გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგიწმინდის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ძველ ნაწილში.

ეკლესია დარბაზულია (15,72×6,25მ), აქვს ორი შესასვლელი: ერთი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, მეორე – სამხრეთი კედლის შუაში. ორივე თარაზულადაა გადახურული. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებულ ქვაზე მხედრული დამწერლობით შესრულებული ოთხსტრიქონიანი წარწერაა, რომლის მიხედვით, ეკლესია 1800 წ. აუშენებია მღვდელ ივანე კევლიშვილს.

XX ს-ის 50-იან წლებში ეკლესია კლუბად გამოიყენებოდა და გარკვეული სახეცვლილება განიცადა. ნაგებობა მნიშვნელოვნად გადაკეთდა XXI ს-ის დასაწყისში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგადაც. ამ დროს გადააკეთეს დასავლეთ შესასვლელი, აამაღლეს საკურთხევლის იატაკი, ააგეს კანკელი და ინტერიერი შელესეს გაჯით.

ძეგლი რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კონსტრუქციის ნაწილები, შესასვლელები და ლავგარდანი გამოყვანილია აგურით. გარედან კედლები კირის დუღაბითაა გასწორებული, რომელიც საპირე ქვების ზედაპირის დიდ ნაწილს ფარავს.

ეკლესიის შიდა სივრცე ამ ტიპის ნაგებობებისთვის უჩვეულოდ გრძელია (შიდა ზომები აფსიდის ჩათვლით: სიგრძე-13,7მ, სიგანე-4,2მ). აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია განიერი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. გარედან იგი აგურითაა გამოყვანილი და ბრტყელი თაღი ხურავს. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს და ქვეშ, თითო განიერი ნიშია. სარკმლის სამხრეთით მდებარე ნიში სწორკუთხაა, დანარჩენი ორი – თაღოვანი.

დარბაზის გრძივ კედლებზე სამი წყვილი პილასტრია. დასავლეთ წყვილი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ოდნავ უფრო განიერია, კუთხეებთანაა შერწყმული. ყველა პილასტრი დასრულებულია ტლანქი, ძლიერ შვერილი, თაროსებრი კაპიტელით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს კიდევ სამი სარკმელი აშუქებს. მათგან თითო გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში, ერთმანეთის მოპირდაპირედაა გაჭრილი, ერთიც – დასავლეთ კედელში. შიგნით ყველა სარკმელი თაღოვანია. საკურთხევლის სარკმლისგან განსხვავებით, მათი გარეთა ღიობი ქვიშაქვის ოთხ-ოთხი გათლილი ქვითაა გამოყვანილი და კვადრატს მიახლოებული ფორმა აქვს. კიდევ ერთი მსგავსი სარკმელი იყო გაჭრილი სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც აღდგენითი სამუშაოების დროს ისეა ამოშენებული, რომ მისი კვალიც აღარ ჩანს.

ეკლესიის ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია მრავალსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი, რომლის განივი მკლავების ბოლოსთან, ოდნავ ზემოთ, თითო პატარა, ტოლმკლავა ჯვრის შეღრმავებული გამოსახულებაა.

სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის გადახურვის დონეზე, გამოყვანილია მაღალი, მცირედ შეღრმავებული ოთხკუთხა არე, რომელსაც აგვირგვინებს წყობიდან კუთხით გამოშვერილი, აგურების ორი რიგით შედგენილი ფრიზი. თავად ზედაპირი კი აგურის ფიგურული წყობითაა დამუშავებული (აგურები თევზიფხურადაა დაწყობილი), რაც საგანგებო მხატვრული ამოცანის არსებობას მოწმობს. შესასვლელის ორივე მხარეს, ერთიმეორის თავზე განლაგებული ორ-ორი შეღრმავებული რომბია. შესასვლელის ზემოთ კი მცირედ შეღრმავებული კვადრატული ნიშია, რომელშიც წარწერიანი ქვაა ჩასმული.

ეკლესიის დასავლეთი შესასვლელის გადახურვაც მოქცეული იყო შეღრმავებულ, ოთხკუთხა არეში (შემორჩენილია კვალი). იგი ამჟამად ამოშენებულია და ზედ ლითონის ორკალთა წინფრაა მიმაგრებული.

ფასადები დასრულებულია მაღალი ლავგარდნით (განახლებულია ეკლესიის რეაბილიტაციის დროს), რომელიც გამოყვანილია ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურებით შედგენილი რიგების მონაცვლეობით. შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით.


ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები