ატონალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ატონალური მუსიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატონალობა - ასევე ატონალიზმი ან ატონალური მუსიკა, უფრო იშვიათად ატონიკალობა (გერმ.:Atinale music, ინგლ.: Atonality,/, ფრ.:Musique atonale) – XX საუკუნეში მუსიკის ორგანიზების ისეთი პრინციპია, რომელიც ტონალობის უარყოფას გულისხმობს.

იგი ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში ავსტრიელი კომპოზიტორების (ა. შონბერგი, ი. მ. ჰაუერი) შემოქმედებაში გაბატონებული ახალი ექსპრესიონისტული ესთეტიკის ზეგავლენით, რადგან ახალი მხატვრული შინაარსი, ორიენტირებული იდეალების ნგრევის, შიშის, სასოწარკვეთილების, უიმედობის გრძნობათა გამოვლინებაზე, ვეღარ აისახებოდა ტრადიციული ცენტრალიზებული სისტემის მიერ გამომუშავებული ხერხებით.

თავისუფალი ატონალობის თავისებურ მოსამზადებელ ეტაპს XIX-XX საუკუნეების მიჯნის კომპოზიტორების, კერძოდ, ფ. ლისტის, რ. ვაგნერის, გ. მალერის, კ. დებიუსის, რ. შტრაუსის და სხვათა შემოქმედება წარმოადგენს. მათ მიერ შემოტანილი ისეთი სიახლეები, როგორიცაა ვაგნერისეული უსასრულო მელოდია, ლისტის მონოთემატიზმი, მალერისეული ვარიანტულ-ვარიაციული განვითარების მეთოდი, დებიუსის ნოვაციები ჰარმონიაში და სხვ., საფუძველს უმზადებს თავისუფალ ატონალობას. მაგრამ საბოლოო სახე ატონალობამ არნოლდ შონბერგის და მისი სკოლის წარმომადგენელთა 10-იანი წლების შემოქმედებაში მიიღო. თავისუფალი ატონალობის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია ე. წ. „არიდების ესთეტიკა“, რომელიც გულისხმობდა ყველა აქამდე არსებული მუსიკალური კანონის უგულებელყოფას.

ატონალობის წარმოშობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია დისონანსის ემანსიპაცია. ვენის ახალი სკოლის კომპოზიტორთათვის კონსონანსის და დისონანსის ცნებები პირობითია, ვინაიდან, შონბერგის სიტყვებით რომ ვთქვათ, დისონანსური ბგერები შორეულ კონსონანსებად აღიქმებიან. შონბერგი წერდა: „განსხვავება დისონანსსა და კონსონანსს შორის არის არა მეტი თუ ნაკლები სილამაზე, არამედ მეტი თუ ნაკლები მისაწვდომობა“ (Rogger, 1953:5).

თავისუფალ ატონალობაში:

  • აკორდები აიგება, როგორც განსხვავებული ინტერვალების (უმთავრესად სეკუნდები, სეპტიმები, კვარტები და ტრიტონები) ჯამი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამგვარი სტრუქტურის აკორდებს, კერძოდ კვარტებისგან შემდგარ თანხმოვანებებს ვხვდებით ჯერ კიდევ შონბერგის შემოქმედების პირველ, ტონალურ პერიოდში, მის სიმფონიურ პოემაში „პელეასი და მელიზანდე“ და კამერულ სიმფონიაში №1 op. 9, E-dur;
  • უარყოფილია მუსიკალური აზრის გამეორების (რეპრიზის) პრინციპი;
  • გაძლიერებულია პაუზის (ე. წ. მდუმარე ტონის) მნიშვნელობა, იგი მუსიკალური ქსოვილის სრულფასოვანი ელემენტი ხდება;
  • ნაწარმოებთა უმრავლესობა მხატვრულ სიტყვასთანაა დაკავშირებული, რაც ერთგვარ ფორმაქმნად ფუნქციას ასრულებს.

ამგვარად, ზემოთ მოყვანილი პრინციპები ცხადყოფს, რომ ატონალურ თხზულებებში მხატვრული სახე, როგორც წესი, მაგრამ არაგანმეორებადი, ვარიანტულად მსგავსი რამდენიმე სტრუქტურული ერთეულისგან შედგება. იგი არსად უბრუნდება თავის პირველსახეს და მუდმივ განვითარებაში იმყოფება. მუსიკალური მასალის მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ვარიაციული განვითარების ახალი, თავისუფალი პრინციპი, რომელიც განვითარებადი ვარიაციების (Entwickelnde Variation) სახელითაა ცნობილი. განვითარებადი ვარიაციების პრინციპი ერთდროულად საწყისი მხატვრული სახის დამუშავებასაც და, ტრადიციული გაგებით, დამუშავების პრინციპის უარყოფას, დინამიკის და ექსპრესიის გაძლიერებასაც გულისხმობს. ამგვარად, ამ ტიპის მუსიკალურ ნაწარმოებებში დინამიკა მუსიკის იდენტური ხდება, ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ სახეებს, ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან არა თემატურად, არამედ დინამიკურად, რის გამოც ამ მოვლენას დინამიკური თემატიზმი უწოდეს.

ატონალურ მუსიკაში ტრადიციული გაგებით თემატური განვითარების უქონლობას ე. წ. ათემატიზმამდე მივყავართ, რაც გულისხმობს არა თემების უქონლობას, არამედ პირიქით, მათ ჭარბ რაოდენობას, რადგან მუსიკალური ქსოვილის ყოველი ერთეული თემატურადაა გააზრებული. ე. ი. ყოველ აზრს, იდეას, მისი განვითარების ნაცვლად ახალი აზრი მოსდევს, რომელსაც გარკვეული სიახლე შემოაქვს. ამის საფუძველზე წარმოიშობა ე. წ. ალოგიკური კავშირები და ნაწარმოებში საბოლოოდ ირღვევა ყოველგვარი შინაგანი სტრუქტურული კავშირები. ამგვარი საკომპოზიტორო აზროვნება შეიძლება შევადაროთ აბსტრაქტულ ფერწერას ან ჯეიმს ჯოისისეულ ცნობიერების ნაკადს, რომელიც ასევე უარყოფს გარეგნულ კავშირებს ახალი ტიპის შინაგანი კავშირების სასარგებლოდ.

თავისუფალი ატონალობა, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად ახალი ტიპის მუსიკალურ ენას უწოდებენ რეალურად არაა ენა, ვინაიდან არ ქმნის ენის, სისტემისთვის ტიპურ იერარქიულ კავშირებს, ანუ მისი ელემენტები არ არიან დამოკიდებულნი ერთი მეორეზე როგორც მთავარი და მეორეხარისხოვანი. თავისუფალი ატონალობა არც რაიმე სახის კონკრეტულ წესებს ქმნის. მისი აღწერა მხოლოდ ნეგატიური კანონებითაა შესაძლებელი, კერძოდ, თუ კომპოზიტორს სურს შექმნას თავისუფალ ატონალური ნაწარმოები, მან, სასურველია, ხშირად არ გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა, კონსონირებული თანხმოვანებები (ინტერვალები, აკორდები), რათა არ წარმოიქმნას მიზიდულობის ცენტრი. ეს პრინციპები პირველად განხორციელდა შონბერგის სამ საფორტეპიანო პიესაში op. 11 (1909 წ.). ამასთანავე, აღნიშნულ ციკლში და მომდევნო წლებში შექმნილ შონბერგის, ბერგის, ვებერნის და სხვათა ატონალურ ნაწარმოებებში შეიძლება შეგვხვდეს ტრადიციული, მაჟორ-მინორული სისტემისთვის დამახასიათებელი ისეთი სტრუქტურული ერთეულები, როგორიცაა მრავალჯერ გამეორებული ტერცია, კონსონირებული აკორდები (იხ.: შონბერგი, „ექვსი პატარა საფორტეპიანო პიესა” op.19 №2; ბერგი, „ოთხი პიესა კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის“ op.5 და სხვ.), მაგრამ მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მაგალითებში არ წარმოიქმნება მკაფიო ტონალური ცენტრები, ვინაიდან არსებული კონტექსტის გამო კონსონანსები მიზიდულობის ცენტრს ვერ ქმნიან.

თავისუფალი ატონალობის არარეგლამენტირებულობა კომპოზიტორებს მხატვრული აზრის განვითარებაში გარკვეულ სირთულეებს უქმნის, რის გამოც მისი გამოყენებიდან დაახლოებით ერთი ათწლეულის შემდეგ გაჩნდა მისი ორგანიზების აუცილებლობა.



წყარო

მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები