ახატანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახატანი. წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ახატანის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია – (დუშეთის მუნიციპალიტეტი, წილკნისა და დუშეთის ეპარქია), მდებარეობს სოფ. ახატნიდან 2.5 კმ-ის დაშორებით ტყეში.

ტაძარი გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7 X 6 მ). ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, საბჯენი თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაწყობი. ჩამონგრეულია კამარისა და საბჯენი თაღების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთელ სიმაღლეზეა გარღვეული აფსიდა, ჩამოშლილია გარეთა კუთხეების ზედა ნაწილები, დასავლეთ ფრონტონის ჩრდილოეთ ნახევარი და კრამიტის საფარი. აქა-იქ მორღვეულია საფასადო წყობა და ლავგარდანი. შესასვლელებში სამხრეთით და ჩრდილოეთიდანაა ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით. ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდასახურავიანი, შიგნიდან ნახევარწრიული კამარით გადახურული პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთით აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. აფსიდას თითქმის მთელ სიგრძეზე გასდევს ჩამოსაჯდომი საფეხური, რომლის შუაში, სარკმლის ქვემოთ, გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა ერთსაფეხურიანი ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი.

ტაძრის მოხატულობა მისი თანადროულია. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება (განვითარებული რედაქცია). ქვემოთ – ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), სარკმლის წირთხლებზე – ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ მთელი ტანით გამოსახულია ორი წმ. მეომარი. ამავე კედის დასავლეთ ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე ქტიტორის გამოსახულებაა. მას საერო ტანსაცმელი აცვია და ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. სამხრეთ კედლის დასავლეთ პილასტრზე გამოსახული კომპოზიცია არ გაირჩევა. სარკმლის წირთხლზე ჩვილი მაცხოვარია ბარძიმში.

დასავლეთ კედლის მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად. ზემოთ გამოსახულია დიდი ზომის სცენა – იერუსალიმს შესვლა. ქვედა რეგისტრი ცალკეულ გამოსახულებებსა და ერთ სცენას შეიცავს. კედლის სამხრეთ კიდესთან ქალის ფიგურაა მონაზვნის სამოსში, რომელსაც ცის სეგმენტში წელზევით მოცემული მაცხოვრისკენ აღუპყრია ორივე ხელი. მას, ისევე როგორც ქტიტორს, შარავანდი არ გააჩნია. მის გვერდით შედარებით მცირე ზომის ორი მარტვილი, ხოლო კედლის ჩრდილოეთ ნაწილში ჯოჯოხეთის წარმოტყვევნაა გამოსახული. ამავე კედლის სარკმლის წირთხლებზე წარმოდგენილია მარიამ ეგვიპტელის ზიარების სცენა. აქვე შემორჩენილია ერთადერთი ასომთავრული წარწერა – „წ-აი ზოსიმენ“. ნავის ჩრდილოეთ კედელზე ნალესობის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. შემორჩენილია ორი წმ. მეომრის გამოსახულება ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში და წმინდანის ფიგურა – ამავე რეგისტრის დასავლეთ ნაწილში. მხატვრობაში გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტი. კოლორიტი ნათელია და სუფთა. გაბატონებული ფერებია ლაჟვარდოვანი ცისფერი, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო აგურისფერი, მოწითალო ყავისფერი, წითელი (ამჟამად – ჩაშავებული). ნახატი მოქნილი და დინამიკურია.

ფასადები სხვადასხვა ფორმისა და ზომის სრულიად დაუმუშავებელი ქვიშაქვითაა ნაწყობი, რომელშიც ჩართულია თანაბარი მანძილებით დაცილებული აგურის თითორიგიანი შრეები. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი დასავლეთის ფასადის ფრონტონზე აგურის კომბინირებული წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია. ფასადები საფეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომლის დიდი ნაწილი ჩამოშლილია.

იოანე ნათლისმცემლის ტაძართან ახლოს დგას რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით აგებული მცირე ზომის ეკლესია, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული.

ფ. დევდარიანი
თ. დვალი

ლიტერატურა

დევდარიანი ფ., დვალი თ., იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მცირე ეკლესია (ახატანში), წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები