ახატანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახატანი. წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ახატანი – სოფელი საქართველოში (დუშეთის რ.) მდებარეობს მდინარე ახატნის წყლის მარჯვენა ნაპირზე.

ქართულ საისტორიო საბუთებში ახატანი XI საუკუნის I ნახევრიდან ჩნდება. მელქისედეკ კათალიკოსის მიერ სვეტიცხოვლისადმი შეწირული სოფლების ნუსხაში („დაწერილში“) ახატანი კახეთში შემავალ სოფლად მოიხსენიება: „და საკოეთს შევიპყრენ (=დავიჭირე, დავისაკუთრე, გ.ბ.) და ავაშენენ სოფელნი ბ ნაქალაქევი და ბერდაძორი; და ქართლს მონასტერი პალავრაჲ ოთხითა სოფლითა... და კახეთს ახატანს უბანი ა და ნოსორნაჲ“,) სოფელი ა, XI-XII საუკუნეებში და შემდგომაც, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ვრცელი ტერიტორია, ხერკის მთიდან მოკიდებული ერწო-თიანეთამდე, კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა. ეს ვითარებაა ასახული მელქისედეკ კათალიკოსის ამ „დაწერილშიც“.

ახატნის წარმოშობის თაობაზე ხალხში შემორჩენილია ლეგენდა, რომელშიც გაიდეალებულია ქართველი ქალის როლი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

თამარ მეფე რომ გარდაცვლილა, თათრებს გული მისცემიათ და დიდი ლაშქრით წამოსულან. მთელი მცხეთა და არაგვის ხეობა აუკლიათ. თათრის ერთ-ერთ ბელადს თავისი ჯარით ახატანი დაუჭერია და სოფლის გადაწვა უბრძანებია. ამ დროს ბელადთან მისულა ერთი ყმაწვილი ქალი და უთხოვნია, ვაჟკაცი კაცი ჩანხარ, სოფელს ცეცხლს ნუ მისცემო. თათრის ბელადს თურმე ეს ქალი ძაან მოეწონა, იმისი სიყვარული გულში ჩავარდნია და ცოლობა უთხოვია. ქალიშვილი უარზე დამდგარა, რჯულს თუ შეიცვლი, გამოგყვები, არ შეიცვლი და ურჯულოს ცოლობას ისევ ცოცხლად დამარხვა მირჩევნიაო. გაბრაზებულა თათრის ბელადი და თავის მხლებლებისათვის უბრძანებია, ამ გიაურ ქალს ტანთ გაჰხადეთ, ნავთი გადაასხით და დაწვითო. როცა ქალისათვის ტანსაცმელი შემოუხევიათ, იმის სილამაზეს ყველანი ადგილზე გაუქვავებია. – შესდექითო, – დაუძახნია თათრის ბელადს, – ახლავე შემოსეთო და აქ მომგვარეთო! მიუყვანიათ. – მაგ სილამაზისათვის და სიმამაცისათვის სიცოცხლე უნდა გაჩუქოო, – უთქვამს ამ ბელადს, – სიცოცხლესაც გაჩუქებ და, სხვას, რასაცა მთხოვ, ყველაფერს აგისრულებო. – დამწვი ცოცხლად და სოფელს ხელს ნუ ახლებო! – უთხოვნია ქალს. თათრის ბელადი მართლა ვაჟკაცი კაცი ყოფილა, ლაშქარი აუყრია და იქაურობას გაშორებია, აღარც ქალი დაუწვია, აღარც სოფელი. მიდის ეს თათრის ბელადი და თან თურმე იმ ქალის სილამაზეს მიელაპარაკება: –- „ახ, რა ტანი ჰქონდა, ახ, რა ტანიო!“ ამ ამბის შემდეგ ჩვენ ხალხს სოფლისთვის ახრატანი, იგივე ახატანი შეურქმევია და დღესაც ეგრე ვეძახით“ (ვანო ლაფანაშვილი, ს.ლაფანაანთკარი, დუშეთის რ.).

ძნელი არ არის დავრწმუნდეთ, რომ ამ თავისთავად შთამბეჭდავ გადმოცემას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ ხალხმა ტოპონიმ ახატანში შესიტყვება „ახ, რა ტანი“ ამოიკითხა და თქმულებაც ამის შესაბამისად შეთხზა.

ჩვენი ვარაუდით სახელწოდება ახატანი ორი სიტყვისაგან უნდა იყოს შედგენილი. ეს სიტყვებია ახალი და ტანი. ქართულ ტოპონიმიაში მსაზღვრელ სიტყვად საკმაოდ ხშირად გვხვდება „ახალი“. რთულფუძიან ტოპონიმებში „ახალი“ ზოგჯერ შეკვეცილი „ახა“ ფორმით ვლინდება, როგორც ეს კახეთის სოფლის სახელწოდება ახაშენ-ში დასტურდება (ახალ-შენი – ახალ-სოფელი). ანალოგიური წესით წარმოქმნილა ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ახატანიც. იგი ნიშნავს: „ახალი ტანი“. სიტყვა ტან-ი ქართლურ დიალექტში, სხვა მნიშვნელობებთან ერთად, ეწოდება მიწის ვრცელ ნაკვეთს. ეს სიტყვა ამ გაგებით დასტურდება კასპის რაიონი მიკროტოპონიმიაშიც. აქ, კერძოდ, გვხვდება ადგილის სახელები: კოშკი(ს) ტანები და კოშკიტანების მიწები. ვფიქრობთ, სიტყვა ტან-ი გვაქვს კახურ კუჭატან-შიც (გავიხსენოთ მიხ. ჯავახიშვილის რომანის „არსენა მარაბდელის“ პერსონაჟი გიორგი კუჭატნელი). კუჭატან-ი ნიშნავს: „ამობურცული მამული“, „ზურგამიწები“, „მამული, რომელშიც კუჭივით ამოშვერილი, ამოზიდული ადგილებია“. საფიქრებელია, იგევე ტან-ი იძებნებოდეს სამცხე-ჯავახეთის ისეთ ცნობილ ტოპონიმებში, როგორებიცაა: ალასტანი, მარგასტანი|მარგისტანი“ და სხვ. როგორც ჩანს, სიტყვა ტან-ი („მიწის დიდი ნაკვეთი“, „სახნავ-სათესი სავარგულები“) არაგვის ხეობის ქართლურისთვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხო და ამ სიტყვის გამოყენებით კიდევაც შექმნილა ტოპონიმი ახალტან–ი („ახლად გატეხილი საყანე მიწა“, „ახოებად ქცეული ტანები“, „ტანის მიწები“). მოგვიანებით ახალტან – ფორმას თანხმოვნის ჩავარდნით ახატანი მოუცია.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები