ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ მეღვინეთუხუცესი და მედეა ჯაფარიძე სპექტაკლში "ოიდიპოს მეფე"

„ოიდიპოს მეფე“სოფოკლეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და არისტოტელესმ მიერ ტრაგედიის სრულყოფილ ნიმუშად მიჩნეული პიესა „ოიდიპოს მეფეა“. პიესას საფუძვლად ე.წ. ლაბდაკიდების მითი დაედო. თებეს მეფე ლაიოსს უწინასწარმეტყველეს, რომ თავისი ვაჟის ხელით დაიღუპებოდა. შეშინებულმა ლაიოსმა ბრძანა, რომ ახალშობილისათვის ფეხები გაეხვრიტათ და კითერონის მთაზე დაეგდოთ. მონას შეებრალა ჩვილი და ის კორინთოს მეფის მსახურს გადასცა. კორინთოს მეფე პოლიბოსი უშვილო იყო, მან და მისმა მეუღლე მეროპემ ბავშვი იშვილეს და ოიდიპოსი დაარქვეს, რაც „ფეხებშეშუპებულ“ ნიშნავს. ერთხელ, ნადიმზე, ნასვამმა სტუმარმა იოდიპოსს უთხრა, რომ ნაშვილები იყო. სიმართლის შესატყობად ახალგაზრდა კაცი დელფოსის სამისნოში წავიდა. აპოლონის მისანმა მის შეკითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა, უბრალოდ უთხრა, რომ მამას მოკლავდა და დედაზე იქორწინებდა. თავზარდაცემულმა იოდიპოსმა გადაწყვიტა, რომ შინ აღარ მიბრუნებულიყო, რათა უნებლიეთ წინასწარმეტყველება არ აღესრულებინა. ის გზას დაადგა, რომელმაც თებეში მიიყვანა. გზად მიმავალს ვიღაც უცნობი დიდებული შემოხვდა ეტლით, რომელმაც ჩხუბი აუტეხა. ოიდიპოსმა მოხუცი და მისი ოთხი მხლებელი მოკლა და გზა განაგრძო. მოკლული მოხუცი მამამისი ლაიოსი იყო. გზად ოიდიპოსს კიდევ ერთი გამოცდა ელოდა – თებეს გზაზე სფინქსი იყო ჩასაფრებული – ყველა გამვლელს ერთ შეკითხვას უსვამდა და მცდარი პასუხის გამო კლავდა. სფინქსს ქალაქისთვისაც დიდი უბედურება მოჰქონდა. მან ოიდიპოსს ჰკითხა: თუ ვინ არის ის, ვინც დილით ოთხ ფეხზე დადის, შუადღით ორზე, საღამოს კი სამ ფეხზე. ოიდიპოსმა უპასუხა, რომ ეს არსება ადამიანია. რადგან პასუხი სწორი იყო, გააფთრებულმა სფინქსმა თავი მოიკლა – მთიდან უფსკრულში გადაიჩეხა. თებე ურჩხულისგან განთავისუფლდა.დაქვრივებული დედოფალი იოკასტე ქალაქის მხსნელს ცოლად გაჰყვა. ასე ახდა წინასწარმეტყველება, თუმცა ოიდიპოსმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

პიესის უშუალო მოქმედება წლების შემდეგ იწყება.ოიდიპოსი თებეს მეფეა. ქალაქს კვლავ უბედურება დაატყდა თავს. მოუსავლიანობამ შიმშილი გამოიწვია. საქონელი გაწყდა. ქალებს ნაყოფი მუცლად უკვდებათ. თებეს მოქალაქეები ქალაქს ღმერთებს ავედრებენ და ოიდიპოსს სთხოვენ, რომ კიდევ ერთხელ იხსნას თებე უმძიმესი განსაცდელისგან. ირკვევა, რომ ოიდიპოსმა უკვე გააგზავნა თავის ცოლისძმა კრეონი დელფოსში, მისნის პასუხის შესატყობად. კრეონი ბრუნდება და ყველას ამცნობს, რომ უბედურების სათავე ლაიოსის მკვლელია, რომელიც თებეს „ბილწავს“. ოიდიპოსი ლაიოსის მკვლელის გამოსავლენად ძიებას იწყებს. ის პირობას დებს, რომ აუცილებლად იპოვნის დამნაშავეს. სამართლიანობის აღდგენა ოიდიპოსს ღირსების საკითხად მიაჩნია. ის წყევლის მკვლელს და ყველა თებელს უბრძანებს, რომ ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ლოცვასა და მსხვერპლშეწირვას არ დაასწრონ, სახლის კარი ჩაუკეტონ და ყოველმხრივ განდევნონ ჩადენილი დანაშაულისათვის. ის კი, ვინც აკრძალვას დაარღვევს, დაისჯება, თვითონ იოდიპოსიც რომ იყოს.

კრეონის რჩევით, ოიდიპოსი წინასწარმეტყველ ტირესიას გამოიძახებს და სთხოვს, რომ იხსნას ქალაქი და ლაიოსის მკვლელი დაასახელოს. ოიდიპოსისა და ქოროს მხურვალე თხოვნის მიუხედავად, ტირესია უარს ამბობს მკვლელის ვინაობის გამხელაზე.


განრისხებული ოიდიპოსი მას ქალაქის ღალატში ადანაშაულებს და შეთქმულების მონაწილედ მიიჩნევს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საპასუხოდ ტირესია მას ყველა სიწმინდის წამბილწავს, მამის მკვლელს, დედის ქმარსა და შვილების ძმას უწოდებს. ტირესიას სიტყვების მიღმა ოიდიპოსი შეთქმულთა ქმედებას ხედავს (ისევე, როგორც კრეონი ანტიგონეში). შეთქმულების მოთავედ ოიდიპოსი კრეონს მიიჩნევს, როგორც სამეფო ტახტთან ყველაზე ახლო მდგომ და, სავარაუდოდ, ხელისუფლების მოპოვებაში დაინტერესებულ ფიგურას. მეტიც, მისი აზრით, თავად ლაიოსიც იმავე შეთქმულებმა მოკლეს და ახლა მის წინააღმდეგ მოქმედებენ. ოიდიპოსი პოლიტიკოსის ლოგიკით მსჯელობს. მისთვის უკვე ცნობილია, რომ ლაიოსი ვიღაც მგზავრებმა მოკლეს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ აკავშირებს ამ ისტორიას საკუთარ თავთან. კრეონზე განრისხებული, ის მის გაძევებას განიზრახავს, თუმცა ათენელ უხუცესთა ქოროსა და იოკასტეს თხოვნას დაჰყვება და თავს შეიკავებს. ამის შემდგომ ის უფრო მეტად ჩაეძიება ლაიოსის სიკვდილის გარემოებებს და რაც მეტს იგებს, მით უფრო დიდია მისი შეშფოთება. იოკასტესთან საუბარი კიდევ უფრო მეტად ააღელვებს მეფეს, რადგან ოიდიპოსი შეიტყობს, რომ ლაიოსს საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი უწინასწარმეტყველეს. იოკასტეს არ სჯერა წინასწარმეტყველებებისა, ვინაიდან, მისი აზრით, ლაიოსის შემთხვევაში ისინი არ გამართლდა. ოიდიპოსი საკვირველი მიზანდასახულებით აგრძელებს კვლევას, რაც უფრო მეტად იკვეთება მეფის დაღუპვის გარემოებები, მით უფრო იზრდება ოიდიპოსის შიში. ის ინტუიციით თითქმის ხვდება, თუ საით მიდის საბედისწერო კვალი. თანდათანობით, გამოძიება უკვე ოიდიპოსის პირადი ინტერესის საგანი ხდება და მხოლოდ პასუხისმგებელი მეფის მოქმედების ფარგლებს გასცდება.მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეწყვიტოს ძიება, მაგრამ ამას არ აკეთებს. ტრაგედიის პირველ ნაწილში ოიდიპოსი პრაგმატულ ბრძენკაცად, წარმატებულ მეფედ და ქალაქის მხსნელად გვევლინება, ხოლო მისი ცოდნა გარეშე სამყაროს წვდომაზეა მიმართული, სადაც მას ბადალი არ ჰყავს – ის თავის ბედისწერას გაექცა, სფინქსის გამოცანა გამოიცნო, ქალაქი თებე დაღუპვისაგან იხსნა და მორჭმულ და ბრძენ მმართველად ჩამოყალიბდა. თუმცა, სწორედ აქ იყო, შეიძლება ითქვას, მისი ცოდნის ნაკლოვანება, მისი სიბრმავე, „მისი ცოდნა ცალმხრივი აღმოჩნდა, რადგან ის საკუთარი თავის ცოდნის, თვითშემეცნების ღირებულების იგნორირებას ახდენს, რომელსაც უშუალოდ უტილიტარული ხასიათი არა აქვს, მაგრამ ადამიანის სულიერი სრულყოფისათვის აუცილებელია“.

ამბავი, რომელსაც სოფოკლე გადმოგვეცემს, ადამიანის თვითშემეცნებისა და მის მიერ ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის გზას ასახავს. თავისუფლების შესაძლებლობის საჩვენებლად ის ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საბედისწერო ისტორიას ირჩევს, სადაც ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენა თითქოს შეუძლებელია, რადგან ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. ახალგაზრდა ოიდიპოსი, როგორც ბუნებით დამოუკიდებელი, მოაზროვნე და თავისუფალი ადამიანი, ბედისწერისაგან ფიზიკური გაქცევის გზას მიმართავს და წარმატების ხიბლში ვარდება. მას ყველა დაბრკოლების გადალახვა ადვილად ეძლევა, ის სფინქსის გამოცანასაც ადვილად გამოიცნობს და ურჩხულს დაამარცხებს. თუმცა სფინქსის ამოცანის ამოხსნა სრულყოფილ სიბრძნეს არ მოითხოვს, რადგან ის ადამიანის არსებობის მხოლოდ გარეგნულ სქემას აღწერს. გამოცანაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანი არსობრივად, რა არის მისი განმსაზღვრელი ფუძისეული თვისება (სოფოკლეს მიხედვით, ეს აზროვნება და თავისუფალი ნებაა).

ელენე თოფურიძე ოიდიპოსს სფინქსს ადარებს, ვინაიდან ორივე თებეზე ძალაუფლების უზურპაციას ახდენს თავისი არასულყოფილი ცოდნით. ის ყურადღებას ამახვილებს პიესის სახელწოდებაზე, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ოიდიპოსი ტირანი (უზურპატორი) და არა როგორც ოიდიპოსი ბასილევსი, ანუ კანონიერი მეფე. ოიდიპოსი მართლაც უნებლიე უზურპატორია, მაშინ, როდესაც თავი მხსნელი ჰგონია. აქაც „ანტიგონეს“ თემატური ხაზი გრძელდება – უმეცრება შობს ტირანიას. თუმცა, განსხვავებით კრეონისაგან, თავისი ქცევით გაცილებით უფრო დემოკრატიული ოიდიპოსი ტირანი სტატუსით აღმოჩნდა და არა ქცევით.

ოიდიპოსის სიმამაცე, მისი ადამიანური ღირსებების მასშტაბი სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც გამოძიების შედეგები სულ უფრო საგანგაშო ხდება.მან გაარკვია, როგორ გამოიყურებოდა მეფე, რამდენი მხლებელის თანხლებით მოგზაურობდა. ამან ოიდიპოსის ხსოვნაში თითქმის დავიწყებული საგზაო შემთხვევა ამოატივტივა, რომელიც თებეს გზაზე გადახდა თავს. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით იოდიპოსს სინდისის ქენჯნა არ აწუხებს, რადგან ის თავს იცავდა და გადარჩენას ცდილობდა. თუმცა, ამჯერად ეს ისტორია სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. იოკასტესგან იმასაც შეიტყობს, რომ ლაიოსსა და იოკასტეს ვაჟი ჰყოლიათ, რომელიც საბედისწერო წინასწარმეტყველების თავიდან არიდების მიზნით სასიკვდილოდ გაიმეტეს. როგორც აღვნიშნეთ, ოიდიპოსს ყოველ წუთს შეუძლია შეწყვიტოს ძიება, რადგან ამის უფლებამოსილებაც აქვს და ავტორიტეტიც, მაგრამ ის სწორედაც რომ პირიქით იქცევა, ცდილობს, მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ყველა რგოლი შეკრიბოს და ლაიოსზე თავდასხმის შედეგად მეფის ერთადერთ გადარჩენილ მსახურს იბარებს, რომელიც იმ მოვლენების შემდეგ მთებში მწყემსად არის გადახვეწილი.

პიესის მესამე ეპისოდია მეოთხე ეპისოდიის კულმინაციურ გარდატეხას ამზადებს, სადაც არისტოტელეს შეფასებით, ანაგნორისისი (შეცნობა, არცოდნიდან ცოდნაში გადასვლა) და პერიპეტია (მოქმედების საპირისპიროსკენ შემობრუნება) ერთმანეთს ემთხვევა, რაც ტრაგედიის უმაღლეს დრამატურგიულ სრულყოფილებას მოწმობს. კორინთოდან მოდის მაცნე, რომელიც ატყობინებს ოიდიპოსს, რომ პოლიბოსი გარდაიცვალა და მას შინ ელიან, რათა სამეფო ტახტი ჩაიბაროს. ოიდიპოსს უხარია, რომ მამამისი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, მაგრამ კორინთოში წასვლის მაინც ეშინია, რადგან დედაზე დაქორწინების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ეს საშიშროება სულ უფრო ფანტასტიკურად და არარეალურად გამოიყურება. ამ შიშის უსაფუძვლობას კორინთოელი მაცნეც დაადასტურებს, რომელიც ეტყვის ოიდიპოსს, რომ პოლიბოსი და მეროპე მისი ღვიძლი მშობლები არ არიან. ერთი წუთით ოიდიპოსი შვებით ამოისუნთქავს, მას თითქოს თავდაჯერებულობა უბრუნდება, მაგრამ სწორედ ამ კულმინაციურ მომენტს მოსდევს ჭეშმარიტების შეცნობა და მოვლენათა საბედისწერო შემობრუნება, საპირისპიროში გადასვლა. მთიდან ჩამოსული მონა აღიარებს, რომ ლაიოსის ვაჟი არ მოუკლავს, არამედ კორინთოელ მწყემსს გადასცა. ეს კორინთოელი მწყემსი პოლიბოსის სიკვდილის ცნობით მოსული მაცნე აღმოჩნდება. ერთი პერსონაჟი ორმაგი გზავნილის მატარებელი გახდება, სასიკეთო და საბედისწერო გზავნილისა. მოვლენათა ჯაჭვი იკვრება, ოიდიპოსის გამოძიება სრულდება. ოიდიპოსი თავისი საზარელი ბედისწერის მთელ სიმძიმეს აცნობიერებს.

ტრაგედიის ფინალურ ნაწილში ორი ადამიანის ქმედების ამბავს ვისმენთ – იოკასტესი, რომელმაც ყოველივეს შეტყობის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო და ოიდიპოსისა, რომელმაც დედის ქინძისთავით თავი დაიბრმავა. როდესაც ქორო დასახიჩრებულ ოიდიპოსს ეკითხება, თუ ვისი ბრძანებით განახორციელა მან ეს ქმედება, ის პასუხობს, რომ მისთვის თვალი არავის დაუთხრია, ეს მან საკუთარი ნებით ჩაიდინა. ეს ოიდიპოსის მიერ გადადგმული დამოუკიდებელი ნაბიჯია, რომელიც თავის დასჯისა და თვითგანწმენდის აუცილებლობით არის ნაკარნახევი. ამ ქმედებით ოიდიპოსი დელფოსში აპოლონის ტაძრის წარწერის (შეიცან თავი შენი) თავისუფალ და ტანჯვით მიღწეულ რეალიზაციას ახდენს. ოიდიპოსის თვითდაბრმავება ღვთაებრივი და ადამიანური ნების თავისუფალ თანხვედრას ასახიერებს. შეიძლება ითქვას, რომ ის კვლავ ნებაყოფილ დევნილად იქცევა, რადგან ლაიოსის მკვლელისათვის მის მიერვე დაწესებულ სასჯელს აღასრულებს.

ოიდიპოსის თვითდაბრმავება თვითშემეცნების გზაზე მის მიერ გადადგმული უკიდურესი ნაბიჯია, მან გააცნობიერა, რომ გარე სამყარო ადამიანს ხიბლში აგდებს და ცოდნის ფლობის ილუზიას უქმნის. მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა, ჭეშმარიტი შინაგანი ხმის გაგება არის თვითსრულყოფისა და ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზა. ბერძნულ ტრაგედიაში მოქმედება და ცოდნა პრინციპულ ურთიერთკავშირია. მოქმედება ყოველთვის ადამიანისმიერია და მისი ცოდნითა თუ უმეცრებით არის განპირობებული.

ოიდიპოსის ტრაგედიას იოკასტეს ტრაგიკული ბედიც უკავშირდება. თუმცა, ოიდიპოსისაგან განსხვავებით, მან სრულიად სხვა გზა გაიარა თვითმკვლელობის მომენტამდე. იოკასტემ და ლაიოსმაც სცადეს ბედისწერის თავიდან არიდება და საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გასწირეს. მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდათ, რისთვისაც სასტიკ დანაშაულსაც არ მოერიდნენ, ოიდიპოსის ქცევა კი მორალის კარნახით იყო განპირობებული და მომაკვდინებელი დანაშაულის თავიდან არიდებას ემსახურებოდა. როდესაც ჭეშმარიტება დადგინდა, სასოწარკვეთილმა იოკასტემ გააცნობიერა თავისი პასუხისმგებლობის სიმძიმე შვილის მიმართ და თავი მოიკლა. ოიდიპოსმა კი თავისუფლების უმაღლეს ხარისხს მიაღწია, ჭეშმარიტი ხედვა მოიპოვა და სიცოცხლე განბრძობილმა განაგრძო.

„ოიდიპოს მეფის“ ფაბულას მამაკაცის ბედის პარადიგმასაც (ერთგვარ ზოგად კანონს) უწოდებენ. თაობათა, მამა-შვილის ადგილმონაცვლეობა, შვილის მიერ მამის ჩანაცვლება „მამის მკვლელობის“ სიმბოლური გამოხატულებაა, რადგან მანამ მამა ძალაშია, შვილი მისი ძალაუფლების ჩრდილში იმყოფება. ოიდიპოსის მითი და მისი სოფოკლესეული გადაწყვეტა მრავალი გვიანდელი ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა, მათ შორის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური ვერსიისა, რომელმაც XX საუკუნში უდიდესი პოპულარულობა და გავლენა მოიპოვა.

თამარ ბოკუჩავა


იხილე აგრეთვე

სოფოკლეს ტრაგედიები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები