ბენედიქტე (ქიოტიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენედიქტე – ქიტოშვილი ბესარიონი (დ. თ. უცნობია – 09.03.1862, ათონის მთა, საეკლესიო მოღვაწე, სქემმღვდელმონაზონი.

ბიოგრაფია

დაიბადა XVIII საუკუნის II ნახევარში, იმერეთში, მღვდლის ოჯახში. წერა-კითხვა სახლში, მამისგან შეისწავლა და შემდეგ თვითონაც სოფლის მღვდელი გახდა.

1810 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გაქცეული სლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსების ჯარის განდევნას აპირებდა. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა – ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტეს ძმა მეფე სოლომონის ამალის წევრი იყო და თავადაც მიღებულ მოძღვრად ითვლებოდა მეფის კარზე, მან თავი აარიდა რუსებთან დაპირისპირებას. გადმოცემის თანახმად, ერთ ღამეს ბენედიქტეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა: „რაკი ჩემს ერს ეურჩე, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენს დღეში ვეღარ გაიგონო“, – უთქვამს მისთვის. გავიდა ერთი კვირა და ბენედიქტეს ცოლი გარდაეცვალა, კიდევ ერთი კვირის შემდეგ – პირველი და მერე მეორე შვილი. ამ უბედურების შემდეგ იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებას მიენდო.

ბენედიქტე თავდაპირველად იერუსალიმში წავიდა და უფლის საფლავი მოილოცა. იერუსალიმის პატრიარქმა პატივით მიიღო, უბოძა ყოველივე სახმარი და ნება მისცა, მაცხუვრის საფლავის ეკლესიაში ქართულად აღევლინა წირვა-ლოცვა.

ავსტრიაში დაცული 1160 წ. გარეჯაში გადაწერილი (ვენ. 4) ხელნაწერის ერთი მინაწერიდან ჩანს, რომ ბენედიქტე 1813 წლის დეკემბერს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა. იქვე შესდგომია ქართული ხელნაწერების აღდგენა-განახლების საქმეს. 1813-1814 წლებში მას სწორედ ეს (ვენ. 4) ხელნაწერი განუახლებია. წმ. მიწაზე ბენედიქტე რამდენიმე წელი დარჩა. მას მინაწერები დაურთავს კიდევ ხუთი ხელნაწერისთვის: 1814 წელს – „პარაკლიტონის“, „მამათა ცხოვრებისა“ და წმ. იოანე სინელის „კლემაქსის“ ორი სხვადასხვა ნუსხისთვის; 1815 წელს – „სამოციქულოს თარგმანებისთვის“. დაახლოებით იმავე დროს უთარიღო კოლოფონები უნდა დაერთო ჯვრის მონასტრის კიდევ სამი ხელნაწერისთვის: „სამოციქულო“, „ფსალმუნთა თარგმანება“ და „მამათა სწავლანი“ (XII-XIII სს.). „კლემაქსისა“ და „ფსალმუნთა თარგმანების“ მინაწერებში ბენედიქტე საკუთარ თავს მაღრაძე-ქიოტიშვილად ან მაღრაძედ მოიხსენიებს.

ბენედიქტემ ოთხი წელი იმსახურა უფლის საფლავთან, მაგრამ უამრავ პილიგრიმთან შეხვედრა, ამა სოფლის აურზაური აშფოთებდა მყუდროების მოსურნე მის სულს, ამიტომაც ათონზე წასვლა და იქ ივირონში დასახლება განიზრახა.

ათონზე ჩასული ბერი ივირონში არ მიუღიათ, რადგანაც არ იცოდნენ მისი ვინაობა და ამავე დროს იქ უკვე მისი მიწა-წყლის ერთი ქართველი ბერიც აღარ იყო. ბენედიქტემ იძულებით პანტელეიმონის რუსულ მონასტერს მიაშურა, იღუმენს წარუდგა, როგორც ცოდვილი ბერი, და ყველა ბრძანების აღსრულება აღუთქვა. მონასტერში იმხანად ახალ ეკლესიას აშენებდნენ. ბენედიქტეს მისცეს კურტანი და ისიც მონასტრის სხვა ძმებთან ერთად შეუდგა სამშენებლო მასალის ზიდვას. ოთხი წლის შემდეგ მონასტერს იერუსალიმიდან ერთი არაბი ეწვია. მან აივნიდან მამა ბესარიონს მოჰკრა თვალი, იცნო იგი და იღუმენს უსაყვედურა: „ღმრთისა აღარ გეშინია, მღვდლისთვის კურტანი რომ აგიკიდებია?! ჩემი თვალით მინახავს, უფლის საფლავთან რომ წირავდაო“. განცვიფრებული იღუმენი საბა სენაკში ხლებია ბენედიქტეს, ვინაობა გამოუკითხავს და ისევ მღვდლის ხარისხზე დაუყენებია, მღვდლობის დაფარვისთვის კი კანონი დაუდვია: ორმოცი დღის განმავლობაში უნდა ედევნებინა თვალყური მონასტრის ჩაუქრობელი კანდელებისთვის.

მონასტრის ბერები დიდი პატივით ეპყრობოდნენ ბენედიქტეს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა „ცოდვილსა და გლახაკს“ და როცა შეიტყო, დიონისოს მონასტერში მკაცრი ტიპიკონი აქვთო, იქ გადასახლდა. მალე ამავე მონასტერში მისულა მისი ძველი მეგობარი, მღვდელი იესე ყანჩაველი. 1821 წ., დიდმარხვისას, ორივე დიდი სქემით შეიმოსა – მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მამა ბესარიონს – ბენედიქტე. ილარიონი პირველი შემოსეს სქემით, მაგრამ ბენედიქტეს მაინც თავის უფროს ძმად და მოძღვრად მიიჩნევდა.

1821-1830 წლებში ათონის მთას თურქები დაეპატრონენ. ბერძნებმა მონასტერი დატოვეს, ქართველები ბენედიქტეს თაოსნობით დარჩნენ და გარკვეული გავლენა მოახდინეს თურქთა ჯარის უფროსზე, ლაბუტ-ფაშაზე (ჭყონიაზე). მათ იხსნეს ივირონი და ზოგიერთი სხვა სავანე თურქებისგან. ერთ ხელნაწერზე დაცულია მინაწერი, რომელიც გვამცნობს ბენედიქტეს საქმიანობას ივერთა მონასტერში თურქთა შემოსევისას. მაშინ, როდესაც ბერძნებმა მიატოვეს სავანე, „დროსა ჭყონია ფაშის შესვლისასა ლაშქრით ივერიის მონასტერში, ვინაიდგან მისისა შიშისა გამო სხვა არავინ მოწესე მღვდელმონაზონი ბერძენთაგანი აღარ იპოვებოდა, მამა ბენედიქტე ამით ასრულებდა ლოცვას ბერძნულ ენაზედ, ხოლო საიდუმლოს და ყოველს წესს ღვთისმსახურებისას ეკლესიაში ქართულს ენაზედ“.

1830 წელს ათონს კვლავ ბერძნები დაეპატრონენ და თანდათან შეავიწროვეს ქართველები, თავდაპირველად დიდი ტაძარი წაართვეს, შემდეგ სულ გააძევეს და წმ. ელია წინასწარმეტყველის სკიტი მიუჩინეს საცხოვრებლად.

1834 წელს ბერთან მორჩილად წმ. გაბრიელ ქიქოძის ძმა ბასილი მისულა. ბენედიქტემ ბასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა. მალე ბენედიქტეს დაემოწაფნენ ოდიშელი გიორგი რატიანი (ბერობაში – გრიგოლი), დავით დადიანის მოურავის ბასილ რატიანის შვილი, გელათის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ სერაპიონის ძმა – ქაიხოსრო ახვლედიანი (ბერობაში – ქრისტეფორე). შემდგომში მათ შეემატათ საქართველოდან ჩასული რამდენიმე სხვა ბერი.

ბენედიქტე ფრიად მოშურნე მმარხველი იყო. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ლუკმას არ ჩაიდებდა და არც წყალს დალევდა. ამ მორჩილებას ის 1834 წლიდან ასრულებდა. ბერობის კანონს სკვნილზე ასრულებდა. სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას აუცილებლად აღავლენდა წირვას. მონასტერში მხოლოდ სააღდგომო სადღესასწაულო ლოცვას ესწრებოდა ღამისთევით. შემდეგ მსწრაფლ ბრუნდებოდა სენაკში, რომ წირვა დაეყენებინა. ათონის მთაზე მოღვაწეობის პერიოდშიც ზრუნავდა სასულიერო წიგნებზე. ერთ-ერთ ხელნაწერზე არის ასეთი მინაწერი: „მთაწმიდას რომ მოვედ – იზ (17) წელი არს. ამ მონასტერში იგ (13) წელი არს“ და „ეს წიგნი სიძველისაგან დაშლილი იყო და შევაკვრევიე, რაც გეეწყობოდა და სხვაც, რ{ომე}ლიც [ნაზედა?] შევიძლე, შევკაზმე ჩყლგ (1833). ღვთისმშობლის კარის მღვდელ-მონაზონი“.

ბენედიქტე 1862 წლის 9 მარტს, დიდი მარხვის მესამე კვირის პარასკევ დღეს გარდაიცვალა.

ხ. ბაინდურაშვილი
გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 4, თბ., 1954; იქვე, ტ. 5, თბ., 1955;
  • ხელნაწერთა ინ-ტის ხელნაწერთა აღწერილობა, A ფონდი, საქმე №1141, ფურც. 27.
  • ანტონი (მთაწმინდელი) მღვდელმონაზონი, XIX საუკუნის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრე კეთილმოღვაწე მამათა ცხოვრებანი, თბ., 2005;
  • „კარიბჭე“, 2005, №3 (14);
  • მარი ნ., იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, თბ., 1955;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
  • ფერაძე გ., ქართული ხელნაწერების შესახებ ავსტრიაში, „მწიგნობარი“, თბ., 2004;
  • ჯოჯუა თ., წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე და 1160 წ. გარეჯში გადანერილი ერთი უცნობი ხელნაწერი, „ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები“, 2002, №5.


Logo1.JPG ბენედიქტე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები