კონსტანტინე II (ქართლის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსტანტინე IIსაქართველოს მეფე 1466-1478 წლებში, ქართლის მეფე 1478-1505 წლებში. იგი იყო ალექსანდრე I დიდის (1412-1441) ვაჟის დემეტრეს ძე. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი სამეფოს – ქართლის პირველი მეფე.

1490 წელს კონსტანტინე II-მ მოიწვია სამეფო დარბაზი, რომელმაც ცნო საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი, მიუხედავად ამისა, კონსტანტინე II მაინც „ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინის მპყრობელად“ და „მეფეთა-მეფედ“ იწოდებოდა. იგი ენერგიულ ზომებს იღებდა ქვეყნის დამშლელი რეაქციული ძალების წინააღმდეგ. ქართლის სასულიერო და სამეფო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ბოლო მოეღო სამცხე-საათაბაგოს მთავრის მზეჭაბუკისა და მის მესვეურთა მისწრაფებას, ძირი გამოეთხარათ საქართველოს ეროვნულ-კულტურული ერთიანობისათვის და სამცხე-საათაბაგო საეკლესიო სფეროში დამოუკიდებელი გაეხადათ.

კონსტანტინე II-ს გართულებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა მეფობა. ქართლი ამ დროს აყ-ყოინლუს (თეთრბატკნიან თურქმანთა) სახელმწიფოს მოხარკეა და მეფე ცდილობდა ამ დამოკიდებულებისაგან თავის დახსნას. კონსტანტინე II არ ურიგდებოდა არც სეფიანთა სახელმწიფოს ვასალობას და იბრძოდა თავისი სამეფოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის.

კონსტანტინე II-ს ქვეყნის გარეთაც უცდია საიმედო მოკავშირეთა პოვნა. ამ მიზნით მას ეგვიპტის სულთანთან ქაიროში გაუგზავნია დესპანი ნილოსი – კარის ეკლესიის მოძღვარი. რა ევალებოდა დესპანს კონკრეტულად, ცნობათა სიმცირის გამო, არ ვიცით. იგივე დესპანო გაუგზავნია კონსტანტინე II-ს რომის პაპ ალექსანდრე VIესა და ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან. მათ ქართველი მეფე არაბებზე ბრწყინვალე გამარჯვებას ულოცავდა და დესპანის პირით სთხოვდა, შთაეგონებინათ დასავლეთის ქრისტიანული სახელმწიფოებისათვის ლაშქრობა კონსტანტინოპოლისა (ამჟამად უკვე სტამბოლის) და იერუსალიმის ურჯულოთაგან გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, ქართლის მეფე თავისი შვილითა და ჯარითურთ ამ ლაშქრობაში მონაწილეობის პირობას იძლეოდა.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები