ელექტრა (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ელექტრა“ – ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია.

ტრაგედია „ელექტრა“ ატრიდთა მითის დამუშავებას წარმოადგენს და შინაარსობრივად იმავე მოვლენებს გადმოგვცემს, რომლებიც ესქილესქოეფორებსა“ და „ევმენიდებში“ ვითარდება, თუმცა სოფოკლეს ვერსიაში ქრება ერინიების – შურისძიების დემონების თემა, რომლებიც დედის მოკვლის გამო სდევნიან ორესტეს. აქ აღარ იკითხება მამობრივი და დედობრივი სამართლის დაპირისპირება. თავად ორესტეც შორსაა სინდისის ქენჯნისა და მერყეობისაგან. თუ ესქილეს „ქოეფორებში“ ორესტე ღმერთების ნების აღმსრულებელი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი შურისმაძიებელი, სოფოკლესთან ის სრულიად ცნობიერ ნაბიჯზე მიდის. პროლოგიდან შევიტყობთ, რომ შურისძიება მას იმთავითვე ჰქონდა განზრახული, ხოლო აპოლონის სამლოცველოში იმიტომ მივიდა, რომ ღმერთისაგან გაეგო, რა ტაქტიკა აერჩია მამის მკვლელების დასასჯელად. აპოლონის რჩევით, მას ეშმაკობისთვის უნდა მიემართა, სხვისი სახელით შესულიყო ქალაქში და მოტყუებით გასწორებოდა მკვლელებს. ორესტეს გეგმა თავიდანვე ცხადია. მაყურებელი და მკითხველი მის განხორციელებას ადევნებს თვალს, თუმცა, მთავარი აქცენტი დრამატურგს ელექტრაზე გადააქვს. მაყურებლისაგან განსხვავებით, ელექტრა თითქმის ტრაგედიის დასასრულს შეიტყობს ორესტეს ჩამოსვლის შესახებ. მანამდე მას სანატრელი ძმის გამოტირებაც მოუწვეს, რადგან, ორესტეს დავალებით, ტალფიბიუსი (ორესტეს აღმზრდელი) მისი დაღუპვის ცრუ ამბავს გაავრცელებს, რათა მმართველთა ყურადღება მოადუნოს. შესაბამისად, სოფოკლეს ელექტრას ხასიათის გამოკვეთაზე გადააქვს აქცენტი და შეურიგებელი, მამაცი და უკომპრომისო ქალის სახეს ქმნის. ელექტრას არ შეუძლია შეეგუოს დედისა და მამინაცვლის ტირანიას, დაივიწყოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. მისი „მთლიანი“ ნატურა კომპრომისებს ვერ იტანს. ელექტრას შეურიგებელი და მეამბოხე ბუნების გამოსაკვეთად სოფოკლეს მოქმედებაში მესამე და – ქრისოფემიდა შემოჰყავს. ისევე როგორც ანტიგონე და ისმენე, ელექტრასა და ქრისოფემიდას სახეები სხვადასხვა ცხოვრებისეულ პოზიციასა და ადამიანურ ტემპერამენტს გამოხატავს.

ესქილესთან შედარებით შეცვლილია კლიტემნესტრას ხასიათიც. თუ „ორესტეას“ კლიტემნესტრას სახეს მონუმენტური დიდებულება და ტრაგიკული ხიბლი გააჩნდა, სოფოკლე სრულიად განძარცვავს თავისი ტრაგედიის პერსონაჟს ამ თვისებებისაგან. კლიტემნესტრასა და ელექტრას დიალოგში ჩვეულებრივ შეშინებულ ქალს ვხედავთ, რომელსაც არგუმენტები არ ჰყოფნის ელექტრას მგზნებარე ბრალდებების გასაბათილებლად.

ორესტეს დაღუპვის ცრუ ცნობა ქალების ხასიათს უფრო მკაფიოდ გამოკვეთს. გახარებული კლიტემნესტრა ვერც კი მალავს იმ სიხარულსა და შვებას, ამ ცნობამ რომ მოუტანა, რაც შეეხება ელექტრას, იგი, სასოწარკვეთის ნაცვლად, გადაწყვეტს, საკუთარ თავზე აიღოს შურისძიების ტვირთი. ტრაგედიის დასკვნით ნაწილში, ორესტე სიმართლეს გაუმხელს დას და საკუთარ განზრახვას გეგმაზომიერად ახორციელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შურისძიების მსხვერპლი ჯერ კლიტემნესტრა ხდება, შემდეგ კი ეგისთოსი, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს სოფოკლეს ტრაგედიის ფინალს ესქილეს ტრაგედიისაგან, სადაც ორესტე დედას მხოლოდ პილადეს მოწოდების შემდეგ კლავს.


თამარ ბოკუჩავა


იხილეთ აგრეთვე

სოფოკლეს ტრაგედიები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები