აღორძინების ეპოქის იტალიური თეატრი
აღორძინების ეპოქის იტალიური თეატრი – აღორძინების ეპოქა კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ხანაა. ეპოქა, როდესაც დაიწყო მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული მოძრაობა, როდესაც მოხდა ძველი ფეოდალური ფორმაციის რღვევა და ახალი კაპიტალისტური საფუძვლების ჩაყრა. დასუსტდა ეკლესიის დიქტატურა და გაიმარჯვა თავისუფალმა აზროვნებამ. ცვლილებები შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. დაიწყო მეცნიერებისა და ხელოვნების დარგების საფუძვლიანი შესწავლა. ჰუმანისტები სწავლობდნენ ადამიანს, მის ბუნებას, თავისებურებებს, აზროვნების სტილს, ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმებს. მათ ყველაზე მაღლა დააყენეს ადამიანური ფასეულობები. სწორედ აღორძინების ეპოქის მსოფლმხედველობრივ საწყისად იქცა თავისუფალი ადამიანის ყოველმხრივი განვითარების პრინციპი.
აღორძინების ეპოქამ მსოფლიო კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების სფეროში უდიდესი გადატრიალება მოახდინა, შექმნა დაუვიწყარი სახელები და კაცობრიობას დაუტოვა მათი შედევრები. ამ ეპოქის უდიდესი გენიოსები იყვნენ: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი, ჯოვანი ბოკაჩო, ლოპე დე ვეგა, მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი, ჯორდანო ბრუნო და სხვ.
სარჩევი |
ეპოქის ზოგადი მიმოხილვა
რენესანსი იყო კაპიტალიზმის ჩასახვისა და განვითარების, მეწარმეთა მიერ მშრომელთა გაუგონარი ექსპლუატაციის ხანა. სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა ბურჟუაზიულმა კლასმა – ეკონომიკური ცხოვრების მარეგულირებელმა ძალამ. ძალამ, რომელიც იცავდა საკუთარ ადამიანურ უფლებებს და მოქალაქეობრივ თავისუფლებას.
რენესანსი (ფრანგული სიტყვა – აღორძინება) – ეს ტერმინი პირველად პროფესორმა ჯორჯო ვაზარიმ გამოიყენა, მოგვიანებით კი მთელ ევროპაში გავრცელდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ანტიკური ეპოქის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შთაგონების წყაროდ იქცა. დაიწყო ანტიკურობისადმი მიბაძვა და მასზე დაყრდნობით ახალი კულტურის ჩამოყალიბება. მაგრამ სინამდვილეში რენესანსის ხელოვნებამ სრულიად ახალი, დამოუკიდებელი კულტურა შექმნა, წარმოაჩინა აღორძინების ეპოქის უმთავრესი ღირებულება – რეალური სამყარო, რომლის ეპიცენტრში ახალი ტიპის, თავისუფალი ნების მქონე, ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი დგას, თავისი განუზომელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით.
XIV საუკუნიდან იტალიაში იწყება ფართო საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობა, რომელიც დასრულდა კარდინალური გადატრიალებით კულტურის ყველა სფეროში. იტალია იყო ყველაზე მოწინავე კაპიტალისტური ქვეყანა, ამიტომაც გახდა რენესანსის სამშობლო, რომელსაც შემდგომში მიბაძეს სხვა ქვეყნებმაც: ინგლისმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ. მთავარი განმსაზღვრელი მომენტი, იტალიის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში, მისი ადრეული და ძლიერი ეკონომიკური განვითარება იყო. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხმელთაშუა ზღვაში სოლივით შეჭრილი ნახევარკუნძული, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპარეზის ცენტრი ხდება. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის მესამე წოდება – ვაჭართა ფენა.
აღმოჩენილ იქნა ახალი მატერიკები, მათკენ სავალი გზები, დაიწყო გემთმშენებლობა, შეიქმნა ფლოტილია, განვითარდა მრეწველობა, ვაჭრობა.
იტალია ევროპის სხვა ქვეყნებზე ადრე შეუდგა სავაჭრო ურთიერთობას აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ვაჭრები კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს ახალ-ახალი ბაზრების დაპყრობისათვის. ისინი მოგზაურობდნენ ბიზანტიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მცირე აზიაში, შავი ზღვის სანაპიროზე და ა. შ. იქ იაფად ყიდულობდნენ საქონელს, შემდეგ შემოჰქონდათ ევროპის ბაზრებზე, ჰყიდდნენ ძვირად და დიდი მოგება რჩებოდათ.
ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მეცნიერება და ტექნიკა, მრეწველობა და საბანკო საქმე. კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ გავლენა იქონია ბურჟუაზიის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. დროთა განმავლობაში ბურჟუაზია გაარისტოკრატდა. მისი წარმომადგენლები ნელ-ნელა ხელისუფლების სათავეში წამყვან ადგილებს იკავებდნენ. დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს ახალი მოწყობის პრობლემა, სახელმწიფოს ახალი მოდელის შექმნა, რომელსაც არეგულირებს ახალი ტიპის ადამიანი. სწორედ იტალიაში მოხდა ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბება. ადამიანმა გააცნობიერა საკუთარი თავისუფლება. დაფიქსირდა ძლიერი, თავისუფალი ნების მქონე ადამიანის სულიერი კონსტიტუცია. აღორძინების ეპოქამ წინ წამოსწია ადამიანის კულტი, საკუთარი ვნებით, გონებით, ნებისყოფით და რაც მთავარია, თავისუფალი ასკეტიზმისაგან.
იტალიაში აღორძინების ეპოქამ რამდენიმე ეტაპი განვლო: ადრეული აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების ნიშნები; მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი და გვიანი აღორძინება, ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ, ღრმა კრიზისი გამოიწვია ხელოვნებაში.
ლიტარატურა და თეატრი
ცნობილია, რომ იტალიაში რენესანსული კულტურა იწყება XIII საუკუნის II ნახევრიდან, ფრიდრიხ II-ის კარზე – ლიტერატურულ წრეებში. ქვეყნის კულტურას აშკარად გამოსახული დემოკრატიული თვისებები დაეტყო, რომელსაც პირვანდელი საფუძველი ჩაუყარა იტალიური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – დანტე ალიგიერმა.
თავის ფილოსოფიურ, პუბლიცისტურ ტრაქტატებში, თუ განსაკუთრებით მის უკვდავ „ღვთაებრივ კომედიაში“, პირველად დაფიქსირდა ახალი ხელოვნების ძირითადი თვისებები – ცხოვრებისადმი რეალისტური მიდგომა და ხალხურობა, რომელმაც შემდგომი განვითარება ჰპოვა იტალიელ ჰუმანისტთა – პეტრარკასა და ბოკაჩოს შემოქმედებაში.
XIV საუკუნის იტალიაში არსებობას განაგრძობდა შუასაუკუნეების საეკლესიო თეატრის ერთ-ერთი სახეობა – ლიტურგიული დრამა. წარმოდგენები ლათინურ ენაზე იმართებოდა, ლათინური ლიტურგიული დრამის გვერდით იტალიაში გავრცელდა ეგრეთ წოდებული ლაუდები (რელიგიური სახოტბო გალობანი). თავისი შინაარსით მისტიკური ლაუდები ზოგჯერ სატირული თვისებებითაც კი ხასიათდებოდა. მათი მელოდიები ხალხური წყაროებიდან იყო ნასაზრდოები. ლაუდებისთვის იყენებდნენ საკარნავალო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერების მოტივებს. ამ გალობებს ხშირად ცეკვებიც ახლდა.
XV საუკუნეში, ლაუდებისგან დამოუკიდებლად, აღმოცენდა და გავრცელდა ეგრეთ წოდებული „წმინდა წარმოდგენები“ – მისტერიის მაგვარი ჟანრი. მაგრამ ჰუმანისტები შუასაუკუნეების ჟანრებს უარყოფდნენ, რადგან ვერაფერს ღირებულს ვერ ხედავდნენ რელიგიურ თეატრში. დრამაში მათი პირველი ცდა დაკავშირებული იყო მისტერიის ფორმატის გამოყენებასთან, რაც ყველაზე უფრო გავრცელებული თეატრალური ჟანრი იყო XV საუკუნეში. თანდათან თეატრში და დრამატურგიაში იწყება ჰუმანისტების იდეების დამკვიდრება.
იტალიელმა ჰუმანისტებმა პიესის შინაარსად – ყოველდღიური ყოფა მიიჩნიეს, გმირად – ადამიანი, მოქმედების საფუძვლად – ადამიანური ურთიერთობები, მთავარ ღირებულებად თავისუფლების და სამართლიანობის იდეა. ამით რელიგიურმა დრამატურგიამ საბოლოო დარტყმა მიიღო. თანდათანობით რეალისტური დრამის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ ჰუმანისტი დრამატურგების დიდი ნაწილი ანტიკურ დრამატურგიას აღიქვამდნენ როგორც დოგმას, რაც ერთგვარად ბოჭავდა ეროვნული დრამატურგიის განვითარებას, ზღუდავდა მათ შემოქმედებით ფანტაზიას.
იტალიური კომედია
რომში ახალ დაარსებული უნივერსიტეტის მასწავლებელთა შორის გამოირჩეოდა პომპონიო ლეტო (1427-1497). მან გადაწყვიტა, ყველა დეტალით აღედგინა ანტიკური რომის თეატრი და თავის მოწაფეებთან ერთად თეატრი საკუთარ სახლში ჩამოაყალიბა, სადაც ორიგინალში ითამაშეს პლავტუსისა და ტერენციუსის პიესები. ლეტოს ამ წამოწყებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და დაიწყო დრამატურგიის განვითარების საწყისი ეტაპი.
ლათინური ენა ყველასათვის გასაგები არ იყო და ამიტომ ანტიკურ პიესებს თარგმნიდნენ. მითოლოგიურ სიუჟეტებზე აგებული პიესები, ანტიკური რომაული კომედიები დიდ ინტერესს არ იწვევდა ფართო მაყურებელში, რადგან ძალზე შორს იყო თანამედროვე ცხოვრებიდან. ეს პიესები უმთავრესად აინტერესებდათ მხოლოდ სპეციალურად ანტიკურობის შემსწავლელ განათლებულ ადამიანებს.
იტალიური დრამატურგიისათვის დამახასიათებელი იყო მწიგნობრულ-პედანტური მიბაძვა ძველი ნიმუშებისა. სწორედ ამიტომ იტალიურ კომედიას ეწოდა „სწავლულთა კომედია“.
იტალიური ლიტერატურული დრამა ანტიკური დრამატურგიის გამოცდილებას ემყარებოდა. პლავტუსისა და ტერენციუსის კომედიები განსაზღვრავდნენ იტალიელ დრამატურგთა თემატიკას, მოქმედ პირთა შემადგენლობას, კომპოზიციურ აგებულებას. იტალიელი დრამატურგები თანამედროვე ცხოვრებასაც მიმართავდნენ და ძველი სიუჟეტებისათვის ეძებდნენ ახალ დრამატულ მოტივებს, ახალ ხასიათებს, შეჰქონდათ თანამედროვე ყოფის ელემენტები და სატირული სცენები.
მართალია, ამ პერიოდის იტალიური დრამატურგია სუსტია, მაგრამ ამასთანავე, იგი გვევლინება ახალი დრამის პიონერად, იგი არის შუამავალი ანტიკურსა და ახალ-ევროპულ დრამატურგიას შორის.
ლუდოვიკო არიოსტო
იტალიური კომედია ვითარდებოდა ორი მიმართულებით, როგორც სატირული, გასართობი ხასიათის, ასევე რეალისტური ხაზითაც. ეს ორივე ტენდენცია ახლდა ლუდოვიკო არიოსტოს (1474- 1533) შემოქმედებას. არიოსტოს ეკუთვნის პიესები: „კოლოფი“, „გრძნეული“, „მაჭანკალი“, „სტუდენტები“. მის პიესებში ბევრი ცეკვა იყო წარმოდგენილი, მოქმედებებს შორის ინტერმედიებს რთავდნენ. პიესის სიუჟეტური ქარგა მეტად დახლართული იყო. მისი კომედიები გამოირჩეოდა, მძაფრი მოქმედებით, ხასიათების სიმკვეთრით, ცოცხალი სამეტყველო ენით. დრამატურგი ნაკლებ ყურადღებას აქცევს გმირების საქციელის ლოგიკას, მათი გრძნობების სიწრფელეს, სამაგიეროდ, ეძებს ყოფით სიტყვებს, სადაც იყენებს თავის საყვარელ ხერხს – მოქმედ პირთა შენაცვლებას. არიოსტოს პიესები სატირული ხასიათისაა. მათში აღინიშნება რეალისტური ტენდენციები, რამაც ბიძგი მისცა იტალიური ნაციონალური კომედიის განვითარებას.
ბერნარდო დოვიცი
ამ პერიოდის დრამატურგთა შორის იყო ბერნარდო დოვიცი (1470- 1520), იგივე კარდინალი ბიბიენა. იგი იყო ჭკვიანი პოლიტიკოსი. მისი კომედია „კალანდრო“ მდიდარი ფეოდალების ფუფუნებით ცხოვრებას ასახავდა, რომელსაც წმინდა გასართობი ხასიათი ჰქონდა და უპირველესად არისტოკრატიული წრის გემოვნებას წარმოაჩენდა.
ნიკოლო მაკიაველი
ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) – იყო სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ნოველისტი, დრამატურგი. მას ეკუთვნის ცნობილი ტრაქტატი „მმართველი“, რომელშიც ავტორმა დახატა, მისი მოსაზრებით, მმართველის იდეალური სახე, რომელიც განთავისუფლებულია ყოველგვარი მორალური ვალდებულებისაგან. მაკიაველის აზრით, მმართველისათვის ყველაფერი ნებადართულია, თუ იგი სახელმწიფოს ინტერესებისათვის მოქმედებს.
მაკიაველის „მანდრაგორა“ ჰუმანისტური კომედიის ნიმუშია. მიჩნეულია, რომ ეს კომედია არის იმ საზოგადოებისთვის, რომლის ტრაგედია მოთხრობილია ტრაქტატში „მმართველი“. კომედია რეალისტურად ასახავს იმდროინდელ ცხოვრებას. მაკიაველმა უარი თქვა ანტიკურობის მიბაძვაზე და შექმნა ზნე-ჩვეულებათა კომედია, რომელშიც თანამედროვეობისათვის აშკარად გამოხატული მამხილებელი ტენდენციები წარმოჩინდა.
პიესის სიუჟეტური ქარგა სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს. ახალგაზრდა კალიმაკოს უყვარს ლუკრეცია, სამართლის დოქტორის, მოხუცი მესერ ნიჩას ცოლი. კალიმაკო, თავის მსახურთან ერთად, მოიფიქრებს ეშმაკურ სვლას, რის შედეგადაც ლუკრეცია მისი ხდება. ნიჩა ოცნებობს შვილზე. კალიმაკომ ეს იცის და ამიტომ ნიჩას მოევლინება ცნობილი ექიმის რანგში და ურჩევს, რომ მისმა ცოლმა მიიღოს მანდრაგორას ძირების ნაყენი, რის შედეგადაც ის დაფეხმძიმდება. ნაყენს კი ერთი საშიში თვისება აქვს: კაცი, რომელსაც ამ წამლის ძირების მიღების შემდეგ ურთიერთობა ექნება ქალთან, მოკვდება. ნიჩას, ბუნებრივია, სიკვდილი არ უნდა, ამიტომ, კვლავ კალიმაკოს რჩევით, გადაწყვეტს, წამლის ძირების მიღების შემდეგ, მისი ცოლის საძინებელში, ქუჩაში მოხეტიალე ნებისმიერი კაცი შეუშვას. ეს მოხეტიალე კაცი კი თავად კალიმაკო იქნება. კალიმაკოს, ლუკრეციას შეცდენაში, ხელს უწყობს ქალის მოძღვარი – ბერი ტიმოთეო. იგი გულუბრყვილო ქალს ურჩევს, ცოდვას არ შეუშინდეს. „ბერები გაქნილი ხალხია“ – ეს ფრაზა კომედიის ერთ-ერთ პერსონაჟს ეკუთვნის და სავსებით დასტურდება ტიმოთეოს მორალით და მოქმედებით. ის ცინიკურად ატყუებს აღსარებაზე მისულ ლუკრეციას, რომელსაც თავის სასარგებლოდ, თაღლითურად განუმარტავს სახარებას, რისთვისაც გასამრჯელოდ ოქროს მიიღებს.
მაკიაველი გვიჩვენებს, რომ ვიდრე ეკლესია განაგებს ადამიანის მორალს, სინდისს, საზოგადოება არ შეიძლება იყოს ჯანსაღი. საეკლესიო მორალს ავტორი უპირისპირებს ბუნებრივ მორალს, რომელიც ლუკრეციასადმი კალიმაკოს ვნებიან გრძნობაში აისახა. ქრისტიანული ასკეტიზმის, ფარისევლობასა და ყიდვა-გაყიდვაზე აგებულ ბურჟუაზიულ საოჯახო ურთიერთობათა წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდა კალიმაკოს, მეტი უფლებები აქვს ახალგაზრდა ლუკრეციას სიყვარულისა, ვიდრე ჩერჩეტ და გონებაჩლუნგ, მდიდარ ნიჩას. ამ პერიოდში პირველად გაისმა თავისუფალი სიყვარულის ჰიმნი, რომელიც ცხოვრების ყველა დაბრკოლებას დასძლევს. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ კომედიის წმინდა რენესანსული საწყისი.
პიეტრო არეტინო
ამ პერიოდის იტალიელი კომედიოგრაფებიდან აღსანიშნავია პიეტრო არეტინო (1492-1556) – მწერალი, დრამატურგი, სატირიკოსი, პუბლიცისტი. სატირებისა და პამფლეტების გამო მას უწოდებდნენ: „მეფეთა მრისხანე მსახვრელი, ღვთაებრივი არეტინო“. მკვლევრები მას ევროპული ჟურნალისტიკის წინამორბედად მიიჩნევდნენ. მისი პიესებიდან აღსანიშნავია „სასახლის კარის ზნე-ჩვეულებათა კომედია“. ამ პიესაში თანამედროვე ყოფა-ცხოვრებაა გამასხარავებული, სადაც ავტორი დასცინის პაპის კარს. ეს პიესა ძალზე სქემატურია. მის კალამს ეკუთვნის „პირმოთნე“, სადაც ავტორმა ამხილა ფარისევლობა. მისი პიესებია: „მჭედელი“, „ფილოსოფოსი“.
ჯორდანო ბრუნო
ჯორდანო ბრუნო (1548-1600) – ცნობილი იტალიელი მოაზროვნე. იგი იყო ბერი, დომინიკელთა ორდენის წევრი; ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი, პოეტი, პანთეისტი, ეზოთერიკოსი. 1592 წელს მას კათოლიკურმა ეკლესიამ ბრალი დასდო ერეტიკოსობაში. ბრუნო იძულებული გახდა გაქცეულიყო სამშობლოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ბრუნო დაიჭირეს და რვა წელი იჯდა ციხეში. 1600 წელს იგი კოცონზე დაწვეს.
ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: „მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ“, „მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ“, „განუზომელისა და ურიცხვის შესახებ“. თავის შრომებში ბრუნო აყალიბებს მოსაზრებას სამყაროს უსასრულობის შესახებ. იგი აღნიშნავს, რომ სამყარო ერთგვაროვანი (ერთი და იმავე ელემენტისაგან – ჰაერი, ცეცხლი, მიწა, წყალი, ეთერი) და ერთი საწყისიდან – მონადიდან წარმომდგარი სისტემაა, რომელსაც აქვს ახალ-ახალი ფორმების წარმოქმნის უნარი. მისი სწავლება სივრცესა და დროში უსასრულო სამყაროს შესახებაა. სამყაროები კი მრავალია. იგი ამტკიცებს, რომ ღმერთი და სამყარო ერთია. სამყაროში ღმერთის არსებობა განსაზღვრავს მის სრულყოფილებას. სამყარო მარტივი ელემენტებისაგან – მონადებისგან შედგება. ისინი არც წარმოიქმნებიან და არც ქრებიან, არამედ ერთდებიან და ცალკევდებიან. ეს მეტაფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ელემენტებია. სული – განსაკუთრებული მონადაა, ღმერთი კი – მონადათა მონადა.
ჯორდანო ბრუნო თავის კომედიაში „ნეაპოლიტანური ქუჩა“ („შანდალი”) ებრძოდა უმეცრებასა და რელიგიურ ფანატიზმს. კომედია „შანდალი” ამხელს ბურჟუაზიულ საზოგადოებაში გამეფებულ გარყვნილ ზნე-ჩვეულებებს და გამდიდრების გაუმაძღარ წყურვილს.
XVI საუკუნის დასასრულს იტალიაში შეიქმნა მრავალი კომედია, მაგრამ ამ რიცხობრივ ზრდას ხარისხობრივი დაქვეითება ახლდა. „სწავლულთა კომედია“ ბურჟუაზიული წრეების ყოფა-ცხოვრებას ასახავდა, მოქმედება კი განზრახ გართულებულ, დახლართულ ვითარებაში იშლებოდა. დრამატურგები აერთიანებდნენ რამდენიმე ანტიკური პიესის სიუჟეტს. პიესებში ინტრიგის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, ხასიათების დამუშავებას კი ნაკლები. პიესის მოქმედი გმირები მოკლებულნი იყვნენ ინდივიდუალურ თვისებებს. კომედიების მთავარი თემა, უმეტესწილად, სატრფიალო იყო, სიუჟეტური ქარგა ბანალური, სადაც ყმაწვილი კაცები იბრძოდნენ შეყვარებულების დასაუფლებლად, რომელთაც იცავდნენ ან ავი მამები, ან სხვა მზრუნველები. შეყვარებულთა შემწე, როგორც წესი, მოხერხებული მსახურები იყვნენ. სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება ხშირად გამოცნობასთან იყო დაკავშირებული.
იტალიური კომედიის ნაკლი იმით აიხსნებოდა, რომ დრამატურგიული მოქმედება სასცენო ხელოვნებისაგან იყო მოწყვეტილი, ვინაიდან არ არსებობდა მუდმივი თეატრი. თეატრალური კოლექტივები, როგორც წესი, არ დგამდნენ „სწავლულთა კომედიის“ ჟანრის პიესებს. დრამატურგები თავიანთ პიესებს აღიქვამდნენ, როგორც წმინდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და არ ზრუნავდნენ მათ სცენურობაზე. ეს კომედიები უმთავრესად წასაკითხად იყო საინტერესო. ამ მიზეზის გამო, ეს პიესები ვერ შევიდნენ ევროპული თეატრის რეპერტუარში (მხოლოდ ნიკოლო მაკიაველის „მანდრაგორა“ იდგმებოდა პერიოდულად).
იტალიური ტრაგედია
თუ კომედია, ძირითადად, ასახავდა ქალაქის ბურჟუაზიული საზოგადოების ცხოვრებას, ტრაგედია, პირიქით, არისტოკრატიული წრეებისთვის იყო განკუთვნილი. პირველი იტალიური ტრაგედია (1515), რომელიც ჯანჯორნო ტრისინოს ეკუთვნის, მხოლოდ რამდენიმე წლით ჩამორჩა პირველ იტალიურ კომედიას (1548-1550). მისი ტრაგედია `სოფონისბა~ ბერძნული ტრაგედიის მიხედვით იყო აგებული. „სოფონისბას“ სიუჟეტი რომის ისტორიიდან არის აღებული.
XVI საუკუნის ყველა იტალიური ტრაგედია არისტოკრატიული საზოგადოებისათვის ჩვეულ გრძნობებსა და ვნებებს ადიდებდა, მაგრამ დრამატურგიული ღირებულებები ამ ნაწარმოებებს არ გააჩნდა, შესაბამისად, სცენაზე მათი განხორციელება არ მომხდარა.
იტალიის სცენა დაიპყრო „საშინელებათა ტრაგედიამ“, რომელიც უფრო ახლოს იყო სენეკას დრამატურგიასთან, ვიდრე ბერძენ ტრაგიკოსთა შემოქმედებასთან. „საშინელებათა ტრაგედიის” პირველი ნიმუშები იყო სპერონე სპერონის „კანაკა~ და ჯირალდი ჩინტიოს „ორბეკა“. „საშინელებათა ტრაგედია“ იმით განსხვავდებოდა ტრაგედიისაგან, რომ მათში იყო სისხლიანი სცენები. აქ მოთხრობილი იყო ადამიანის ბოროტებაზე, ბედის ცვალებადობაზე, ბედნიერების წარმავლობაზე, ფუფუნების და დიდების არარაობაზე. დრამატურგია მაყურებელს უქადაგებდა ბედისადმი მორჩილებას. ერთადერთი ტრაგედია, რომელიც თავისუფლებისა და მოქალაქეობის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული,იყო არეტინოს ტრაგედია „ჰორაციები“ (ტიტუს ლივიუსის მიხედვით: ჰორაციუსების და კურიატების ბრძოლაზე).
ჯირალდი ჩინტიოს „ორბეკა“ „საშინელებათა ტრაგედიის“ ტიპური ნიმუში იყო. ტრაგედიის მთავარი გმირი, სპარსეთის მეფის ასული – ორბეკა, ფარულად იქორწინებს თავის შეყვარებულზე, სომხეთის პრინცზე – ორონტეზე. მისგან ეყოლება ორი შვილი. მამა კი ორბეკას აიძულებს მისთხოვდეს პართელთა მეფეს. ორბეკას საიდუმლო გამჟღავნდება, მამა ქორწილის დროს ლანგარზე მოართმევს ორბეკას მისი შვილის და ქმრის მოკვეთილ თავებს და ხელებს. ორბეკა შურს იძიებს, კლავს ჯერ მამას და იკლავს თავს. „საშინელებათა ტრაგედიას“ შიშის ძრწოლა უნდა გამოეწვია მაყურებელში.
პასტორალი
XVI საუკუნის II ნახევარში იტალიაში მესამე ლიტერატურული ჟანრი – პასტორალი ხდება, რომელიც გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე კომედია და ტრაგედია. ეს ჟანრი ცხოვრებას შორდებოდა და შელამაზებულ, გაიდეალებულ სამყაროს ქმნიდა. პირველი პასტორალები იყო: ჯირალდი ჩინტიოს „ეგლე“, ტორკვატო ტასოს „გათავისუფლებული იერუსალიმი“.
თეატრალური შენობა
ტრაგედიის, კომედიის და პასტორალური დრამის განვითარებამ სპეციალური თეატრალური შენობის არსებობის წინაპირობა შექმნა. ანტიკური თეატრალური შენობა-ნაგებობის შესწავლის ნიადაგზე, იტალიაში შეიქმნა დახურული თეატრალური შენობის ახალი სახეობა.
რომაელმა არქიტექტორმა ვიტრუვიმ ქალაქ ფერარში ააგო თეატრალური შენობა, რომელიც დაიწვა. შენობას ჰქონდა პროსცენიუმი და უკანა სცენა. მსახიობები მხოლოდ პროსცენიუმზე თამაშობდნენ. მოგვიანებით არქიტექტორმა სერლიომ მოხაზა დეკორაციების სამი ტიპი.
- I ტრაგედიისათვის – დიდგვაროვან ფეოდალთა ქვის შენობა-ნაგებობები.
- II კომედიისათვის – მდაბიოთა ყოფა და მათი საცხოვრებელისახლები.
- III პასტორალისათვის – ტყის პეიზაჟები, ტყის ქოხებით.
ოლიმპიური თეატრი
იტალიელ არქიტექტორებს სცენა და მაყურებელთა დარბაზი წარმოდგენილი ჰქონდათ, როგორც ჰარმონიული მთლიანობა. ეს პრინციპი განახორციელა ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა ანდრეა პალადიომ. მან არქიტექტორ სერლიოს კონცეფცია – დარბაზის და სცენის ერთიანობა უფრო მეტად სრულყო. მანვე საფუძველი ჩაუყარა ოლიმპიური თეატრის მშენებლობას, რომელიც დაასრულეს მისმა შვილმა და მოწაფემ მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ თეატრში მაყურებელთა დარბაზი წარმოადგენდა ნახევრად ოვალურ ამფითეატრს ცამეტი საფეხურით. ქვედა საფეხური სცენაზე მაღალი იყო. ამფითეატრის ზედა ნაწილს აგვირგვინებდა დიდებული კოლონა, რომელსაც ქანდაკებით შემკული მოაჯირები მიუყვებოდა. მაყურებელთა დარბაზი პროსცენიუმისგან გამოყოფილი იყო მომრგვალო ფორმის ორქესტრით. პროსცენიუმის ორივე მხარეს კარები, ხოლო მათ თავზე ლოჟები იყო განთავსებული. პროსცენიუმის უკანა ნაწილი კოლონებით შემკულ ორიარუსიან კედელს წარმოადგენდა. კოლონებს შორის ანტიკური გმირებისა და ღმერთების ქანდაკებები იყო განლაგებული. მეორე იარუსის ზედა ნაწილი მითოლოგიური სცენების ამსახველი ბარელიეფებით გვირგვინდებოდა. პროსცენიუმის კედელს სამი კარი ჰქონდა. კარებში მოჩანდა დეკორაცია, ქუჩის პერსპექტივით. ოლიმპიურ თეატრში დეკორაცია არ იცვლებოდა, რადგან ის მხოლოდ ტრაგედიების დადგმისთვის იყო განკუთვნილი. თეატრი გაიხსნა 1585 წელს სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ დადგმით. ეს იყო ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული.
ჰერცოგის ფარნეზეს კარის თეატრი
მოგვიანებით, ოლიმპიური თეატრის მიბაძვით, ქალაქ პარმაში აშენდა ჰერცოგის კარის თეატრი (1618-1619). მისი მშენებელი იყო პალადიოს მოწაფე, ჯოვანი – ბატისტა – ალეოტი (1546-1636). იგი ბევრად დაშორდა სერლიოსა და პალადიოს კლასიკურ ნორმებს. ჰერცოგ ფარნეზეს თეატრში მაყურებელთა დარბაზი წაგრძელებული ფორმის იყო, ნალის ფორმის ამფითეატრი ორჯერ აღემატებოდა ადრე აშენებული თეატრების ზომებს. ალეოტის აგებული თეატრი დიდგვაროვანი ჰერცოგის – ფარნეზეს საკუთრება იყო. ამ ნაგებობაში სცენის პერსპექტივის გადაწყვეტის ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. თანდათანობით გაჩნდა სცენის მოხატულობაც. მაგალითად, ხის ჩარჩოებზე ტილოთი გადაჭიმული ტერალიები (სატრიალებელი სამწახნაგოვანი მოხატული პრიზმები). ტერალიების მონაცვლეობა დეკორაციების სწრაფი ცვლის საშუალებას იძლეოდა და ქმნიდა პერსპექტივის შეგრძნებას. მოგვიანებით, ტერალიების ნაცვლად, გაჩნდა კულისები და დეკორაცია უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ახალი სათეატრო შენობა 1585 წელს უფიცში აშენდა – მეფის კარზე, სადაც შეიქმნა უფრო მრავალრიცხოვანი მაყურებელთა დარბაზის მქონე შენობა-ნაგებობა; მოგვიანებით, ახალი ტიპის მრავალიარუსიანი თეატრის შენობის აგების იდეა გაჩნდა, რომელიც განხორციელდა ვენეციაში – 1637 წელს (სან კასიონის თეატრი). მალე მომრავლდა ამ ტიპის თეატრალური შენობები, ვენეცია კი გახდა თეატრის ორი ძირითადი სახის – ოპერისა და კომედია დელ’არტეს განვითარების, ასევე სასახლის კარის თეატრების ცენტრი.
მარინა ხარატიშვილი