ექვსეული (კომპოზიტორების ჯგუფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: დ. მიიო. ჟ. ორიკი. ჟ. ტაიფერი. ფ. პულენკი, ლ. დიურეი. როიალთან – ი. ონეგერი

„ექვსეული“ – (ფრანგ. Les Six), ახალგაზრდა კომპოზიტორთა გაერთიანება 1910-იანი წლების ბოლოს და 1920-იანი წლების დასაწყისში პარიზში.

XX საუკუნის პირველი ნახევრის საფრანგეთის მუსიკალური კულტურა მხატვრულ მიმართულებათა მრავალფეროვნებით ხასიათდებოდა. იმპრესიონიზმი შეცვალა ნეოკლასიციზმმა, ფოვიზმა, კუბიზმმა და სხვა მხატვრულ–ესთეტიკურმა მიმართულებებმა; ჩამოყალიბდა სხვადასხვაგვარი დაჯგუფებები და შეიქმნა მანიფესტები. ხელოვნების განახლების მთავარი „მედროშე“ ომისშემდგომ პარიზში ახალგაზრდა მუსიკოსთა დაჯგუფება იყო, რომელიც მსოფლიო მუსიკის ისტორიაში „ექვსეულის“ სახელით შევიდა. ამ ჯგუფის წევრები იყვნენ: დარიუს მიიო, არტურ ონეგერი, ჟორჟ ორიკი, ფრანსის პულენკი, ლუი დიურეი და ჟერმენა ტაიფერი, ხოლო სულისჩამდგმელი და იდეოლოგი იყო პოეტი, პუბლიცისტი, დრამატურგი, სცენარისტი, მხატვარი და მოყვარული მუსიკოსი ჟან კოკტო, რომელმაც 1918 წელს შექმნა მანიფესტი „მამალი და არლეკინი“. სწორედ ეს მანიფესტი აღმოჩნდა იმ ახალი თაობის კომპოზიტორთა შემოქმედებითი პრინციპების დეკლარაცია, რომელთა იდეალები ომისშემდგომ, რაციონალიზმის ხანაში, საყოველთაო შენების და პრაგმატიზმის ეპოქაში ყალიბდებოდა.

„ექვსეულის“ მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპები

„ექვსეულის“ წევრებს თავდაპირველად მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა და, როგორც ფ. პულენკი წერდა: „ჩვენ თანდათანობით ჩამოგვიყალიბდა საერთო იდეები, რომლებმაც მჭიდროდ დაგვაკავშირა ერთმანეთთან, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა – ყოველივე ბუნდოვანის უარყოფა, მელოდიის და კონტრაპუნქტის დაბრუნება, სწრაფვა უბრალოების და მკაფიოობისკენ. შემდგომ, სატის და კოკტოს გავლენით, ბრაზილიიდან დაბრუნებულ მიიოსთან ერთად, გავერთიანდით <.> ჩვენ მაშინ ექვსნი ვიყავით, მაგრამ არასოდეს დაგვითვლია რაოდენობა. ეს ანრი კოლემ გააკეთა და „ექვსეული“ გვიწოდა“.

„ექვსეულის“ წევრთათვის პრინციპულად მიუღებელი იყო იმპრესიონიზმი, მისი ესთეტიკა და ტექნიკა. 1918 წელს კოკტოს მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში, ახალი ხელოვნების ესთეტიკურ ტრაქტატში „მამალი და არლეკინი“ იგი მოუწოდებდა ახალგაზრდა კომპოზიტორებს ჯანსაღი, აგრესიული, ცხადი და უხეში ხელოვნების შექმნისკენ და მუსიკაში ამგვარი ხელოვნების ბელადად ერიკ სატის მიიჩნევდა.

არანაკლებ მძაფრი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ, ასევე, საფრანგეთში მომრავლებული ვაგნერიანელებისადმი. „ექვსეულის“ წევრებს მიაჩნდათ, რომ ვაგნერის მუსიკის ესთეტიკა უცხო და მიუღებელია ფრანგული კულტურისთვის.

„ექვსეული“ და ჟან კოკტო

საწყის ეტაპზე, ახალგაზრდა ფრანგი კომპოზიტორები მისაღებად მხოლოდ ორი კომპოზიტორის შემოქმედებით გამოცდილებას მიიჩნევდნენ – იგორ სტრავინსკის და ერიკ სატის, რადგან მათთან ხედავდნენ სიახლის იმ ხარისხს და ტიპს, რომელსაც თავადაც აღიარებდნენ. განსაკუთრებულ აღტაცებას გამოთქვამდნენ სტრავინსკის ბალეტისსაღვთო გაზაფხულის“, მისი პირველქმნილი ბარბაროსული სულის სიდიადის, საოცარი ენერგიის და უჩვეულო მუსიკალური ენის და გამომსახველი ხერხების მთელი სისტემის მისამართით. რაც შეეხება სატის, ცხადია, სტრავინსკის გვერდით ამ კომპოზიტორის დაყენება საკმაოდ ძნელია, ვინაიდან მისი ფიგურა, რბილად რომ ვთქვათ, უფრო მოკრძალებულია, მაგრამ მისი იდეების გავლენა „ექვსეულზე“ ძალზე დიდი იყო. სატი იზიდავდა ახალგაზრდებს უკომპრომისობით, ჩანაფიქრების ნოვატორულობით, ენის ხაზგასმული უბრალოებით. კოკტოს მიერ დეკლარირებული „მიწიერი, ყოველდღიური მუსიკის“ იდეა სწორედ მასთან იყო სრულად რეალიზებული. აქედანვე გაჩნდა ინტერესი ჯაზის და მიუზიკ-ჰოლის, ცირკის და აღლუმების მიმართ. „ექვსეულის“ ინტერესის საგანი იყო, აგრეთვე, დიდი ქალაქის ტემპი, მისი ხმაური და მანქანების სამყარო. ამ გატაცების შედეგია მუსიკაში სპორტის და მანქანების კულტის დანერგვა. ამ და სხვა მსგავსი ლოზუნგების საპასუხოდ იწერება: მიიოს „სასოფლო სამეურნეო მანქანების კატალოგი“, პულენკის „მოძრაობები“ და „გასეირნებები“ ონეგერის „რაბბი“ და „პასიფიკ 231“ არანაკლები იყო „ექვსეულის“ ინტერესი მუსიკალური თეატრისადმი, მაგრამ არა მისი ტრადიციული ჟანრების, არამედ ფარსის და ბუფონადასადმი. ამ მხრივ აღსანიშნავია, ე. სატის ბალეტი „აღლუმი“, „ექვსეულის“ ერთობლივი ნაწარმოები „ახალდაქორწინებულები ეიფელის კოკზე“, მიიოს ბალეტები: „ხარი სახურავზე“, „სალათი“, „სამყაროს შექმნა“ და სხე.

ამგვარად, „ექვსეულის“ წევრები შემოქმედებაში უპირატესობას ანიჭებდნენ უბრალოებას და სიცხადეს. მათთვის მუსიკაში უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენდა მელოდია, მაგრამ არა რომანტიზმისთვის ტიპური ვრცელი მელოდია, რომელიც ინტენსიურ განვითარებას შეიცავს თავის თავში, არამედ მოკლე, მკაფიო მელოდიური ფორმულები, ზოგჯერ ტრივიალურიც კი, რომელიც ზუსტად მიუთითებს კონკრეტულ პირველწყაროს – საყოფაცხოვრებო ცეკვას ან სიმღერას, მეტყველების ინტონაციას. მელოდიური აზროვნების პრიმატმა და მრავალი მხატვრული სახის ერთდროული ჩვენებისკენ სწრაფვამ გამოიწვია ფაქტურის ლინეარულობა, რამდენიმე მელოდიური ხაზის ერთდროული და დამოუკიდებელი განვითარება, რაც ვერტიკალის ხაზგასმულ სიმკვეთრეს და დისონირებულობას ქმნის. მუსიკალური განვითარების ამ ხერხის გამოყენებამ „ექვსეულის“ წევრთა შემოქმედებაში სხვადასხვაგვარი პოლი-მოვლენები გამოიწვია, კერძოდ პოლიტონალობა, პოლიკილოობა, პოლიფუნქციონალობა. საწყის ეტაპზე ჯგუფის წევრთა უმრავლესობა (ონეგერის გარდა) უარყოფს მუსიკალურ განვითარებას ტრადიციული გაგებით და უპირატესობას მუსიკალური აზრის გადმოცემის ექსპოზიციურ ტიპს ანიჭებს, რის გამოც მათი ნაწარმოებების უმეტესობაში ან მხოლოდ ერთი მხატვრული სახეა წარმოდგენილი, ან, თუ რამდენიმე, მოცემულია განსხვავებულ სახეთა თანმიმდევრობა ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე. ამგვარი აზროვნების ტიპის ბუნებრივი შედეგია ინტერესი მინიატიურის, ციკლის, სიუიტის ჟანრების მიმართ. ტრადიციული ჟანრებიდან გვხვდება უკიდურესად სქემატიზებული სონატინები, Concerto grosso და სხვ. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ „ექვსეულის“ წევრებს აერთიანებს მსგავსი დამოკიდებულება ორკესტრის მიმართ. კერძოდ, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება სოლისტთა მცირერიცხოვან ანსამბლებს, აქცენტი კეთდება ჩასაბერებზე (ჯაზიდან მომდინარე თავისებურება), ან მონოტემბრულ ორკესტრებზე (მაგალითად, მხოლოდ სიმებიანები ან მხოლოდ ჩასაბერები).

ამგვარად, 1917-22 წლებში ფრანგული „ექვსეული“ ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული შემოქმედებითი გაერთიანება, რომლის წევრთა შემოქმედებაც, მეტ-ნაკლებად გამოკვეთილ ინდივიდუალობასთან ერთად, საერთო თვისებებითაც ხასიათდება. უმთავრესად ეს ეხება საერთო ესთეტიკურ პოზიციას, გარკვეულ გამომსახველობით საშუალებებს.

20-იანი წლების მიწურულიდან „ექვსეულის“ წევრების შემოქმედებითი გზები გაიყო. 30-იანი წლების დასაწყისისთვის თითოეული მათგანის სტილი საგრძნობ ევოლუციას განიცდის და, შესაბამისად, „ექვსეული“ წყვეტს არსებობას, როგორც ერთიანი შეხედულებების მქონე კომპოზიტორთა გაერთიანება.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები