ბოჭკოვანი კომპოზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოჭკოვანი კომპოზიტი − ბოჭკოვანი კომპოზიტი წარმოადგენს ფენოვანი სტრუქტურის ნაკეთობას, რომელშიც თითოეული ფენა (შრე) დაარმირებულია დიდი რაოდენობის უწყვეტი ბოჭკოთი ან ქსოვილით, რომელთა სიგანე და სიგრძე ემთხვევა საბოლოო პროდუქტის ზომებს. კომპოზიტების გამოყენება ამაღლებს კონსტრუქციების სიხისტეს და ერთდროულად ამცირებს მათ ლითონტევადობას. მასალა გამოირჩევა დრეკადობის მოდულის, დროებითი წინაღობის, სიმტკიცის ზღვრის მნიშვნელობების გაზრდითა და ბზარწარმოქმნისადმი დაბალი მიდრეკილებით.

ბოჭკოვანი კომპოზიტის სიმტკიცეს განსაზღვრავს მაარმირებელი ბოჭკოების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ხოლო მატრიცა ძირითადად ახდენს ძაბვების გადანაწილებას მაარმირებელ ბოჭკოებს შორის; ამიტომ ბოჭკოების სიმტკიცე და დრეკადობის მოდული მეტი უნდა იყოს მატრიცის მასალის სიმტკიცესა და დრეკადობის მოდულზე. ბოჭკოები თანაბრადაა განაწილებული პლასტიკურ მატრიცაში.

ალუმინის, მაგნიუმისა და მათი შენადნობების განმტკიცებისთვის გამოიყენება ბორის, აგრეთვე ძნელდნობადი შენაერთების (ჟანგეულების, კარბიდების, ბორიდებისა და ნიტრიდების) ბოჭკოები, ზოგჯერ – მაღალი სიმტკიცის ფოლადის მავთული. ტიტანისა და მისი შენადნობებისათვის გამოიყენება მოლიბდენის მავთული ან საფირონის, სილიციუმის კარბიდისა და ტიტანის ბორიდის ბოჭკოები. ნიკელის შენადნობების მხურვალმედეგობის ასამაღლებლად – ვოლფრამისა და მოლიბდენის მავთული. ზოგადად, მეტალის ბოჭკოებს იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა კომპოზიტის თბო- და ელექტროგამტარობის თვისების ამაღლება.

ზოგადად, კომპოზიტებში მაარმირებლად გამოიყენება მავთული, მონობოჭკოს ძაფი, ჩალიჩი, ლენტი, ბადე, ტილო, ქსოვილი და მისთ. ბოჭკოვანი კომპოზიტები მიეკუთვნება ანიზორტოპიულ მასალებს, რაც გაითვალისწინება დეტალებისა და კონსტრუქციების დაპროექტებისას.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები