ბესარიონი (ქიქოძე ბასილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბესარიონი, (ქიქოძე ბასილი) - (1807, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა, სოფ. ბახვი – 09.10.1893, ათონის მთა), საეკლესიო მოღვაწე, სქემმონაზონი, წმ. ეპისკოპოს გაბრიელის უფროსი ძმა.

დაიბადა მღვდელ მაქსიმე და ანა ქიქოძეების მრავალშვილიან ოჯახში. მაქსიმე დაწინაურებული იყო გურიის მთავრის, მამია V გურიელის კარზე – მსახურობდა მათ კარის ეკლესიაში. ბასილ ქიქოძის პაპა, მღვდელმონაზონი გერასიმე, დაქვრივების შემდეგ ლეჩხუმში, სოფელ ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა. პატარა ბასილიც სიყრმიდანვე ამ მონასტერში იზრდებოდა, სადაც შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. პაპის გარდაცვალებისთანავე მორჩილი ბასილი ათონის მთაზე გაემგზავრა.

ათონზე გამგზავრება მას გადააწყვეტინა სქემმღვდელმონაზონ ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) მიერ ბერად აღკვეცილი ბასილის მეზობლის მონათხრობმა ათონელთა ბერულ ცხოვრებასა და ბენედიქტეს მოღვაწეობაზე. მიუხედავად უსახსრობისა, ბასილი ფოთიდან ზღვით გაემგზავრა კონსტანტინოპოლისკენ. გზად ერთმა სომეხმა ვაჭარმა ურჩია, ფინანსური დახმარების მიზნით მიემართა ტრაპიზონის ფაშისთვის, რომელიც ქრისტიანებს სწყალობდა და ეხმარებოდა კიდეც. ახალგაზრდა მორჩილს გაუმართლა – ფაშამ მას იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა – 180 ლევი – უწყალობა.

1835 წ. 28 წლის ბასილ ქიქოძემ ათონს მიაღწია და მამა ბენედიქტესთან დამკვიდრდა. მალე მამა ბენედიქტემ ბასილი ბერად აღკვეცა და უწოდა სახელი ბესარიონი. ბესარიონმა ბენედიქტესთან ერთად 27 წ. გაატარა და მისი ხელმძღვანელობით მოსაგრეობის დიდ სიმაღლეს მიაღწია. სულ წმ. მთაზე ბესარიონმა 58 წ. იმოღვაწა და დიდად გაითქვა სახელი, როგორც საოცრად თავმდაბალმა და კაცთმოყვარე ბერმა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბესარიონი მძიმედ ავადმყოფობდა და მოძრაობა და ლაპარაკი უჭირდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1893 წ. 7 ოქტომბერს, ყველასათვის მოულოდნელად მან გვერდით მყოფ ბერებს აუწყა ათონზე თავისი მოწაფის, ქრისტეფორეს (ახვლედიანი) ძმის, დეკანოზ გიორგი ახვლედიანის, ჩამოსვლა. მოხუცი ბერის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია, მაგრამ მეორე დღეს გაირკვა, რომ დეკანოზი გ. ახვლედიანი ორ თანმხლებ ქართველთან ერთად მართლაც ჩავიდა ათონზე და დაუყოვნებლივ გაემგზავრა წმ. ილია წინასწარმეტყველის სენაკში ძმასთან, ქრისტეფორესთან და ბესარიონთან შესახვედრად. დეკანოზმა გ. ახვლედიანმა ბესარიონს ჩამოუტანა უმცროსი ძმის, ეპისკოპოს წმ. გაბრიელის წერილი, რომელიც ბესარიონს აღარც წაუკითხავს – მხოლოდ ემთხვია და უკან დააბრუნა. მეორე დღეს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

სცსა, გაბრიელ ქიქოძის პირადი ფონდი №1806, აღწერა 1, საქმე №25. ანტონი (მთაწმინდელი) მღვდელმონაზონი, XIX საუკუნეში ათონის წმიდა მთაზე მოსაგრე კეთილმოღვაწე მამათა ცხოვრებანი, თბ., 2005.


Logo1.JPG ბესარიონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები