გრიგოლ ნოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა გრიგოლ ნოსელის ხატი

გრიგოლ ნოსელი, (ნისელი) − (დაახლ. 335 ქ. ნეოკესარია, კაპადოკია, – 394 ქ. ნოსა, კაპადოკია), მღვდელმთავარი, წმ. (ხსენ. დღე 10/23.01). მსოფლიო ეკლესიის განთქმული მოძღვარი, დიდი საეკლესიო მწერალი, დოგმატიკური ღვთისმეტყველებისა და მისტიკის, სიტყვაკაზმული მქადაგებლობის ბრწყინვალე წარმომადგენელი. წმ. ბასილი დიდის უმცროსი ძმა. სამეცნიერო და ასკეტურ მოღვაწეობას ძირითადად პონტოში ეწეოდა. 371 წ. ბასილიმ იგი კაპადოკიის მომცრო ქალაქ ნოსის (ნჳსის) ეპისკოპოსად აკურთხა (აქედან მისი ზედწოდება „ნჳსელი“ ან „ნოსელი“). 376 წ. არიანელებმა გადააყენეს კათედრიდან, იმპერატორი ვალენტის სიკვდილის შემდეგ კი, 378 წ., კვლავ დაუბრუნდა სამწყსოს. 381 წ. დაესწრო II მსოფლიო საეკლესიო კრებას და აქტიური მონაწილეობა მიიღო მის დოგმატურ განსაზღვრებათა ჩამოყალიბებაში. კრების შემდეგ თეოდოსი დიდის ბრძანებით გრიგოლ ნოსელი მართლმადიდებლობის ერთ-ერთ ბურჯად აღიარეს. წმ. გრიგოლი მეტად ნაყოფიერი შემოქმედი იყო. მისი სახელით ჩვენამდე მოაღწია და ავთენტურადაა აღიარებული 58 თხზულება; ამას გარდა, არის კიდევ ათზე მეტი ლიტერატურული ძეგლი, რომელთა ავტორობა რამდენადმე საეჭვოა. გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკური თხზულებებიდან გამოირჩევა: „კაცისა შესაქმისათჳს“ (დამატება ბასილი დიდის თხზულებაზე „ექუსთა დღეთათჳს“), „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (კომენტარი ბასილი დიდის იმავე თხზულებისა), „მოსეს ცხოვრება“ (მოღვაწეობის ნიმუშის ჩვენება მოსეს ცხოვრებით), განმარტება ფსალმუნთა ზედაწარწერილებისა, რვა ჰომილია ეკლესიასტეს შესახებ, განმარტება „ქება-ქებათასი“, ხუთი ჰომილია საუფლო ლოცვის („მამაო ჩვენო“) შესახებ, რვა ჰომილია „მომიჴსენენის“ („ცხრა ნეტარების“) შესახებ.

დოგმატურ-პოლემიკური შინაარსისაა გრიგოლ ნოსელის თხზულებები: „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისა“ (დიდი კატეხიზმო), „ევნომიუსის წინააღმდეგ“ 12 წიგნად (ესაა გრიგოლ ნოსელის ყველაზე ვრცელი დოგმატური ნაშრომი, ევნომიუსის წინააღმდეგ დაწერილი ბასილი დიდის თხზულებაზე ევნომიუსის კრიტიკული გამოხმაურების პასუხად), „დარღვევა აპოლინარის აზრებისა“, „აპოლინარის წინააღმდეგ“ (თეოფილე ალექსანდრიელისადმი), „სიტყვა არიოზისა და საბელიოსის წინააღმდეგ“, „სიტყვა სულიწმიდის შესახებ მაკედონიანთა წინააღმდეგ“, „ღმრთეებისათჳს ძისა და სულისა წმიდისა“, „სულისა და აღდგომისათჳს“.

ასკეტიკური ნაშრომებია: „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“ (არმონიოს მიმართ), „სისრულისათჳს“, ჭეშმარიტი მოღვაწეობის შესახებ. გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის აგრეთვე ჰომილიები ქრისტეს შობის, აღდგომის, ნათლისღების დღესასწაულებზე, პანეგირიკები წმიდათა მოსახსენებლად (გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ბასილი დიდი, ეფრემ ასური, სტეფანე პირველმოწამე თეოდორე ტირონი, მელეტი ანტიოქიელი, 40 სებასტიელი მოწამე) და სხვ.

წმ. გრიგოლ ნოსელი ერთი იმ ავტორთაგანია, რომელთა შემოქმედებას დიდი ინტერესითა და სიყვარულით ეწაფებოდა ქართველი მკითხველი საუკუნეთა განმავლობაში. მათ ინტერესს გრიგოლის შემოქმედებისადმი მოწმობს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა დროის მოღვაწეთ ქართულად უთარგმნიათ მისი თხზულებების დიდი ნაწილი – 27 დასახელებისა. გრიგოლ ნოსელის თხზულებათა უძველესი თარგმანები VIII-IX სს-ისაა, ამ ავტორის შრომათა უმეტესობა კი ქართულად ითარგმნა X-XI სს-ში, ათონის ქართული ლიტერატურული სკოლის მოღვაწეთა, აგრეთვე შემდგომი პერიოდის სწავლულ ღვთისმეტყველთა მიერ. მთარგმნელთაგან სახელდებით ჩვენთვის ცნობილნი არიან ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდლები, ეფრემ მცირე და სტეფანე სანანოისძე.

გრიგოლ ნოსელის თხზულებათა ქართული თარგმანები

გრიგოლ ნოსელის თხზულებათა უძველესი ქართული თარგმანებია: „ქრისტეს შობისა და წმიდისა სტეფანესთჳს“ და „კაცისა აგებულებისათჳს“, რომლის თარგმნას ი. აბულაძე VIII-IX სს-ში ვარაუდობს (გამოცემულია ორჯერ: თავდაპირველად ი. აბულაძის, შემდეგ ბ. გიგინეიშვილისა და ე. გიუნაშვილის მიერ). ეს თარგმანები ანონიმურადაა ჩვენამდე მოღწეული („კაცისა აგებულებისათს“ მოგვიანებით მეორედაც ითარგმნა ქართულად, გიორგი მთაწმიდლის მიერ, XI ს.).

ეფთვიმე მთაწმიდელმა თარგმნა: „ცხორებისათჳს დისა თჳსისა წმიდისა მაკრინაჲსი“, „ძიებაჲ სულისათჳს დისა თჳსისა მაკრინაჲს თანა“, „შესხმაჲ წმიდისა ბასილისი“, „ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“, „სინანულისათჳს“, „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ მამაო ჩუენოჲსაჲ“, „მოსეს ცხორებაჲ,“ „შემოსლვისათჳს წმიდათა მარხვათაჲსა“.

გიორგი მთაწმიდელს მიეწერება შემდეგი თარგმანები: „დაბადებისათჳს კაცისა“, „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისაჲ“ („დიდი კატეხიზმო“), „პეტრეს მიმართ, ძმისა თჳსისა“, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, „საკითხავი წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს“, „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“, „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“, „მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა“, „შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა, რომელსა შინა მოიჴსენებს რაქელს და ჩჩჳლთა მათ წმიდათა, რომელნი მოსრნა უღმრთომან ჰეროდე“ (მოგვიანებით ეს თხზულება ეფრემ მცირემაც თარგმნა), „ეპისტოლე არმონიოს მიმართ, თუ რაი არს აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“, „ეპისტოლე არმონიოჲს და კესაროს და ულუმპოს მოღვაწეთა მიმართ სისრულისათჳს და რაჲთა უწყოდით, თუ ვითარი ჯერარს, რაჲთა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი“, შესხმანი: გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, მელეტი ანტიოქელისა, თეოდორე ტირონისა, ორმეოცთა სებასტიელთა მოწამეთა, ეფრემ ასურისა, მამაჲ მოწამისა, სტეფანე პირველმოწამისა. ეს უკანასკნელი (წმ. სტეფანეს შესხმა) გიორგიმდე ორჯერ იყო თარგმნილი (პირველი თარგმანი, ძველი მრავალთავებით შემონახული, ანონიმურია; მეორე – სტეფანე სანანოისძეს ეკუთვნის), გიორგიმ კი მესამედაც თარგმნა.

ძველ ქართულ ხელნაწერებში გრიგოლ ნოსელის სახელითაა წარწერილი ჰომილია: „განმარტება სიტყჳსა: მის, ვითარმედ: ესე არს ძე ჩემი საყუარელი“. (ტექსტი გამოაქვეყნა ე. კოჭლამაზაშვილმა, 2002 წ., მანვე მიაკვლია ამ ჰომილიის ბერძნულ დედანს, რომელიც ხელნაწერებში გრიგოლ ანტიოქიელის თხზულებადაა გამოცხადებული, იოანე დამასკელის კომპილაციური ნაშრომი Ιερα παράλληλα კი, სადაც ხსენებული ჰომილიის მცირე ფრაგმენტია ციტირებული, მას გრიგოლ ნოსელის მიაწერს; ე. კოჭლამაზაშვილის თვალსაზრისით, ნამდვილი ავტორი სწორედ გრიგოლ ნოსელია. მისივე მტკიცებით, გრიგოლ ნოსელისავე უნდა იყოს საკითხავი „ნათლისღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსისა იოვანეს მიერ იორდანესა მდინარესა“, რომლის ქართული თარგმანი უდაბნოს, ტბეთისა და პარხლის მრავალთავებშია შემორჩენილი და ამ ხელნაწერებში იოანე ოქროპირს მიეწერება. ტექსტოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ეს ფსევდოოქროპირისეული საკითხავი ორგანულადაა დაკავშირებული გრიგოლ ნოსელის ზემოაღნიშნულ ჰომილიასთან და მასთან ერთად დილოგიას ქმნის).

გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ძველ ქართულ ლიტერატურაში. სახელდობრ, მისი თხზულებები ფართოდ გამოუყენებია გიორგი მცირეს; მას „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“ ამ ავტორის საკითხავთაგან ამოღებული მრავალი მონაკვეთი ჩაურთავს.

გამოთქმულია მოსაზრება, რომ დემეტრე მეფის ცნობილი საგალობელი („შენ ხარ ვენახი“) ნოსელისეული სახისმეტყველებით უნდა იყოს შთაგონებული.

გრიგოლ ნოსელის რამდენიმე თხზულების ციტირება გვხვდება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონში“, „წმიდათა მამათა სიტყვანში“, სამოციქულოს კატენებში, რომლის ავტორადაც ქართული ტრადიცია კირილე ალექსანდრიელს მიიჩნევს და რომელიც ქართულად ორი თარგმანის სახით გვაქვს – ეფთვიმე მთაწმიდლისა და ეფრემ მცირისა.

გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას კარგად იცნობდა დიდი ქართველი ლექსიკოგრაფი ს.ს. ორბელიანი, რომელსაც მისი თხზულებების ქართული თარგმანები თავისი „სიტყვის კონის“ დოკუმენტურ მასალად აქვს გამოყენებული.

გრიგოლ ნოსელის შემოქმედებას სხვადასხვა კუთხით ეხებიან ძველი დროის სხვა ქართველი მეცნიერები და სასულიერო მოღვაწეებიც.

ამ ავტორის თხზულებათა ქართულ თარგმანებს პირველი ნაშრომები მიუძღვნეს კ. კეკელიძემ, თ. ჭყონიამ და ი. აბულაძემ; მოგვიანებით სირაძემ, ბ. გიგინეიშვილმა, ე. გიუნაშვილმა, ე. ჭელიძემ, გ. კიკნაძემ, ე. კოჭლამაზაშვილმა, თ. დოლიძემ, მ. კობიაშვილმა, პროტოპრესვიტერმა გ. ზვიადაძემ, გ. ალიბეგაშვილმა, თ. ბააკაშვილმა, ე. ქირიამ, თ. აფციაურმა, ნ. ბუკიამ, ლ. დათაშვილმა, ნ. მრევლიშვილმა, გ. კოპლატაძემ, გ. რუხაძემ.

ბოლო ხანებში გრიგოლ ნოსელის თხზულებები თანამედროვე ქართულზე გადმოთარგმნის მცდელობა იყო. თავდაპირველად გამოქვეყნდა (ანონიმურად) კანონიკური ეპისტოლის ვარიანტი (არსენ იყალთოელის თარგმანზე დაყრდნობით). ე. ჭელიძემ თარგმნა გრიგოლ ნოსელის შემდეგი თხზულებები: „მოსეს ცხოვრება“ (პირველი ნაწილი), „ადამიანის შექმნის შესახებ“ (I-IV თავები), „ეპისტოლე ევსევისადმი და სოფისტი ლიბანიოსისადმი“, „მაცხოვრის შობისა და ბეთლემში ამოწყვეტილ ჩვილთა შესახებ“, „რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა?“. გ. კოპლატაძემ თარგმნა „შესაქმისათვის კაცისა“ (საქარველოს ეკლესიის კალენდარი 2010 წლისათვის); აგრეთვე, საყურადღებოა მ. თოდუასა და ზ. ჯაშის თარგმანები.

2006-2010 წლებში გამოქვეყნდა გრიგოლ ნოსელის ღვთისმეტყველების ლექსიკონი ცალ-ცალკე ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ლექსიკონი შეიცავს 186 სტატიას, რომლებიც შედგენილია 15 ქვეყნის წარმომადგენელი 37 მეცნიერის მიერ. ამათგან ოთხი ქართველია, რომელთაც დაწერეს შემდეგი სტატიები: „გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თ. აფციაური), „გრიგოლ ნოსელის Vita Grego- ri Thaumaturgi“ (ე. კოჭლამაზაშვილი), „De oratione Dominica“ (ე. ქირია), „De Deitate Filii et Spiritus Sancti“ და „In Inscriptiones Psalmorum“ (ორივე თ. დოლიძის).

ე. კოჭლამაზაშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • აბულაძე ი., შრომები, ტ. 3, თბ., 1982; ბააკაშვილი თ., წმ. გრიგოლ ნოსელის წმ. მაკრინას ცხოვრების ძველი ქართული თარგმ. (ტექსტის პუბლიკაცია): ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, 9, 2016-17 წწ.;
  • გრიგოლ ნოსელი, სწავლაი ლოცვისაი და თარგმანებაი „მამაო ჩუენოსაი“, De Oratione Dominica, ე. ქირიას გამოც., თბ., 2006;
  • დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძის, გ. ნინუას, გამოც., თბ., 1975;
  • კობიაშვილი მ., გრიგოლ ნოსელის შესხმა მელეტი ანტიოქელისაჲ, კრ. ძველი ქართული მწერლობის მატიანე, 2, თბ., 1985;
  • ქალწულებისათჳს და საღმრთოისა მოქალაქობისა, წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი, პროტოპრესვიტერ გ. ზვიადაძის გამოც., თბ., 2011;
  • შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი, ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე, თბ., 2002;
  • წმიდა გრიგოლ ნოსელი, საკითხავი წმიდისა სამებისათვის, თბ., 2003.
  • ალიბეგაშვილი გ., გრიგოლ ნოსელის ანთროპოლოგიური შეხედულებანი, თბ., 2003;
  • დოლიძე თ., ერთი ფილოსოფიური ტერმინის რეცეფციისათვის გრიგოლ ნოსელის მოძღვრებაში წმინდა სამების შესახებ, კრ., თბ., 2001;
  • კეკელიძე კ., უცხო ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1957;
  • კიკნაძე გ., გრიგოლ ნოსელის ნააზრევის ფილოლოგიური ასპექტებისათვის (თარგმანება ქებისა ქებათა სავს გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანის მიხედვით), ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული, თბ., 1997;
  • კოჭლამაზაშვილი ე., დოლიძე თ., წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 2009;
  • მელიქიშვილი ნ., ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, თბ., 2000;
  • სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები, 4, 2013;
  • სირაძე რ., ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან, თბ., 1978;
  • Dizionario del pensiero di Gregorio di Nissa, ed. L.F. Mateo-Seco, G. Maspero, Monte Carmelo/Madrid, 2006;
  • Kiria E., De Oratione Dominica of Gregory of Nyssa and Its Georgian Translation, v. 37, Peeters-Leuven 2001; Peradze G., Die alt-christliche Literatur in der georgischen Überlieferung: OrCh, 3-te Serie, 5-ter B., Leipzig 1930; Tarchnischvili M., Geschichte der kirchlichen georgischen Literatur (Studie Testi 185), Città del Vaticano, 1955.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები