სარტრი ჟან-პოლ
სარტრი ჟან-პოლ - (ფრ. SARTRE JEAN-PAUL. 1905 - 1980) XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, მწერალი, ლიტერატურუს კრიტიკოსი და პედაგოგი.
ჟან-პოლ სარტრი 1905 წელს დაიბადა. სწავლობდა უმაღლეს სკოლაში. 1929 წლიდან ფილოსოფიას ასწავლის ჰავრსა და ლიონში, შემდეგ კი პარიზში. 1933-1934 წლებში მუშაობდა ბერლის ფრანგულ ინსტიტუტში ჰუსერლის ფენომენოლოგიაზე.
1936 წელს გამოაქვეყნა პირველი სერიოზული ფილოსოფიური ნაშრომი „წარმოსახვა“ („L’Imagination“), რომელშიც უკვე განიხილავდა მთელ რიგ იდეებს, რომლებიც მოგვიანებით ერთიან, სრულყოფილ ეგზისტენციალისტურ კონცეფციად ჩამოყალიბდა. 1940 წელს ეს ნაშრომი მსგავს თემაზე შეივსო კიდევ ერთი ესსეთი: „წარმოსახვითი“ („L’Imaginaire“).
1939 წელს სარტრი წერს: „მონახაზი ემოციათა თეორიისათვის“ („Esquisse d’une Théorie des Émotions“), რომელშიც ცდილობს დაასაბუთოს მთელი რიგი ონტოლოგიური დებულებანი ათეისტური ეგზისტენციალიზმისა და ფსიქოლოგიური ანალიზის საშუალებით.
სარტრი არ კმაყოფილდება მხოლოდ ფილოსოფიური ტრაქტატების შექმნით და მიმართავს მხატვრულ შემოქმედებასაც, რაც საშუალებას აძლევს უფრო რელიეფურად და დამაჯერებლად გამოხატოს ზოგიერთი თეორიული დებულება.
1938 წელს გამოდის მისი რომანი „გულისრევა“ („La Nausée“), ხოლო 1939 წელს - კრებული „კედელი“ („Le Mur“), რამაც აღიარება მოუტანა.
1943 წელს სარტრი აქვეყნებს თავის მთავარ ფილოსოფიურ ნაწარმოებს - ტრაქტატს „ყოფიერება და არარაობა“ („L’Être et le Néant“). ამ ნაშრომში სარტრი თავისი ფილოსოფიური და მხატვრული შემოქმედების ძირითად იდეას აყალიბებს: გარემოცვა, ყოფიერების სამყარო - ეს ის სამყაროა, რომელიც თავისი საკუთარი, შეუქცევადი და მკაცრი კანონებით ვითარდება: მხოლოდ ადამიანს შეუძლია შემოიტანოს ამ სამყაროში განხეთქილება; არარაობა, რომელიც თავის თავში ატარებს განუსაზღვრელი მომავლის, თავისუფლების მარცვალს - გახსნილს ახალი, სარისკო წამოწყებისადმი. ამით ადამიანის გარშემო არსებული სინამდვილე გადაიქცევა სიტუაციად, რომელშიც იხსნება სუბიექტის მოქმედება და პასუხისმგებლობა. სარტრის დრამატურგიაში სწორედ მსგავსმა კონცეფციებმა ჰპოვეს ასახვა პიესებში:
- „ბუზები“ („Les Mouches“, 1943);
- „დახურულ კარს მიღმა“ („Huis clos“, 1944);
- „მიცვალებულნი დაუმარხავად“ („Morts sans sépulture“, 1946);
- „პატივცემული კახპა“ („La Putain respectueuse“, 1946);
- „ჭუჭყიანი ხელები“ („Les Mains sales“, 1948);
- „ეშმაკი და უფალი ღმერთი“ („Le Diable et le Bon Dieu“, 1951);
- „ნეკრასოვი“ („Nekrassov“, 1955);
- „ალტორნის ტუსაღები“ („Les Séquestres d’Altona“, 1959).
1945 წლიდან სარტრი გამოსცემს პროზაულ ტრილოგიას „თავისუფლების გზები“ („Les Chemins de la Liberté“), „დავაჟკაცების ასაკი, გადავადება და სიკვდილი სულში“ (1951). დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა სტატიებმა და ესეებმა ლიტერატურისა და ფილოსოფიის პრობლემებზე, რომლებიც გაერთიანებული იყო კრებულებში „სიტუაციები“ („Situations“), ასევე ლიტერატურულ-კრიტიკული გამოკვლევები ბოდლერზე, ფლობერსა და ჟან ჟენეზე. 1960 წელს გამოდის „დიალექტიკური გონების კრიტიკისათვის“ („Critique de la Raison dialectique“) I ტომი, რომელშიც სარტრი ცდილობს დაასაბუთოს მარქსისტული დიალექტიკა ეგზისტენციალისტური იდეებისა და მეთოდების საშუალებით. დაპირებული მეორე ტომი აღარ შექმნილა. სიცოცხლის ბოლო წლებში სარტრი ახლოს იყო მემარცხენე, პროკომუნისტურ, მაოისტურ მოძრაობებთანაც კი საფრანგეთში.
სარტრი გარდაიცვალა პარიზში 1980 წელს.
გამოცემები ქართულ ენაზე
- გულისრევა = La Nausee: [რომანი] / ჟან-პოლ სარტრი; ფრანგ. თარგმნა თინათინ ღარიბაშვილმა; რედ. ელისაბედ ჯიჯავაძე; წინასიტყვ. ნანა ჩაჩუა; ყდის დიზაინი მარიამ ჭკადუა. - თბილისი: ალეფი, 2014 (ს.ს. ემ-პი-ჯი). - 346 გვ.; 20 სმ.
- საწოლი ოთახი: [მოთხრობა] / ჟ. სარტრი; ფრანგ. თარგმ. ბოლოსიტყვ. და შენიშვ. დაურთო გ. შურღაიამ // ცისკარი. - თბილისი, 2001. - N1. - გვ.98-112
- საწოლი ოთახი: [მოთხრობა] / ჟან-პოლ სარტრი // ცისკარი. - 2002. - N1. - გვ.98-112
- ჰეროსტრატე: [მოთხრობა] / ჟ. სარტრი; ფრანგ. თარგმ. ნ. ამაღლობელმა // საუნჯე. - 2002. - N3-4. - გვ.98-110
- ჰეროსტრატე: [მოთხრობა] / ჟან-პოლ სარტრი; ფრანგ. თარგმ. გ. შურღაიამ // ცისკარი. - 2002. - N6-7. - გვ.89-95
- სიტყვები: [ავტობიოგრაფიული მოთხრობა] / თარგმ. ფრანგ. და წინასიტყვ. კ. მარჯანიშვილისა და გ. ბუაჩიძისა // მნათობი. - თბილისი, 1965. N6, 7, 8
- ოთახი: [მოთხრობა] / ჟ.-პ. სარტრი; თარგმ. რ. დოდაშვილისა // ხომლი: უცხოური ლიტერატურის ალმანახი. - თბილისი, 1969. - N3.
- კედელი: [მოთხრობა] / ჟ-ჰ. სარტრი; თარგმნა ფრანგულიდან ნ. იორდანიშვილმა // აფრა. - თბილისი, 1999. - N7. - გვ.171-183
- ინტიმურობა: ნოველა / ჟან-პოლ სარტრი ; ფრანგულიდან თარგმნა გაგა შურღაიამ; მხატვარი ბადრი გაგნიძე // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2006.
- ბუზები; ცხრაკლიტული: [პიესები / მთარგმნ.: მზია ბაქრაძე და გიორგი ეკიზაშვილი ; მხატვ.: თენგიზ მირზაშვილი]. - [თბ., 2000]. - 124გვ.; 20სმ.
- ბუზები; ცხრაკლიტული; ეშმაკი და უფალი ღმერთი = Les mouches ; Huis clos ; Le diable et le bon dieu : [პიესები / მთარგმნ.: მზია ბაქრაძე, გიორგი ეკიზაშვილი; მხატვ.: თენგიზ მირზაშვილი]. - თბ.: ჯისიაი, 2002. - 273 გვ.; 20 სმ.
- სარკის მეორე მხარე / ფრანგ. თარგმნა სიბილა გელაძემ. - თბ. : ლომისი, 1993. - 112 გვ. ; 10 სმ.. - (ფიქრები: რჩეულთა ბიბლიოთეკა / გივი ალხაზიშვილისა და როსტომ ჩხეიძის რედ.;
- რისთვის ვწერთ? [წიგნიდან "რა არის ლიტერატურა"] / ჟ. სარტრი ; ფრანგ. თარგმ. გ. ეკიზაშვილმა.
- სტალინგრადის გაკვეთილი / ჟ. სარტრი // დროშა. - 1955. - N11. - გვ.4
- უცხოს" განმარტება: [ა. კამიუს მოთხრობის შესახებ] / ჟ. სარტრი; ფრანგ. თარგმ. ს. გელაძემ // საუნჯე. - 1991. - N3. - გვ.304-313
- "ბოროტების ყვავილების" წინასიტყვაობა: [ნაწყვეტი წიგნიდან "ბოდლერი"] / ჟ. პ. სარტრი; ს.ბენდიაშვილისა და მ. ქაჯაიას თარგმანი.
- ორი ბარათი სიმონა დე ბოვუარს / ჟან-პოლ სარტრი; თარგმნა გ. ნიჟარაძემ // კრიტიკა. - 1991. - N2. - გვ.156-158
- ვლადიმერ ნაბოკოვი: "შეცდომა" : [ესსე] / ჟ. პ. სარტრი; ფრანგ. თარგმ. ს. გელაძემ // ლაშარი. - თბილისი, 1991. - N2. - გვ.76-77
- დრო ფოლკლორის "ხმაურსა და მძვინვარებაში" : [წიგნიდან: "კრიტიკის სამი დეკადა", 1960] / ჟან-პოლ სარტრი.
- ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია = L'existentialisme est un humanisme /ჟან-პოლ სარტრი; თარგმნა ნატო მთივლიშვილმა. - [თბ.: ჯეოპრინტი, 2006]. 83 გვ.;
- სიტუაციების თეატრისათვის / ჟ.პ. სარტრი // კრიტიკა. - 1991. - N2. - გვ.154-155
- მწერლობა სიკეთისათვის ბრძოლაა : ["კომუნისტის" ინტერვიუ ფრანგ მწერალთან] / ჟან პოლ სარტრი.
- მხოლოდ ერთი გრძნობა: [სტალინგრადის ბრძოლის ეპიზოდები ჟურნალიდან "ფრანს-ურსს"] / ჟან-პოლ სარტრი. ლიტერატურული გაზეთი თბილისი, 1960. 1 აპრილი
- "ჩვენი ძალა უკონტროლო სტიქიურობას ეყრდნობა": პარიზი - 1968-2008 / დანიელ კონ-ბენდიტი, ჟან პოლ სარტრი. ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი თბილისი, 2008. ივნისი, N15, გვ.17-18