ბიზე ჟორჟ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ ბიზე

ბიზე ჟორჟ - ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ, ნათლობის სახელია ჟორჟი) (25. X. 1838, პარიზი, – 3. VI. 1875, ბუჟივალი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სიმღერის მასწავლებლის ოჯახში. 10 წლისა შევიდა პარიზის კონსერვატორიაში, კონსერვატორიაში ჟორჟი ერთდროულად ორ სპეციალობას ეუფლებოდა: ფორტეპიანოსა და კომპოზიციას. მისი ხელმძღვანელი ცნობილი მუსიკოსი შარლ გუნო იყო. კონსერვატორიაში ჭაბუკმა ბიზემ 9 წელი დაჰყო. იგი კარგად სწავლობდა და შესანიშნავად დაეუფლა როგოც საკომპოზიტორო ტექნიკას, ასევე საშემსრულებლო ოსტატობასაც. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, მან არაერთხელ გამოსცადა თავი კომპოზიტორის რანგში და ყმაწვილური გატაცებითა და უშუალობით სავსე ნაწარმოებები შექმნა. ასე მაგალითად: სიმფონია დო მაჟორი, კომიკური ოპერა „ექიმის სახლი“. ჟან ოფენბახის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის, ჟორჟმა შექმნა ოპერეტა „სასწაულმოქმედი ექიმი“, რომელიც პრემიით აღინიშნა. ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელმა კონსერვატორიაში გამართულ შიდა კონკურსებში არაერთხელ მიიღო პრემია პოლიფონიასა და კომპოზიციაში, ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრით. როდესაც ფერენც ლისტმა ბიზეს მიერ შესრულებული მისი საფორტეპიანო ნაწარმოები მოისმინა, აღფრთოვანებულმა შესძახა: „ღმერთო ჩემო, მეგონა ამის შესრულება შეეძლო მხოლოდ ერთ ადამიანს - მე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ორნი ვართ“. ბიზე უნიჭიერესი პიანისტ-შემსრულებელი იყო. მისი პედაგოგი ანტუან მარმონტელი წერდა: „ბიზე ბგერის გამოცემის ნიუანსების ოსტატობას ფლობდა. თითის ხან ფრთხილი, ხან ინტენსიური დაჭერით, ის ბგერას განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებდა“

1857 წელს ბიზემ კონსერვატორია დაამთავრა. 19 წლის ასაკში იგი პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. კონსერვატორიის დამთავრება რომის პრემიის მიღებით აღინიშნა. ეს პრემია ბიზემ დაიმსახურა კანტატისთვის „კლოვისი და კლოტილდა“. ეს სახელმწიფო სტიპენდია ჭაბუკ ბიზეს საშუალებას აძლევდა 4 წელი ეცხოვრა და განათლება მიეღო რომში.

იტალიაში ბიზე ეცნობა კულტურას, არქიტექტურას, ფერწერას, ბევრს კითხულობს. იგი შთაგონებულია ხელოვნების უნიკალური ქმნილებებით, მათი სილამაზით და სიდიადით. რომში ყოფნის პერიოდში იგი ბევრს და ნაყოფიერად მუშაობს, ქმნის თავის ოპერას „დონ პროკოპიო“, რომელიც რომის პრემიის მფლობელისათვის ერთგვარ შემაჯამებელ ნაწარმოებს წარმოადგენდა.

კომპოზიტორის შემოქმედებითი ცხოვრება იოლი არ იყო. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იგი იძულებული გახდა ლუკმა პურისთვის ეზრუნა. ჭაბუკი კომპოზიტორი აორკესტრებდა და აკორექტირებდა სხვათა ნაწარმოებებს, დაკვეთით წერდა იაფფასიან, მსუბუქ მუსიკას, რეპეტიტორობდა. ბიზე წერდა: „ვმუშაობ, როგორც მონა, გამოვიფიტე. ახლახან ახალი გამოცემისათვის დავასრულე რომანსების წერა. ვშიშობ, არ გამოვიდა კარგი, მაგრამ ფული მჭირდება. ფული, მუდამ ფული, დალახვროს ეშმაკმა“.

1863 წელს ბიზე წერს თავის ოპერას „მარგალიტის მაძიებლები“.

1867 წელს იგი თანამშრომლობას იწყებს ჟურნალთან, სადაც ფსევდონიმით გასტონ დე ბეტსი აქვეყნებს სტატიებს სამუსიკო ხელოვნების შესახებ.

1870 წელს კომპოზიტორი ალფრედ მიუსეს პიესის „ჯამილე“ მიხედვით წერს ოპერას, რომელიც სპეციალისტების შეფასებით ახალი სიტყვა იყო მის შემოქმედებაში. თავად ბიზე წერდა: „მე ვიცვლი კანს, როგორც შემოქმედი და როგორც ადამიანი“. მის ცხოვრებაში შემოქმედებითი ძიებების პერიოდი დგება.

იგი ძალიან მომთხოვნი იყო საკუთარი შემოქმედების მიმართ. მან ოპერა „ივანე მრისხანესთვის“ უკვე დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა თეატრიდანაც კი წამოიღო.

არლელი ქალი

1872 წელს თეატრ „კარვალიოს“ დირექტორმა ჟორჟ ბიზეს ალფონს დოდეს ნაწარმოებისათვის „არლელი ქალი“, მუსიკალური პარტიტურის შექმნა დაავალა. ბიზე ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი იყო თავისი შემოქმედებითი მიღწევებით, თუმცა სტაბილური შემოსავალი არ ჰქონდა, ამიტომ კომპოზიტორმა ეს შემოთავაზება სიხარულით მიიღო. მას მოეწონა დრამის სიუჟეტი, რომელშიც ის დრამატურგიული მუხტი დაინახა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ოპერის ლიბრეტოსთვის: შესანიშნავი პოეტური ენა, ფერადოვანი ხასიათები, ჭეშმარიტი ვნებები, ცოცხალი, ბუნებრივი სიტუაციები.

ა. დოდეს ნაწარმოების მიხედვით, მთავარ გმირს, ფრედერს - მეოცნებე, სპეტაკ, სუფთა ყმაწვილს მთელი გულით, მთელი გზნებით უყვარს ულამაზესი არლელი ქალი. დღე-დღეზე დანიშნულია მათი ქორწილი. მოულოდნელად ფერმის ეზოში მოდის უცნობი და აცხადებს, რომ არლელ ქალთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ არ შეიძლება იგი სხვისი ცოლი გახდეს. ქორწილი ჩაიშლება. ფრედერი ვერ გადაიტანს ამას და თავს მოიკლავს.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში თავად არლელი ქალი სცენაზე არ ჩნდება, თუმცა მთელი ამბავი მის გარშემოა კონცენტრირებული. ამ დრამისათვის ბიზემ 27 მუსიკალური ნომერი შეთხზა, რომლებშიც გამოხატული იყო ფრედერის და მისი ძმის - ჟანეს გრძნობები, განცდები, სასოწარკვეთა, რაც რეფრენად გასდევდა მთელ ოპერას. ამასთან ერთად, სპექტაკლის მუსიკალური პარტიტურა ძალზე ხატოვნად გადმოსცემდა სამხრეთ საფრანგეთის რეგიონის - პროვანსის ყოფის ატმოსფეროს. სცენური მოქმედება გაჯერებული იყო პროვანსის ორიგინალური, ფერადოვანი, თვითმყოფადი ხალხური მელოდიებითა და ფოლკლორით, რომელიც თითქოს სურნელის სახით იღვრებოდა სცენიდან და პერსონაჟთა მხატვრული სახეების ფსიქოლოგიურ გახსნას ეხმარებოდა.

სპექტაკლში უხვად იყო მუსიკალური ნომრები, რომლებიც, გლეხთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი სახალხო სცენებით, ყოფით კოლორიტს ქმნიდა და თვით სიუჟეტის განვითარებას უწყობდა ხელს. მუსიკა ხსნიდა მოქმედ გმირთა ხასიათებს და ნაწარმოების იდეას. მუსიკალურ პარტიტურაში კომპოზიტორმა დრამის ატმოსფეროს სრული შეგრძნება გადმოსცა. „არლელი ქალისთვის“ დაწერილი მუსიკა ახალ სიტყვად იქცა საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებაში. პეტრე ჩაიკოვსკიმ ამ სპექტაკლისათვის დაწერილ მუსიკალურ პარტიტურას „შედევრი“ უწოდა. კომპოზიტორმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ურთულეს ამოცანას. თეატრის ორკესტრი მხოლოდ 26 მუსიკოსისგან შედგებოდა, შესაბამისად, სპექტაკლის მუსიკალური პარტიტურაც ორკესტრის მინიმალური შემადგენლობისთვის უნდა შექმნილიყო.

სპექტაკლის პრემიერა 1872 წელს შედგა. პუბლიკამ ჯეროვნად ვერ შეაფასა ვერც დრამა და ვერც მუსიკა. ხალხს ლამაზი სანახაობა უნდოდა. წლების შემდგომ ალფონს დოდე იხსენებდა: „მე და ჟორჟ ბიზე კულისებში ვიდექით, ვთრთოდით და თვალნათლივ ვხედავდით არლელი ქალის პრემიერის კრახს. – „პუბლიკა არ უსმენს - აღელვებული ხმით, ჩუმად მეუბნებოდა უდიდესი კომპოზიტორი. მისი ხმა დღემდე ჩამესმის ყურში. პუბლიკა არ უსმენდა არც მის ღვთაებრივ მუსიკას და არც ჩემს დრამას“.

კარმენი

1874-1875 წლებში კომპოზიტორი მუშაობს თავის ცნობილ ოპერაზე „კარმენი“. ეს ოპერა, შეიძლება ითქვას, ბიზეს შემოქმედების მწვერვალია. კომპოზიტორმა პროსპერ მერიმეს სიუჟეტი გამოიყენა, თუმცა ამასთან მთავარი გმირები პოეტური სიმბოლოს რანგში აიყვანა. მთავარი გმირის პორტრეტის შესაქმნელად, ბიზე ხაბანერას რიტმებს, ესპანური მუსიკის მელოდიებს იყენებს. აქ სასიყვარულო დრამა - ხოზეს ვნება კარმენისდმი ტრაგედიის ძალას იძენს. ბიზე თავის მუსიკაში სილამაზეს, სიყვარულის სიდიადეს, თავისუფლების დამატყვევებელ გრძნობას ადიდებს. მისი მუსიკა სავსეა დრამატიზმით, ვნებათაღელვით, გულწრფელი გრძნობით და საოცარი ხიბლით. ამ ოპერაში ადამიანის ინტიმური ცხოვრების თემამ გაიჟღერა. მასში ჭეშმარიტად მართალი ადამიანური ვნებებია გადმოცემული.

1875 წელს თეატრში „კომედიფრანსეზ“ შედგა „კარმენის“ პრემიერა. ეს იყო ყველაზე დიდი წარუმატებლობა კომპოზიტორის ცხოვრებაში. პრემიერიდან 3 თვის შემდეგ, 1875 წლის 3 ივნისს ბიზე გარდაიცვალა. ერთი წლის მერე „კარმენი“ ტრიუმფით იდგმებოდა ევროპის უდიდეს სცენებზე. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, ბიზემ სრულად გააცნობიერა ყოველგვარი დიდების ეფემერული ხასიათი.

ბიზეს შემოქმედებაში ასახვა ჰპოვა ფრანგული კულტურის საუკეთესო ტრადიციებმა. თუმცა მან მოკლე დროში, ადვილად ვერ იპოვნა თავისი თავი, მაგრამ მისი შემოქმედებითი ძიებები ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ბიზეს უმთავრესი შემოქმედებითი მიღწევები დაკავშირებული იყო სათეატრო, საოპერო ხელოვნებასთან, სადაც მას იტაცებდა სცენის გამომსახველობითი საშუალებები, სცენაზე განსახიერებული მოვლენების და გმირების შერწყმა მუსიკასთან. მან ერთხელ პირად საუბარში გაანდო სენ-სანსს: „მე სიმფონიისთვის არ ვარ დაბადებული, მე მჭირდება თეატრი. მის გარეშე მე არარა ვარ“. იგი არ ცდებოდა, რადგან საოპერო ჟანრი განსაკუთრებულად ორგანული აღმოჩნდა მისთვის, მსოფლიო აღიარება მას სწორედ დრამისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა: „არლელი ქალი“ და „კარმენი“ - ამ ორ ნაწარმოებში სრულად გაიხსნა ბიზეს შემოქმედებითი პოტენციალი, წარმოჩინდა მისი გენია. კომპოზიტორის განსაკუთრებული ნიჭი ცხოვრებისეული სინამდვილის, მისი დრამატიზმის, ცხოვრების ფერადოვანი სურათების ჩვენებაში გამოჩნდა. ბიზეს მუსიკა ძალზე დახვეწილი და მელოდიურია, მას ჭეშმარიტი ფრანგული სინატიფე ახასიათებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები