ანუი ჟან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ანუი

ანუი ჟან - (ფრ. ANOUILH JEAN 1910-1987) დრამატურგი და სცენარისტი, XX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგი ჟან ანუი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბორდოში, საშუალო შეძლების ოჯახში. მწერლის მამა მკერავი იყო, დედა - ქალთა ორკესტრის მევიოლინე. ანუი სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იმავდროულად მუშაობდა სარეკლამო აგენტად, მოგვიანებით კი ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის ლუი ჟუვეს მდივნად.

1932 წელს წერს თავის პირველ პიესას „ყარყუმი“ („Humulus le muet“) და ხდება პროფესიონალი დრამატურგი. ორმოცდაათი წლის განმავლობაში შექმნა ორმოცზე მეტი სხვადასხვა ჟანრის პიესა: ტრაგედიები, ყოფითი დრამები, სატირული გროტესკები და მსუბუქი კომედიები. მალე იგი თანამედროვე ფრანგული თეატრის ერთ-ერთ კლასიკოსად იქცა, რომელიც დიდი წარმატებით იყენებდა დრამატული ჟანრის ყველა სახეობას - ტრაგედიიდან ფარსამდე და ვოდევილამდე. ფრანგული თეატრის თითქმის ყველა სეზონში იდგმება ანუის პიესები, რომლებიც ათობით ენაზეა თარგმნილი. ეს პიესები მრავალ ქვეყანაში დაიდგა, მათ შორის საქართველოშიც. პიესებს გარდა ანუი წერდა სცენარებს და რეჟისორობდა კიდეც.

ანუი სცენის კანონების ბრწყინვალე მცოდნე, დახვეწილი გემოვნების ოსტატია. ინტრიგის ოსტატი მაყურებელს მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს. 20-იან წლებში ლუი ჟუვესთან მუშაობის შემდეგ 30-იან წლებში ჟორჟ პიტოევთან და ანდრე ბარსაკთან თანამშრომლობდა.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში მისთვის ახლობელი იყო ეგზისტენციალიზმის ესთეტიკა. შავ და ვარდისფერ პიესებში, როგორც თავის დრამატულ კრებულებს უწოდებდა, წინა პლანზე დგას ადამიანის არსებობა აბსურდულ სამყაროში. რომანტიკული შეყვარებული წყვილი უზნეო, მახინჯი სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება („ქურდების ნადიმი“ - „Le Bal des voleurs“, 1938; „იყო და არა იყო რა“ , 1935; „მგზავრი ბარგის გარეშე“ - „Le Voyageur sans bagage“ , 1938; „ველური ქალი“ - „La Sauvage“, 1938; „ევრიდიკე“ - „Eurydice“, 1942). იმის შიშით, რომ გარშემო მყოფთ არ დაემსგავსონ, გაქცევით შველიან თავს და სიკვდილის ფასად ინარჩუნებენ სიყვარულს. ანუის ყველაზე ცნობილი გმირები ანტიგონე (პიესა დაიწერა 1942 წელს ფაშისტური ოკუპაციის დროს) და ჟანნა დ’არკი („ტოროლა“ - „L’Alouette“, 1953) წინ აღუდგებიან ტირანიას, მცდარ მცნებებს, სახელმწიფო ინტერესებს, ისტორიულ წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას და მთელ სამყაროს მარტონი უპირისპირდებიან.

თანდათანობით ანუი გმირი-მეამბოხის იდეალის რწმენას კარგავს. რომანტიკული პერსონაჟები ირონიულ, კომედიურ შეფერილობას იძენენ („ვახშამი სანლისში“ – „Le Rendez-vous de Senlis“, 1941; „მედეა“ – „Médée“, 1953; „თომას ბეკეტი ანუ ღმერთის დიდება“ – „Becket ou l’Honneur de Dieu“, 1959). მთავარი გმირი ხდება გულკეთილი ცინიკოსი, იღბლიანი ლიტერატორი („ორნიფლი ანუ ორპირი ნიავი“ – „Ornifle ou le Courant d’air“, 1955). პიესებში ანუი იყენებს ხერხს „თეატრი თეატრში“ („ძვირფასი ანტუანი ანუ გაცრუებული სიყვარული“ – „Cher Antoine ou l’Amour raté “, 1969; „არ გააღვიძოთ ქალბატონი“ – „Ne réveillez pas Madame“, 1970; „ოპერის დირექტორი“ – „Le Directeur de l’Opéra“, 1972). პიესებში სულ უფრო მეტად აისახება ავტობიოგრაფიული ხასიათის თემები. ეკლიან კომედიებში „ახირებული“ - „L’Hurluberlu ou le Réactionnaire amoureux“ (1959), „წაგლეჯა“ – „La Foire d’empoigne“ (1962), „ოქროს თევზები“ – „Les Poissons rouges ou Mon père ce héros“ (1970) და სხვ. დრამატურგი წარმოგვიდგენს დასაბამიდან დღემდე თაობათა შორის არსებულ კონფლიქტს, გვიჩვენებს უაზრო და უპერსპექტივო პოლიტიკურ ბრძოლას, გვიხატავს ისტორიულ პროცესს, როგორც შეცდომათა და დანაშაულთა უსასრულო განმეორებას.

ანუი ერთ-ერთ ბოლო პიესაში „ჭიპი“ – „Le Nombril“ (1981) გვიხატავს უნიჭო ადამიანებით გარშემორტყმულ შემოქმედს. პიესის გმირი ცნობილი დრამატურგია, „ბულვარული თეატრების“ მეფე, რომელსაც სურს მუშაობა, მას კი ნაწილებად გლეჯენ ნათესავები, ცოლები, საყვარლები, „მეგობრები“. მისგან ყველა მხოლოდ ერთს მოითხოვს - ფულს! ამ ადამიანებს ის კუბოშიც ვერ ემალება. პიესა სავსეა სასიყვარულო ისტორიებით, კომიკური გაუგებრობებით, მოულოდნელი სიტუაციებით, საქილიკო არეულობით. ანუი ბრწყინვალედ იყენებს საუკუნეთა მანძილზე გამოცდილი ფარსის ხერხთა არსენალს.

ანუი მთელ რიგ პიესებში, რომლებიც მისი შემოქმედების ეგზისტენციალისტურ დრამებს მიეკუთვნება, მიმართავს მითს, ცდილობს მითოლოგიური სიუჟეტის ფარგლებში შექმნას ცხოვრების ზედროული მოდელი, პარადიგმა. ამ კუთხით, როგორც სარტრი აღნიშნავდა, ისიც თანამედროვე მითმთხზველთა, „მითის მჭედელთა“ რიცხვშია.

ჟან ანუი გარდაიცვალა 1987 წელს.

გამოცემები ქართულ ენაზე
  • სარდაფი: [ფრანგი მწერლის პიესა ორ-მოქმედებად] / ჟ. ანუი; თარგმ. თ. გოდერძიშვილი. საბჭოთა ხელოვნება 1978, N12, გვ.92-109
  • ტოროლა: [ფრანგი დრამატურგის პიესა] / ჟ. ანუი; თარგმ.: გ. აბაშიძისა. ცისკარი. თბილისი, 1965. N11, გვ. 77-107
  • ქურდების მეჯლისი: [პიესა] / ჟ. ანუი; თარგმ. დ. კახაბერმა. ხელოვნება თბილისი, 2000. N1-2, გვ.83-127
  • ანტიგონე / ფრანგ. თარგმნა და წინასიტყვ. დაურთო ი. ბაჩიაშვილმა ; მედეა. [პიესები].თბ.: საბჭ. საქართველო, 1969.
  • ანტიგონე: [პიესა] / (თარგმნა თ. და ო. ჭილაძეებისა); საქართველოს თეატრ. საზ-ბა. თბ.: ხელოვნება, 1972.
  • ანტიგონე; ტოროლა: [პიესები / თარგმ. ი. ბაჩიაშვილმა და გრ. აბაშიძემ ; წინასიტყვ. ავტ. ი. ბაჩიაშვილი].
  • ორკესტრი: ერთმოქმედებიანი პიესა / თარგმნა ლ. გველესიანმა; საქ. სსრ კულტ. სამინისტროს კულტსაგანმანათლ. დაწესებულებების საქმეთა სამმართველოს სარეპერტუარო სარედ. კოლეგია. ხალხური შემოქმედებისა და კულტსაგანმანათლ. მუშაობის რესპ. სამეც. მეთოდ. ცენტრი. მსოფლიოს ხალხთა დრამატურგია
  • თომას ბეკეტი ანუ ღმერთის დიდება = Becket ou I'honneur de Dieu / ჟან ანუი; ფრანგ. თარგმნა ლეილა კაკაბაძემ; [რედ. დალი გერმანიშვილი; ყდა მარიამ ებრალიძე]. თბ., 2009.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები