ეგზეგეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგზეგეტიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც მიზნად ისახავდა ბიბლიური ტექსტის ახსნა-განმარტებას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ სასულიერო მწერლობაში. ამ ტიპის ნაწარმოებთა თარგმნა ადრევე დაუწყიათ. ამგვარია იპოლიტე რომაელისა და ეპიფანე კვიპრელის თხზულებანი, თარგმნილი არაუგვიანეს VIII ს-ისა. IX ს-ში უთარგმნიათ ათანასე ალექსანდრიელის თხზულება („თქმული ნეტარისა ათანასე მთავარეპისკოპოსისა ალექსანდრიელისაჲ,“), რომელიც ფსალმუნთა განმარტებას შეიცავს. X ს-მდე უთარგმნიათ გრიგოლ ნოსელის „კაცისა შესაქმისათვის…“ (შემდგომ ხელახლა თარგმნა გიორგი ათონელმა), ბასილი დიდის „ექვსთა დღეთათვის“ (აწ დაკარგული თარგმანი, რომელიც ხელთ ჰქონია გიორგი ათონელს, როცა ამ თხზულებას ხელახლა თარგმნიდა). დიდი ამაგი დასდეს ეგზეგეტიკური ლიტერატურის თარგმანს ექვთიმე და გიორგი ათონელებმა ამ დარგში მუშაობას აგრძელებს ეფრემ მცირე, რომელსაც გადმოუქართულებია იოანე ოქროპირის „განმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლეთაჲ“, შეუდგენია „თარგმანებაჲ დავითნისაჲ“, უთარგმნია „მეტაფრასი ეკლესიასტესი“ გრიგოლ საკვირველთმოქმედისა და „მეტაფრასი ეზეკიელისა“. XI-XII საუკუნეებშია თარგმნილი კირილე ალექსანდრიელის „მათეს თავის სახარებისა ძნელოანთა სიტყვათა განმარტებაჲ,“ (ლექსიკონი). ვარაუდობენ, რომ იოანე ჭიმჭიმელმა ბერძნულიდან გადმოიღო თეოფილაქტე ბულგარელის „განმარტება მარკოზის სახარებისა, განმარტება ლუკას სახარებისა“. ამავე დროსაა თარგმნილი იოანეს სახარების განმარტებაც იოანე ჭიმჭიმელსვე მიაკუთვნებენ თარგმანს შრომისა „თარგმანებაჲ ეკლესიასტისა მიტროფანე ზმვირნელი მიტროპოლიტისა“, რომლის დედანი ბერძნულ ენაზე არ შემორჩენილა. XII ს-ში შეუდგენიათ ეგზეგეტიკური კატნები, რომლებმაც ჩვენამდე ნაკლული სახით მოაღწიეს. XII ს-ში ნიკოლოზ კათალიკოსმა თარგმნა მაქსიმე აღმსარებლის სამი ეგზეგეტიკური შრომა. ამავე დროს გადმოუღიათ თეოდორიტე კვირელის „თარგმანებაჲ, მიქეაჲს წინასწარმეტყველისაჲ“. XVIII ს-ში ანტონ კათალიკოსმა დაწერა ორმოცდამეათე ფსალმუნის განმარტება და „თარგმანება რომაელთა მიმართ ეპისტოლისაჲ“. იონა ხელაშვილმა (XIX ს-ის პირველი მეოთხედი) თარგმნა განმარტება ძველი აღთქმისა (დღემდე მიუკვლეველი ნაწარმოები).


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბ., 1960, გვ. 457-466.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები