ბენაშვილი ანდრია (ფილოლოგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრია ბენაშვილი – 2 (14). XII. 1852, სოფელი ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს რ-ნი, – 10 (23). XII. 1908, ქუთაისი), პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მოღვაწეობდა ქუთაისში, სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენას, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში – გალობას; ლოტბარობდა გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდს. გამოსცა „ქართული ხმები“. საეკლესიო გალობა წმ. იოანე ოქროპირის წირვის წესისა ქართლ-კახეთის კილოზედ; ხალხური სიმღერები, შეკრებილი და ნოტებზედ გადაღებული“ (1885). 1894 გამოსცა „მოკლე ქართული გრამატიკა“, რომელსაც სახელმძღვანელოდ იყენებდნენ საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში.

ბენაშვილის გრამატიკა

ბენაშვილის გრამატიკა ტრადიციული სქემით არის შედგენილი. როგორც სასწავლო დანიშნულების წიგნი, ითვალისწინებს მანამდე არსებულ სასკოლო გრამატიკებს და მოკლედ გადმოსცემს მორფოლოგიისა და სინტაქსის ძირითად საკითხებს. გრამატიკას წამძღვარებული აქვს ცნობები ქართული ანბანისა და მარცვალთრაოდენობის შესახებ. მოცემულია ანბანთრიგი – სულ 38 ასო (მ. შ. ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ) გრამატიკა. განმარტებულია როგორც „საგანი ანუ წიგნი, რომლითაც ვსწავლობთ მართლ-ლაპარაკსა და მართლ-წერას“. შედგება ორი ნაწილისგან: „ლექსთ-წარმოება” (ეტიმოლოგია) იკვლევს ქართულ ენაში ხმარებულ ყოველ სიტყვას, მისი ხმარებისა და ცვლილების წესებს: „ლექსთ-თხზულება“ (სინტაქსი). გვასწავლის სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას აზრის გამოსახატავად. დასახელებული ცხრა მეტყველების ნაწილი (არ ჩანს ნაწილაკი), შემდეგ კი მოცემულია მათი მოკლე დახასიათება.

ბრუნება“ განმარტებულია როგორც სახელების დაბოლოების ცვლილება. დასახელებულია შვიდი ბრუნვა, დღევანდელი ბრუნვების შესაბამისი. ბრუნების ტიპები ემყარება ხუთ ხმოვანს, რომლებზედაც ბოლოვდება სახელი, ი-ც ჩათვლილია ფუძისეულ ხმოვნად. მითითებულია ბრუნების დროს შენიშნული თავისებურებანი: რა შემთხვევაში ეკვეცება სახელს ფუძე, როგორია ამა თუ იმ სახელთან ბრუნვის დაბოლოებანი, რით გამოირჩევა ადამიანის სახელების ბრუნება. კუმშვა და კუმშვადი სახელები არ არის გათვალისწინებული. სახელზმნისა და მიმღეობის მოკლე დახასიათების შემდეგ განხილულია შეკავშირებულ სახელთა (მსაზღვრელ-საზღვრულის) ბრუნება.

ზმნების დახასიათება იწყება გვარის ფორმათა ჩვენებით (მოქმედებითი, ვნებითი, საშუალი), თუმცა არაფერია ნათქვამი გვარზე, როგორც გრამატიკის კატეგორიაზე. ზმნის სხვა კატეგორიათაგან ავტორი ეხება პირსა და რიცხვს, კონტაქტს, დროსა და სახეს (ასპექტს). დრო სამია: აწმყო, ნამყო (ვწერდი) და მყოფადი, სახე – ორი: სრული (დავხატე) და უსრული (ვხატავ). ზმნის დანარჩენი ფორმები ნაჩვენებია მოთხრობითი, ნატვრითი, პირობითი და ბრძანებითი კილოს მიხედვით. „მიმოხრა“ (უღლება) განმარტებულია როგორც ზმნის პირთა მიხედვით „ცვლილება დროში და რიცხვში, როდესაც ზმნებს ან თავი ეცვლებათ, ან ბოლო“. მსჯელობას ერთვის უღლების პარადიგმები.

ფორმაუცვლელი სიტყვებიდან განხილულია ზმნიზედა, თანდებული, კავშირი და შორისდებული.

სინტაქსი წინადადების განმარტებით იწყება („სიტყვებით გამოხატული აზრი“). წინადადებაში ორი უმთავრესი ნაწილია გამოყოფილი: ქვემდებარე და „შესმენილი“ (შემასმენელი), ხოლო წინადადების დანარჩენ წევრებს „ამხსნელი სიტყვები“ ჰქვია. მათგან ნაწილი – „დამატებითი სიტყვები“ – მიეკუთვნება შემასმენელს და მას განმარტავს (იგულისხმება გარემოებანი და დამატებანი). დანარჩენი „დამატებითი სიტყვები“ ქვემდებარეს ან ერთ-ერთ დამატებით სიტყვას განმარტავენ. წინადადება განხილულია აგებულების მიხედვითაც; გარჩეულია მოკლე (გაუვრცობელი) და ვრცელი (გავრცობილი); მარტივი, გაერთებული (შერწყმული) ან რთული. აქვე განხილულია ამ წინადადებათა სახეები მაგალითების ჩვენებით. ყურადღება ეთმობა ჩართულ სიტყვათა და წინადადებათა დახასიათებას (იგულისხმება: ჩართული, დანართი, მიმართვა, პირდაპირი ნათქვამი.) ბოლოს მოცემულია მართლწერის (პუნქტუაციის) ნიშნები და მათი ხმარების წესები.

დ. ჩხუბიანიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები