ექვთიმე მთაწმიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ექვთიმე ათონელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექვთიმე ათონელი

ექვთიმე ათონელი (მთაწმიდელი) — (დაახლოებით 955–1038), საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი, ფუძემდებელი და უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ათონის ქართული სალიტერატურო სკოლისა.

დაიბადა სამხრეთ საქართველოში, დიდგვაროვანთა ოჯახში. მამამისი ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით. პატარა ექვთიმე სხვა ქართველ დიდგვაროვანთა შვილებთან ერთად მძევლად მოხვდა ბიზანტიის იმპერატორის კარზე. მამამისმა ექვთიმეს თავი გამოსთხოვა იმპერატორს, მონასტერში (ოლიმპოს მთაზე, მცირე აზიაში) წაიყვანა და იქ ექვთიმეს სახელით ბერად აღკვეცა. მანვე გაწვრთნა ექვთიმე ქართულსა და ბერძნულ ღვთისმეტყველებაში. იმ დროის საქართველოში საღვთისმეტყველო–ფილოსოფიური ლიტერატურის სიმცირე იგრძნობოდა და იოანემ სწორედ ამ ხარვეზის ამოვსებისათვის შეამზადა შვილი - ექვთიმეს მიზნად დაუსახა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა: „შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღვაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი მღრთისაგან“. ექვთიმე მალე შეუდგა თავისი მისიის აღსრულებას და, ჰაგიოგრაფის სიტყვით, „ყოველნივე განაკვირვნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი, გარეშე მათ პირველთასა, არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩვენსა და, ვჰგონებ, არცაღა გამოჩინებად არს“.

დაახლოებით 965 წ. იოანე თავის შვილთან და მოწაფეებთან ერთად ულუმბოს მთიდან საკუთრივ საბერძნეთში, ათონის მთაზე გადასახლდა და ათონის მთის სამონაზვნო კორპორაციის მთავარ მონასტერში, ათონის დიდის ლავრაში დაემკვიდრა. 983 წ. ქართველებმა დაასრულეს ათონის მთაზე საკუთარი სავანის - ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის მშენებლობა. ამ მონასტრის წინამძღვარი, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1005-1019 წწ. ექვთიმე მთაწმინდელი ყოფილა. ოღონდ 1019 წ. წინამძღვრობას თავი დაანება, რათა ლიტერატურული საქმიანობისთვის მეტი დრო დარჩენოდა.

ექვთიმემ, როგორც საეკლესიო მოღვაწემ, ფრიად გაითქვა სახელი. ივერიონის წინამძღვრობასთან ერთად, ჯერ კიდევ 1001 წელს, ათონის დიდი ლავრის წინამძღვრის ათანასე დიდის ანდერძის თანახმად, იგი დაინიშნა ათონის დიდი ლავრის „სულიერ ეპიტროპად“ ანუ მზრუნველად. იოანეს გარდაცვალებიდან მოკიდებული, ექვთიმე ამ თანამდეობაზე იყო სიკვდილამდე (ათანასეს ანდერძის თანახმად, ექვთიმემდე ეს თანამდებობა იოანეს ეპყრა). ექვთიმე არ ყოფილა ფორმალური „სულიერი ეპიტროპი“ ათონის დიდი ლავრისა. ჰაგიოგრაფის სიტყვით, ექვთიმე ათონელი „არცა პროტი, არცა სხვანი მამასახლისნი თვინიერ მისისა ბრძანებისა არარას იქმოდეს და იშვიათი დღე გარდახდის, რომელსა ათი ანუ თხუთმეტი მამასახლისი არა მოვიდა მათ წინაშე. და კვალად ზრუნვაი დიდისა ლავრისაჲ, საქმე მძიმე და მრავალფერი, მის ზედვე იყო, რამეთუ დიდსა ათანესის მისდა მიენდო საურავი და დახედვა და განგებაჲ მისი“. მართლაც, ათონის მთის ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ აქტებს ექვთიმე ხელს აწერს ბერძენთა დიდი ლავრის იკონომისის ტიტულითაც. ბერძენთა დიდ ლავრაზე იგი სიკვდილამდე ზრუნავდა: როგორც ცნობილია, გზად მიმავალი გარდაიცვალა, როცა მიეშურებოდა იმპერატორისთვის ათონის დიდი ლავრის საქმეთა მოსახსენებლად. დაკრძალულ იქნა ივერიის მონასტერში ათონის მთაზე.

ექვთიმეს საქმიანობაში უმთავრესი იყო მისი ლიტერატურული ღვაწლი. საგრძნობი კვალი დააჩნია მან ბიზანტიურ ლიტერატურას. ბერძნულ ენაზე წერდა ორიგინალურ ლიტერატურულ თხზულებებს. მას ეკუთვნის თხზულება განდეგილი ბერის მოღვაწეობის წესის შესახებ (დღეს ამ ძეგლის მხოლოდ ქართული თარგმანია შემონახული). თხზულება უაღრესად საინტერესოა მასში დაკანონებული სამოღვაწეო პრინციპებით. სპეციალისტთა აზრით, ჰუმანიზმის იმ სიმაღლისთვის, რომელზეც ამ ნაწარმოების მიხედვით წარმოგვიდგება ექვთიმე ათონელი, ბერძნულ-ბიზანტიური საეკლესიო პრაქტიკის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღწევია. ექვთიმეს სახელით ათონის მთის ერთ ბერძნულ ხელნაწერში შემონახულია რამდენიმე ბერძნული თხზულება: აუარებდითი, ტროპარი, დიდება, აკოლუთია, ღვთისმშობლის იკოსი, კანონები და ლოცვები. განსაკუთრებული წვლილი ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიაში ექვთიმე მთაწმიდელმა იმით შეიტანა, რომ ქართულიდან ბერძნულად თარგმნა შუა საუკუნეთა ქრისტიანული მწერლობის ორი უბრწყინვალესი ძეგლი: „სიბრძნე ბალაჰვარისი“ (ბერძნულად - „ვარლაამი და იოასაფი“) და „აბუკურა“ („მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“). ამ დიდმა დამსახურებამ ბიზანტიური კულტურის წინაშე განაპირობა ის, რომ ქართულ ენაზე XI ს. შუა წლებში შექმნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც აისახა ექვთიმეს ღვაწლი და შემოქმედება (გიორგი ათონელის „ცხოვრება იოვანესი და ექვთიმესი“), ადრევე ითარგმნა ბერძნულად. ამის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი ათონის მთის ბერძნული ხელნაწერებით ჩვენამდე მოღწეული ორი თხზულება: „ცხოვრება წმიდისა მამისა და ჩვენისა ექვთიმე ბერისა“ და „ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ექვთიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მაშენებელთა“, ექვთიმე ათონელი წმიდანად შერაცხა არა მხოლოდ ქართულმა ეროვნულმა ეკლესიამ, არამედ ბერძნულმაც.

ექვთიმე ქართულ ენაზეც წერდა ორიგინალურ ნაწარმოებებს. შემორჩენილია ერთი მისი ლოცვა, რომელშიც ავტორის ღრმა რელიგიურ განცდებს ერწყმის რეფლექსია და პოეტური გრძნობის ფაქიზი აღმაფრენა.

ექვთიმე ათონელის ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე ძირითადად მაინც გამოიხატა იმ მრავალრიცხოვანი თარგმანებით, რომლებიც ექვთიმემ ბერძნულიდან ქართულად შეასრულა. ჰაგიოგრაფის მოწმობით, „იგი სანატრელი შეუსვენებლად თარგმნიან და რაჲთურთით არა სცემდა განსვენებასა თავსა თვისსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა შვრებოდა“.

ექვთიმეს მიერ თარგმნილი ლიტერატურა სასულიერო მწერლობის ყველა დარგს მოიცავს. ბიბლიური წიგნებიდან მან თარგმნა „დავითნი“, „სახარება“ და „გამოცხადება“; აპოკრიფული ლიტერატურიდან — „ავგაროზი“, რომელიც სახარების საკუთარი თარგმანისთვის დაურთავს, აგრეთვე „ქებაჲ“ და დიდებაჲ მარიამისი“ და მოციქულთა აპოკრიფული აქტები; ეგზეგეტიკური ლიტერატურიდან — ანდრია კრიტელის „თარგმანი იოანე მახარებელის ხილვისაჲ“, იოანე ოქროპირის „თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ“ და „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“, ბასილი დიდის „თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ“, გრიგოლ ნოსელის ორი თხზულება და მრავალი სხვა; დოგმატიკურ-პოლემიკური ლიტერატურიდან — გრიგოლ ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის თხზულებანი; ასკეტიკურ-მისტიკური ლიტერატურიდან - გრიგოლ ღვთისმეტყველის „სწავლანი სულიერნი“, მაქსიმე აღმსარებლის „სიტყვისგებისათვის ვნებათაჲსა“ და „სწავლანი სულიერნი“, გრიგოლ ჰრომთა პაპის „დიალოღონი“, იოანე სინელის „კლემაქსი“, ეფრემ ასურის „სწავლანი“, ბასილი დიდის „ითიკა“; ჰომილეტიკური ლიტერატურიდან — გრიგოლ ღვთისმეტყველის ჩვიდმეტი ნაწარმოები, გრიგოლ ნოსელის სამი თხზულება, იოანე დამასკელის „შობისათვის წმიდისა ღმრთისმშობელისა“, ექვთიმეს უნდა ეკუთვნოდეს იოანე ოქროპირის „მარგალიტის“ თარგმანიც; ჰაგიოგრაფიული ლიტერატურიდან — სვიმეონ მეტაფრასის „წამებაჲ წმიდისა კლემენტოს, პრომთა პაპისაჲ“ და „წამებაჲ წმიდისა მოწამისა პროკოპი დუქსისაჲ“; ლიტურგიკის სფეროდან — „სვინაქსარი საწელიწადოჲ უმცროსი“, რომელიც წარმოადგენს აია სოფიას ტიპიკონის უძველეს რედაქციას. გარდა ამისა, ექვთიმეს უთარგმნია „დასდებელნი მარხვათანი სრულად“ და „მრავალთა წმიდათა გალობანი“; საეკლესიო სამართლის ძეგლთაგან - „ვარშაყიანი“ „კანონნი“, „მცირე რჩულისკანონი მეექვსისა კრებისაჲ“, „მცნებაჲ და განგებაჲ მსოფლიოს ხუცესთაჲ“ და მრავალი სხვა.

ექვთიმე ათონელი, როგორც მთარგმნელი, აგრძელებს ქართულ მთარგმნელობითს პრაქტიკაში დანერგილ ხაზს. თარგმნისას მას ხელეწიფებოდა დედნის „კლება“ და „შემატება“. ამგვარი მთარგმნელობითი მეთოდი იმდროინდელი ქართული საზოგადოების ძველ ლიტერატურულ ტრადიციებს ემყარებოდა. ექვთიმე, როგორც ჩანს, ცდილობდა ქართველი მკითხველისთვის განზავებული და განმარტებული ტექსტი მიეწოდებინა. იმასაც ითვალისწინებდა, რომ ქართული ეკლესიის პრაქტიკულ საჭიროებათათვის ერთობ ვრცელი ლიტერატურა ერთბაშად იყო სათარგმნი. ამიტომაც თარგმნიდა უპირატესად შემოკლებულ რედაქციებს. ექვთიმე ათონელი ორი ეპოქის მიჯნაზე იდგა, მის შემოქმედებაში უკვე თავს იჩენდა მარცვალი ახალი მთარგმნელობითი მეთოდისა, რომელიც თავისუფალი თარგმანიდან ბერძნულ დედანთან ზუსტად მისვლის პრინციპის დანერგვაზე გადასვლას ნიშნავდა. ექვთიმეს შრომა განაგრძეს გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა და იოანე პეტრიწმა. ამ მწერალთა, მთარგმნელთა და ფილოსოფოსთა საშვილიშვილო ღვაწლმა ქართული ლიტერატურა თანდათანობით გვერდში ამოუყენა ბიზანტიურ მწერლობას.


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 184-213.
  • ე. ხინთიბიძე, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, 1969, გვ. 19-22, 103-108.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები