირველი დღიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ თუმანიშვილის დამოკიდებულება თეატრის მიმართ იყო რელიგიურ რწმენასთან გათანაბრებული. მის წარმოსახვაში თეატრი წარმოადგენდა ტაძარს, რომლის სივრცეში აგებულ ფიცარნაგზე გათამაშებული სპექტაკლის შემქმნელ რეჟისორსა და მსახიობებს განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ ადამიანების (მაყურებლის) წინაშე. ის ცდილობდა სხვებიც დაერწმუნებია იმაში, რომ თეატრი ადამიანის არსების მთლიანად შთანმთქმელი მოვლენაა. მისთვის, თეატრი იყო საკუთარი სიცოცხლის ნაწილი და არა უბრალოდ სამუშაო და არსებობის საშუალება. ალბათ ამიტომაც, მასთან ურთიერთობა არ იყო ადვილი. მეტად რთული ხასიათი ჰქონდა, რაც, გარკვეულწილად, მის პირად ცხოვრებაში არსებული ურთულესი პრობლემების, პროფესიაში თავისი შემოქმედებითი მრწამსის დასაცავად გადატანილი უმძიმესი ბრძოლების (რაც თეატრალურ სამყაროში როგორც წესი გამოირჩევა გამაოგნებელი დაუნდობლობით) და მის მიმართ არაერთგზის გამოვლენილი უმადურობით მიყენებული ტკივილის შედეგიც იყო.

70-ანი წლების დასაწყისში მიზეზთა და მიზეზთა გამო, ბატონი მიხეილი იძულებული გახდა წამოსულიყო რუსთაველის თეატრიდან. რამდენიმე წლის განმავლობაში მხოლოდ პედეგოგიკით იყო დაკავებული. მერე კი თავისი მეგობრების კაკი დვალიშვილის (რომელიც კინოკომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ) და კინოსტუდია „ქართული-ფილმის“ დირექტორის რეზო ჩხეიძის დახმარებით შექმნა „კინომსახიობთა თეატრი“, რომელიც დღეს უკვე მის სახელს ატარებს. „კინოსტუდია ქართული-ფილმის თეატრალური სახელოსნო“ (ასე ერქვა ამ თეატრს დაარსებისას - 1978 წლის 14 იანვარს) თავიდანვე დაკომპლექტდა მისი სრულიად ახალგაზრდა 21-23 წლის მოწაფეებისგან, დასის შევსება, როგორც წესი, ხდებოდა მისი მორიგი სარეჟისორო-სამსახიობო ჯგუფების საუკეთესო მოწაფეებით, გამონაკლისი იყო მხოლოდ ქალბატონი ლილი იოსელიანის მიერ აღზრდილი მსახიობები, რადგანაც ბატონი მიხეილი და ქალბატონი ლილი თანამოაზრეები იყვნენ მსახიობის აღზრდის მეთოდოლოგიურ საკითხებში.

თავიდან ეს არ იყო სპექტაკლების დადგმისა და შემდეგ მათი მაყურებლის წინაშე წარმოდგენის უწყვეტ რეჟიმში მომუშავე ჩვეულებრივი სარეპერტუარო თეატრი, თუმცა შემდგომ, თანდათანობით ის იქცა ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიულ თეატრად (უნდა აღინიშნოს რომ, ქართული თეატრალური ხელოვნების ნამდვილი საერთაშორისო აღიარება დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, რუსთაველის თეატრის ტრიუმფალური გასტროლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომლის უკვე ახალი ერთპიროვნული ლიდერი ბატონი რობერტ სტურუა და მსახიობთა დასის ბირთვი იყო მიხეილ თუმანიშვილის ყოფილი მოწაფეები და თანამოაზრეები, შემდეგ კი გაგრძელდა მის მიერვე შექმნილი „კინომსახიობთა თეატრის“ სპექტაკლების წარმოდგენით გასტროლებსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში). თავდაპირველი ჩანაფიქრით ის დაარსდა როგორც ერთგვარი თეატრალური-ლაბორატორია, სახელოსნო, სადაც მიმდინარეობდა წმინდა პროფესიული ხასიათის საკითხების პრაქტიკული კვლევა-ძიება მიხეილ თუმანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიური სისტემის მიხედვით (რომელის საფუძველს კ. სტანისლავსკის სისტემა წარმოადგენდა). თვითონ ასე განმარტავდა ამ თეატრალური-ლაბორატორიის საქმიანობის მიზნებს: „... ყოველ ახლად შექმნილ კოლექტივს თავისი მრწამსი უნდა გააჩნდეს... ჩვენი სახელოსნოს მთავარ საქმედ სტუდიურობას მივიჩნევ. თუ სტუდიურობა გაქრება, მაშინ ყველაზე მთავარი დაიკარგება. სტუდიურობა სისტემატური ვარჯიშისათვის ყოველნაირ პირობას ქმნის. ეს კი, ჭეშმარიტი შემოქმედების აუცილებელი პირობაა, ფსიქოლოგიურ ცდამდე დაყვანილი ტრენაჟი სტუდიური ცხოვრების ფუძედ მიმაჩნია... მხოლოდ დაუღალავი ვარჯიშებით შეიძლება შეიძინო მსახიობის ურთულესი ჩვევები, რომლებიც აუცილებელია როლის შესაქმნელად... ჩვენი შემოქმედების მთელი საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის შიგნით არსებული უხილავი ხილულად ვაქციოთ...“

მიხეილ თუმანიშვილის ყოველი რეპეტიცია ძალიან ჰგავდა მაგიურ რიტუალს, რომლის დროსაც მიმდინარეობდა ახალი სიცოცხლის დაბადების ურთულესი პროცესი, ხდებოდა სიტყვის მოქმედებად და მსახიობის პერსონაჟად გარდასახვა. პიესაზე მუშაობას იწყებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰქონდა მკაფიო პასუხი კითხვებზე: „რისთვის, რატომ და როგორ“ უნდა ვაქციოთ ეს პიესა სპექტაკლად! მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მსახიობებთან ერთად ჯადოქრობის მრავალდღიანი რიტუალი, რომლის დროსაც ხდებოდა უკვე მის მიერ შეთხზული ჩონჩხის შემოსვა კუნთოვანი ქსოვილით, სისხლძარღვთა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სხვა ორგანოების ჩამოყალიბება.. „ურჩხული“ თანდათანობით იძენდა თავის სახეს, ივსებოდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გრძნობებით, ვნებებითა და სურვილებით!

მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წელს „ალუბლის ბაღის რეპეციციების“ დროს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


სპექტაკლები

ოპერის თეატრში დადგმული სპექტაკლები

  • „დონ ჟუანი“ 1983,
  • „აბესალომ და ეთერი“ 1986
  • ბალ-მასკარადი“ 1988.

რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლები:

  • „მუდამ მწვანე ქედები“ ვ. კარსანიძე — 1949
  • „დაუვიწყარი 1919 წ.“ ვ. ვიშნევსკი — 1950
  • „ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად“. ფუჩიკი — 1951
  • „შეშლილის წერილები“ ნ. გოგოლი — 1952
  • „ქარიშხლის წინ“ პ. მალიარევსკი — 1952
  • „ესპანელი მღვდელი“ დ. ფლეტჩერი — 1954
  • „ტარლიელ გოლუა“ ლ. ქიაჩელი — 1955
  • „საქმიანი კაცი“ ი. ვაკელი — 1956
  • „ფილოსოფიის დოქტორი ბ. ნუშიჩი — 1956
  • „ამბავი სიყვარულისა“ კ. ბუაჩიძე — 1958
  • „ანგელა“ გ. სევასტიგოგლუ — 1958
  • „როცა ასეთი სიყვარულია“ პ. კოჰოუტი —1959
  • „ირკუტსკის ისტორია“ ა. არბუზოვი — 1960შეშ
  • „ქალთა აჯანყება“ კ. სენდერბიუ — 1960
  • „ზღვის შვილები“ გ. ხუხაშვილი — 1962
  • „სასტუმროს დიასახლისი“ კ. გოლდონი — 1962
  • „ჭინჭრაქა“ გ. ნახუცრიშილი — 1963
  • „მეფე ლირი“ უ. შექსპირი — 1966
  • „გვადი ბიგვა“ ლ. ქიაჩელ — 1966
  • „ანტიგონე“ ჟ. ანუი — 1968
  • „სანამ ურემი გადაბრუნდება“ ო. იოსელიანი — 1969
  • „ფედრა“ ჟ. რასინი — 1969
  • „მიწის შვილები“ ო. იოსელიანი — 1970
  • „ხიდი“ ა. ჩხაიძე — 1970
  • „კოლმეურნის ქორწინება“ პ. კაკაბაძე — 1971
  • „იულიუს კეისარი“ უ. შექსპირი — 1973

კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლები

  • „ესმერალდა“ ლ. ჭელიძე — 1977
  • „საქმე“ ა. სუხოვო-კობილინი — 1979
  • „დონ ჟუანი“ მოლიერი — 1981
  • „ჩვენი პატარა ქალაქი“ ტ. უაილდერი — 1983)
  • „შეშლილის წერილები“ ნ. გოგოლი — 1986
  • „ნატაძრალზე“ ლ. თაბუკაშვილი — 1991
  • „ზაფხულის ღამის სიზმარი“ უ. შექსპირი — 1992
  • „ამფიტრიონ-38“ ჟან ჟიროდუ — 1994

გრიბოედოვის თეატრში დადგმული სპექტაკლები

  • „ხედი ხიდიდან“ ა. მილერი — 1962

მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები

  • „მილიონერის ვიზიტი“ ფ. დიურენმატი — 1975


წყარო

სანამ რეპეტიცია დაიწყება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები