ანტიგონე (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

„ანტიგონე“ – ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია. ტრაგედია „ანტიგონე“ თებეს ციკლის ტრაგედიებიდან ქრონოლოგიურად პირველია. ის ათენის დემოკრატიული პოლისის აყვავების ხანაში (442 ძვ.წ.) – პერიკლეს მმართველობის საუკეთესო წლებში შეიქმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ათენელებს ჯერ კიდევ აქვთ სამყაროს მოწყობის მიზანშეწონილობისა და გონივრულობის რწმენა. თუმცა სოფოკლე, როგორც მწერალი და პოლიტიკოსი, კარგად გრძნობს იმ საშიშროებებს, რომლებიც მუდამ დგას საზოგადოებისა და ადამიანის წინაშე – მას ადამიანის თავისუფლებისა და თვითნებობის საკითხი აფიქრებს.

„ანტიგონე“ სრულიად დასრულებული დამოუკიდებელი ნაწარმოებია. სოფოკლემ შეცვალა ტრილოგიის პრინციპი და თითოეული ტრაგედიის მოვლენები ერთი კონკრეტული ადამიანის ბედს დაუკავშირა და არა მთელი საგვარეულოს ამბავს. ბედისწერის იდეა სოფოკლესთან მოქმედებას მხოლოდ ფონს უქმნის, წინა პლანზე კი ადამიანის მორალური ცნობიერება დგას, რომლის მიხედვითაც წარიმართება გმირის ქცევა.

ტრაგედია „ანტიგონე“ ცენტრალური გმირის სახელს ატარებს. მოქმედება მოღალატე პოლინიკეს მიერ თებეზე მოწყობილი შვიდთალაშქრობის დასრულების შემდეგ იწყება. თებესთვის ბრძოლაში იოდიპოსის ორივე ვაჟი დაიღუპა – ეტეოკლემ და პოლინიკემ ერთმანეთი ორთაბრძოლაში დახოცეს. მეფე კრეონტის ბრძანებით, ეტეოკლე, როგორც სამშობლოს გმირი, დიდი პატივითა და ღირსებით დაკრძალეს, ხოლო პოლინიკეს ცხედარი ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად ბრძოლის ველზე დააგდეს. ზნეობის უზენაესი ღვთაებრივი კანონების ერთგულმა ანტიგონემ დაარღვია მეფის აკრძალვა და ძმის ცხედარი დამარხა. ამ დანაშაულის გამო, კრეონტის ბრძანებით, ანტიგონე გამოქვაბულში დაამწყვდიეს, ხოლო შესასვლელი დაგმანეს. ხელისუფალთან კომპრომისს ანტიგონემ სიკვდილი არჩია. გამოქვაბულში გამოკეტილმა მან თავი ჩამოიხრჩო. ანტიგონეს საქმრომ – კრეონტის ვაჟმა ჰემონმა ვერ გაუძლო საცოლესთან განშორებას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავი მოიკლა შვილის სიკვდილით სასოწარკვეთილმა ევრიდიკემაც, კრეონტის ცოლმა. ამდენი უბედურების მნახველმა კრეონტმა თავისი შეცდომა დაინახა და აღიარა. ის დარჩა თებეს მბრძანებელად, თუმცა ჰემონის სიტყვები აუხდა: „იქ სადაც მხოლოდ ერთი მეფობს, სახელმწიფო აღარ არსებობს“.

ჰემონის ამ სიტყვებში ტრაგედიის გასაღები შეიძლება მოიძებნოს. კრეონტის გადაწყვეტილება ტირანის გადაწყვეტილებაა, რადგან ის ერთპიროვნული მმართველის გზას დაადგა. დემოკრატიული ათენის პოლიტიკური მრწამსი სახელმწიფოს ცხოვრებაში თავისუფალ მოქალაქეთა თანამონაწილეობას გულისხმობდა. თებეს მითოლოგიური ისტორია, სოფოკლეს, თანამედროვეობის პრობლემებისა და ეთიკური დილემების გააზრებისა და წარმოჩენის საშუალებას აძლევს. კრეონტის სახით, სოფოკლე მმართველისა და ხელისუფალის სახეს წარმოგვიდგენს, რომელიც ურთულესი სახელმწიფოებრივი და ეთიკური ამოცანის გადაჭრის გზაზე გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს. ჭეშმარიტების ცოდნას იგი მხოლოდ საკუთარ სამეფო უპირატესობად მიიჩნევს. გარდაცვლილი ეტეოკლეს ცხედრის „დასჯა“ როგორც უზენაესი, ისე ადამიანური მიზანშეწონილობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ის ირაციონალურია და აუხსნელი, ისევე, როგორც ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაურში“ მოკლული მტრისათვის მარჯვენის მოჭრის ადათი, როგორც პრიმიტიული წარმართული რწმენა-წარმოდგენების გადმონაშთი და არა თავისუფალი ადამიანის ქცევა.

კრეონტის საქციელს თავისი ახსნა აქვს: ხელისუფლება მას ძმათამკვლელი ომის დასრულებისთანავე ერგო. მან თავი უნდა დაიმკვიდროს, ავტორიტეტი მოიპოვოს და ომგადახდილ და შინააშლილობით არეულ ქვეყანაში სახელმწიფოს უზენაესობის იდეა განამტკიცოს. ის ცდილობს, თანამოქალაქეებს პატრიოტიზმისა და სამშობლოს ერთგულების იდეალები შთაუნერგოს, ამის გამო თებეს დამცველ ძმას – ეტეოკლეს, პატივითა და დიდებით დაკრძალავს, როგორც სამშობლოს გმირს, ხოლო პოლინიკეს დაუმარხავად ტოვებს. მას სურს აჩვენოს მოქალაქეებს, თუ რა საზარელი ხვედრი ელის ყველას, ვინც კი სამშობლოს ღალატს გაბედავს, თუნდ სამეფო გვარისა იყოს. კრეონტი თავის ნებას კანონს უთანაბრებს და მოქალაქეთაგან უპირობო მორჩილებას ითხოვს, სწორდ აქ უშვებს ის მთავარ შეცდომას, რადგან „კანონმორჩილება ცალკეული პიროვნების თავისუფალი ნების დათრგუნვა არ არის, ... ის ... ხორციელდება არა მასზე გარეშე ძალის ზემოქმედებით, არამედ დარწმუნების მეშვეობით“. ფაქტობრივად, კრეონტი თავისი „მორალური უმეცრებით“ ორ შეცდომას უშვებს – ერთი მხრივ, ადამიანთა თავისუფალი ეთიკური არჩევანის უფლებას არღვევს, ხოლო მეორე მხრივ მიზანშეწონილობისა და ზომიერების უზენაეს ღვთაებრივ პრინციპს ივიწყებს.

დაწერილ კანონებთან ერთად, ადამიანებმა დაუწერელი კანონებიც უნდა დაიცვან, ასეთია სოფოკლეს მრწამსი. ასეთი იყო ათენელების მსოფლმხედველობაც. იოსებ ტრონსკის პერიკლეს ერთ-ერთი გამოსვლის ტექსტი მოჰყავს, რომელიც თუკიდიდემ შემოინახა. „ჩვენ განსაკუთრებით ვუწევთ ანგარიშს იმ კანონებს, რომლებიც დაჩაგრულთა სასარგებლოდ არსებობს და რომლებიც, არის რა დაუწერელი, საყოველთაო სირცხვილს იწვევს მათი დარღვევის შემთხვევაში“.

კრეონტის ქმედება უმეცრების ტოლფასია, რადგან უკვე ესქილესთან „ტირანია „უმეცრების“ ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს“.

არისტოტელეს პოეტიკაში ტრაგიკული დანაშაულის ცნებას (ჰამარტიას) მკვლევართა ნაწილი სწორედ უმეცრებას უკავშირებს. უმეცრება თვითნებობის საფუძველია, თვითნებობა კი კოსმიური ანუ ღვთაებრივი მართლწესრიგის წინააღმდეგ სვლაა. აღნიშნული მართლწესრიგი სამყაროს (კოსმოსის) და ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის არსებობის ფუძისეული პრინციპია.

კრეონტის თვითნებობას ანტიგონეს ნება უპირისპირდება. პიესის ღირებულებითი კონფლიქტი ტრაგედიის ექსპოზიციურ ნაწილშივე ვლინდება – ანტიგონე თავის დას – ისმენეს შეატყობინებს კრეონტის გადაწყვეტილების შესახებ. იმ სასჯელსაც ამცნობს, რომელიც მეფის ბრძანების დამრღვევს მოელის – ვინც პოლინიკეს დაკრძალვას გაბედავს, ხალხი საჯაროდ ჩაიქოლავს. ანტიგონე დას სთავაზობს, მასთან ერთად აღასრულოს კანონი, რომელსაც ღმერთებიც კი ემორჩილებიან და ძმა დამარხოს. თუმცა ისმენეს საბედისწერო ამბოხისათვის გამბედაობა არ ჰყოფნის. ის თავის ხვედრს მორჩილებაში ხედავს, როგორც სუსტი ქალი და კანონმორჩილი მოქალაქე. დის მერყეობა კიდევ უფრო განამტკიცებს ანტიგონეს ნებას. ის რწმუნდება, რომ სრულიად მარტოა თავის გადაწყვეტილებაში ინერტული და კონფორმისტული საზოგადოების წინაშე. ტრაგედიის ქორო, რომელიც თებეს უხუცესებითაა წარმოდგენილი, ასეთივე კომპრომისულობას ამჟღავნებს, ის სრულიად იხსნის გადაწყვეტილების უფლებას და კრეონტს მოქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს:

„ნება შენია, ვაჟო მენეკეისა,
ვინ მტერია და ვინ მოყვარე – შენ თავადვე წყვეტ,
ცოცხალთა მიმართ, გინდა მკვდართა
რომელ კანონსაც მოისურვებ, მას მიუყენებ“

სოფოკლეს ტრაგედიაში პოეტის პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება იკითხება. ის მკაფიოდ გამოკვეთს ადამიანთა ქცევის სტერეოტიპებს, მათ ინერტულობას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილს. სწორედ ასეთი საზოგადოება უწყობს ხელს ტირანიის შექმნას, ხოლო ისეთი ადამიანები, როგორიც ანტიგონეა, რეალობას თავისი სიმტკიცითა და ზნეობრივი უკომპორმისობით ცვლიან. „თუ ადამიანი თავისუფალია, ის ისე იქცევა, როგორც მისგან... ცოდნით შობილი ღირებულება მოითხოვს (იგულისმხება შინაგანი ცოდნა, წვდომა, რომელიც ადამიანის ეთიკური ქცევის საფუძველს ქმნის – თ. ბ.), რომელიც უკვე გარე კი არა, შიდა დეტერმინანტია, შინაგანი მოთხოვნილება, ... გადაულახავი შინაგანი მიზანსწრაფვა. თუმცა გარეშეთათვის ეს სულის მოძრაობა შემთხვევითი, გაუაზრებელი და გაუთვლელია, რომელსაც შეიძლება რიგი უბედურებებისა მოჰყვეს. ასეთ მოქმედებად იქცევა კრეონტისათვის ანტიგონეს არჩევანი.

ანტიგონე-კრეონტის ეთიკური ჭიდილის ფონზე პიესის სხვა მოქმედ გმირთა ხასიათები იკვეთება, მათ შორის კრეონტის ვაჟისა და ანტიგონეს საქმრო ჰემონის, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას საკვირველად მოსიყვარულე და ფაქიზი ბუნება ქმნის. ჰემონისა და კრეონტის სცენაში ჰემონი დიპლომატიურ ტაქტიკას ირჩევს, ის ცდილობს ლოგიკური არგუმენტებით დაარწმუნოს მამა მის შეცდომაში, რომელსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები და მოქალაქეთა უკმაყოფილება მოჰყვეს. ის შეახსენებს კრეონტს, რომ უკვდავი ღმერთები ადამიანს გონებით აჯილდოვებენ, რაც ჯილდოთა შორის უძვირფასესია. ბრძენ ადამიანს კი სხვისი სმენა შეეფერება. გაჯიქებული და უდრეკი კაცი გრიგალში აშვებული აფრასავით გადატყდება. თუმცა კრეონის ნება შეუვალია. ის შვილს ქალის მონობაში დაადანაშაულებს.

კრეონის გადაწყვეტილებას მხოლოდ წინასწარმეტყველ ტირესიასათან შეხვედრა ცვლის. ტირესია ღმერთების რისხვის შესახებ აუწყებს მას. თავდაპირველად კრეონს ტირესიას გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს და მას ფარული შეთანხმების მონაწილედ მიიჩნევს, თუმცა, შემდეგ ხვდება რომ ბრმა წინასწარმეტყველი არ ცრუობს. კრეონს გადაწყვეტილებას ლოგიკური არგუმენტები ვერ აცვლევინებს, მხოლოდ ღმერთების რისხვის წინაშე შიში აფხიზლებს მას. მისი გარდაქმნაც დანაკარგის შიშით არის გამოწვეული და არა სიმართლის თავისუფალი აღმოჩენით. ანტიგონე, კრეონისაგან განსხვავებით, თავის ხვედრს თავიდანვე განსაზღვრავს და მორალურ აუცილებლობას თავისუფალი ნების საფუძველზე ირჩევს. შინაგანად უკვე მოტეხილი მეფე ქოროს რჩევასაც იღებს და პოლინიკეს დაკრძალვისა და გამოქვაბულიდან ანტიგონეს განთავისუფლების ბრძანებას გასცემს.

აქ სოფოკლე, ერთი შეხედვით, მოვლენათა სასიკეთო გარდატეხის იმედს გააჩენს, რაც გახარებული ქოროს სიმღერაში აისახება, თუმცა კატასტროფა გარდაუვალია და მით უფრო მტკივნეული. კრეონი ვეღარ მოასწრებს მოვლენათა შემობრუნებას – ანტიგონემ თავი ქამარზე ჩამოიხრჩო, ჰემონი კი სატრფოს ცხედართან მამის თვალწინ იკლავს თავს.

მკვლევრები სხვადასხვაგვარად აფასებენ ანტიგონესა და კრეონის ფიგურებს და მათ ე.წ. ბრალეულობას. ზოგიერთი მათგანის აზრით (მაგ. ჰეგელის), პოზიციათა უკომპრომისობის გამო პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება, ისინი ერთნაირი შეურიგებლობით გამოირჩევიან და თავის გადაწყვეტილებას კანონად მიიჩნევენ. თუმცა უმრავლესობა მაინც ანტიგონეს სიმართლეს აღიარებს, რადგან ის ფუძისეულ ღვთებრივ და ადამიანურ კანონებს იცავს.

ნაწარმოებში ერთგვარი წონასწორობის პრინციპი იკითხება – ტირესიასი აფრთხილებს კრეონტს, რომ მკვდარში ცოცხალის გადახდა მოუწევს. ბალანსის დამრღვევი აუცილებლად დაისჯება, ხოლო წონასწორობის ფუძისეული კოსმიური პრინციპი აღდგება, თუმცა ეს პროცესი ადამიანთათვის, შესაძლოა, მეტად მტკივნეული და ტრაგიკული აღმოჩნდეს.

თამარ ბოკუჩავა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები