გოლდონი კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო გოლდონი

კარლო გოლდონი – (იტალ. Carlo Goldoni, 1707-1793), იტალიელი დრამატურგი, იტალიური თეატრის რეფორმატორი. დაწერა 267 პიესა, მათ შორის 155 კომედია, 18 ტრაგედია და ტრაგიკომედია, 94 საოპერო ლიბრეტო.

მისი შემოქმედება იყოფა ოთხ პერიოდად. მამის დაჟინებული მოთხოვნით, მან დასაწყისში უარი თქვა დრამატურგიულ მოღვაწეობაზე და მუშაობდა ადვოკატად. ამავე პერიოდში ქმნიდა პატარა პიესებს და ინტერმედიებს, ლიბრეტოებს სერიოზული და კომიკური ოპერებისათვის. განაახლა, აგრეთვე, ძველი ავტორების ტრაგედიები და ტრაგი-კომედიები. იგი თავის ძალებს ცდიდა სხვადასხვა ჟანრში, მათ შორის, კომედია დელ’არტეშიც („ტრუფალდინოს 32 უბედურება“, „კრიტიკული ღამე, ანუ 104 შემთხვევა ერთ ღამეში“). ამავე ხანაში მან ჩაიფიქრა იტალიური სცენის რეფორმა ლიტერატურული კომედიის და ინდივიდუალიზებული ხასიათების შექმნის გზით („მაღალი წრის ადამიანი“, „მფლანგველი“, „ბანკროტი“, „ქალური ქალი“. 1743 წ. იგი ვენეციიდან გადადის პიზაში, სადაც ცნობილ მსახიობ-იმპროვიზატორ საკისაგან მოსდის თხოვნის წერილი დაუწეროს კიდევ ორი სცენარი. ასე შეიქმნა „ორი ბატონის მსახური“ და „არლეკინის დაკარგული და კვლავ შეძენილი შვი₠ლი“. რამდენიმე წლის შემდეგ, პირველი სცენარიდან იგი ქმნის ლიტერატურულ კომედიას.

1747 წ. ანტრეპრენიორ მედებაკის მოწვევით, იგი ხდება პროფესიონალი დრამატურგი. ამ წლებში იგი ამთავრებს დაწყებულ რეფორმას. პიესებით „ეშმაკი ქვრივი“ და „პატიოსანი ქალიშვილი“, მან საფუძველი ჩაუყარა ორ ჟანრს ყოფით კომედიას ბურჟუაზიის და ხალხის ცხოვრებიდან. 1750-51 წწ. სეზონში მისი შემოქმედება აღწევს აპოგეას. იგი წერს 16 საუკეთესო ახალ კომედიას, რომელთა შორისაა „ყავის სახლი“, „ანტიკვარის ოჯახი“, „პამელა“, „ჭეშმარიტი მეგობარი“, „პატიოსანი ავანტიურისტი“, „დედაკაცების ჭორები“. მომდევნო წლებში მან დაწერა „მემამულე“, „შეყვარებული მოსამსახურე“, „შინაური უთანხმოებანი“, „სასტუმროს დიასახლისი“, „ცნობისმოყვარე ქალები“. ანტრეპრენიორთან უთანხმოების გამო იგი გადადის თეატრში „სან-ლუკა“. მისი მესამე პერიოდი ხასიათდება ჟანრული მრავალფეროვნებით. ამ წლებში იგი წერს კომედიებს ხალხის ცხოვრებიდან: „მზარეული ქალი“, „გზაჯვარედინი“, „ახალი ბინა“, „თავნება“, „სინიორი ტოდერო-ბრიუზგა“, „კიოჯინური შეხლა-შემოხლა“. ამ პიესებში იგი ავიდა რეალიზმის ისეთ საფეხურზე, რომლის ბადალი არ იყო მთელს ევროპაში. ამას მოჰყვა კ. გოცის თავდასხმები მის ნაწარმოებებზე, რომელმაც აღადგინა კომედია დელ’არტეს ნიღბები თავის პიესა-ზღაპრებში. განაწყენებული ვენეციელ მაყურებელზე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გოცის, იგი ტოვებს იტალიას და თანხმდება მიწვევას პარიზის თეატრში „კომედი იტალიენი“. აქედან იწყება მისი შემოქმედების მე-4 პერიოდი. აქ იგი წერს რამდენიმე პიესას და კომიკურ ოპერას სხვადასხვა თეატრების დაკვეთით, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია „მარაო“ და „ბუზღუნა კეთილისმყოფელი“ (ორივე ფრანგულ ენაზე). ბოლო წლებში მან შექმნა „მემუარები“, რომელიც იქცა ფასდაუდებელ წყაროდ იტალიური და ფრანგული თეატრის შესწავლის თვალსაზრისით.

გოლდონის შემოქმედება საქართველოში

კარლო გოლდონის შემოქმედება საქართველოში XIX ს. მიწურულს გახდა ცნობილი პიესით „ბუზღუნა კეთილისმყოფელი“, რომელიც 1879 იტალიურიდან თარგმნა ი. მაჩაბელმა. პიესა მაშინვე დადგა ქართულმა დრამატულმა მუდმივმა დასმა სათაურით: „როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს“.

განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ თემაზე დაწერილი პიესა „მშვენიერი ქართველი ქალი“, რომელიც პირველად 1761 ვენეციაში, სან ლუკას თეატრის სცენაზე დაიდგა, ხოლო მეორედ – თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1981 (დამდგმელი რეჟისორი ა. ვარსიმაშვილი). ეს დადგმა და პიესის იმავე წელს გამოცემული თარგმანი (იტალიურ – ქართული პარალელური ტექსტი, თარგმანი და წინასიტყვაობა ზ. სტურუასი) მიეძღვნა გოლდონის დაბადებიდან 275 წლისთავს.

ქართულ სცენაზე გოლდონის არაერთი პიესა დაიდგა, აღსანიშნავია „ორი ბატონის მსახური“ (1946, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი; 1970, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი), „სასტუმროს დიასახლისი“ (1952, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი), „საპატარძლო აფიშით“ (1942, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი) და სხვ. მისი პიესები დაიდგა აგრეთვე ბათუმის, გორის, ხაშურის, ჭიათურის თეატრებში.

ქართულად თარგმნილია გოლდონის მრავალი ნაწარმოები, ზოგი მათგანი რამდენჯერმე თარგმნა სხვადასხვა მთარგმნელმა. პიესებს თარგმნიდნენ ი. გრიშაშვილი, გოლა (გ. მუმლაძე), ა. ფრონისპირელი, დ. კასრაძე, გ. ყალაბეგიშვილი, ა. ფაღავა და სხვ. 1903 პ. უმიკაშვილმა თარგმნა იტალიელი დრამატურგ პ. ფერარის პიესა „გოლდონი და მისი ახალი 16 კომედია“. შ. დადიანმა 1930 გოლდონის პიესა „ცნობისმოყვარენის“ მიხედვით დაწერა ორიგინალური პიესა „ცის, ბრის“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები