გიორგი IX

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი IXქართლის მეფე (1525-1527), მეფე კონსტანტინე II-ის (1478-1505) ძე.

1525 წ. ქართლის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა. გიორგი ბატონიშვილმა აიძულა თავისი ძმა, ქართლის მეფე დავით X, რომ უარი ეთქვა ტახტზე, ბერად აღკვეცილიყო და თვითონ „ეკურთხა მცხეთას კათალიკოზ-ეპისკოპოს და დიდებულთა შემოკრებით“. (ვახუშტი).

გიორგი IX ყოველმხრივ შეეცადა თავისი მდგომარეობის გამყარებას ქვეყნის შიგნით. „დაემეგობრა“ კახთ ბატონ ლევანს და ბაგრატ იმერთა მეფეს. მის უზენაესობას აღიარებდა ყვარყვარე სამცხის ათაბაგი.

ეკლესიის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, გიორგი IX-ის ინიციატივით, ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად მისი ძმა და თანამოაზრე მელქისედეკ II იქნა დადგენილი.

ამავე დროს ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარების მიმართულებით. ჯერ კიდევ დავით X-ს მეფობის დასასრულს, შაჰ ისმაილის გარდაცვალების (1524) შემდეგ, ირანში არეულობა დაიწყო და ყიზილბაშებს საქართველოსთვის არ ეცალათ. ოსმალეთი ევროპაში ლაშქრობებით იყო დაკავებული. XVIII ს. ქართველი ისტორიკოსების (ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი) ცნობით, სულთან სულეიმანმა (1520-1566), რათა არ დაეშვა ირან-საქართველოს გაერთიანება მის წინააღმდეგ, თვითონ მოუწოდა ქართველ მეფეებს გაეთავისუფლებინათ „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქვენისანი“ ურჯულოთაგან („ურჯულოებაში“ ამ შემთხვევაში ირანში გაბატონებული შიიტური მრწამსი იგულისხმება).

გიორგი IX-მ, ლევან და ბაგრატ მეფეებთან ერთად, დალაშქრა იერუსალიმი და ხმლით გამოიხსნა წმ. ადგილები: „ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი“ სულთანმა „სიგლითა მტკიცითა“ დაგვიმტკიცა.

გიორგი IX-ის ხელმწიფობა „კეთილად სიყვარულ-ერთობითა იმერ-კახთ მეფეთა და ათაბაგთა თანა“ დიდხანს არ გაგრძელებულა. 1527 წ. ქართლის ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ, დავით X-ის პირმშო ლუარსაბმა, რომელიც არ შეეგუა ბიძის მიერ ხელისუფლების მიტაცებას, ჩამოართვა მას მეფობა.

უტახტოდ და უმემკვიდროდ დარჩენილი გიორგი IX მალევე, 1529 წ. (სხვა ცნობით 1534), ბერად აღიკვეცა გერასიმეს სახელით.

გ. IX-ის შესახებ ქართულ ისტ. დოკუმენტებში მწირი ცნობებია დაცული. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გაცემულმა ერთადერთმა დოკუმენტმა (1526). ორი საბუთი კი მისი ბატონიშვილობის პერიოდს ეხება (ერთ მათგანს გიორგის ხელრთვა ახლავს). უკანასკნელი ცნობა გიორგი IX-ის შესახებ დაცულია გიორგი-ყოფილ გერასიმეს (ასეთივე ხელრთვით) სააღაპე შეწირულების სიგელში სვეტიცხოვლისადმი (1540): მისი სულის „სალოცველად, სალხინებლად და განსასუენებლად“ წელიწადში სამი დღე კარგაღებული აღაპი იქნა გაჩენილი („ერთი ხარებასა, ერთი აღდგომითგან ზატიკთა მეშუიდესა შაბათსა, ყოელთა სულთასა და ერთი ქრისტეშობის მარხვაში ათხუთმეტსა“) და „სამარადისოდ დაუვსებლად“ დანთებული კანდელი დაიკიდა – ერთი ცხოველმყოფელი სვეტის და ორი წმ. ღვთისმშობლის ხატის წინ.

გ. ოთხმეზური


წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1, თბ., 1991;
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, მ. სურგულაძის გამოც., ტ. 4, თბ., 2016.
  • გაბაშვილი ტიმოთე., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956;
  • გუჩუა ვ., ბრძოლა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის და აგრესორთა წინააღმდეგ XVI ს. პირველ ნახევარში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV-XVII სს.), XIV-XVII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979;
  • ქორიძე თ., ქართლის მეფეები, გიორგი IX, წგ.: საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3,).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები