დესანტი
დესანტი (ფრანგული descente – გადასხმა, დაშვება) – ჯარები, რომლებიც სპეციალურად არის მომზადებული და გადასხმული (გადასროლილი) თვითმფრინავებიდან (ვერტმფრენებიდან) ან საზღვაო გემებიდან, აგრეთვე განკუთვნილია საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტისთვის მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასასხმელად (გადასასროლად).
შემადგენლობის (მოზიდული ჯარების რაოდენობის) და შესასრულებელი ამოცანების ხასიათის მიხედვით დესანტი შეიძლება იყოს სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული), ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური, ტაქტიკური, სპეციალური დანიშნულებისა და დემონსტრაციული, ხოლო გადასროლის ხერხების და საშუალებების მიხედვით – საჰაერო, საზღვაო (სამდინარო, ტბის), სატანკო, სატანკერო და სახომალდო. მასშტაბის შესაბამისად დესანტის შეუძლია შეასრულოს საბრძოლო ამოცანები, რომლებიც მთლიანად ოპერაციის (ბრძოლის) მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
სარჩევი |
სტრატეგიული დესანტი
სტრატეგიული დესანტის მიზანია: მოწინააღმდეგის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრებისა და სამრეწველო-ეკონომიკური რაიონების ხელში ჩაგდება, მისი სახელმწიფოებრივი და სამხედრო მმართველობის დეზორგანიზაცია, სრუტის ზონების და კუნძულების დაუფლება, შემტევი სახმელეთო ჯარების (ფლოტის ძალების) ხელშეწყობა მოწინააღმდეგის დაჯგუფებების იზოლაციასა და სწრაფ განადგურებაში, შეიარაღებული ბრძოლის ახალი ფრონტის გახსნის მიზნით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შეჭრა და სხვა.
ოპერატიული დესანტი
ოპერატიული დესანტის ამოცანას შეადგენს: მაღალი სიზუსტის იარაღის ელემენტების, დიდმნიშვნელოვანი მართვის პუნქტების განადგურება, ოპერატიული რეზერვების შემოსვლის აღკვეთა და [[ბატალია (ჯარის კოლონა)|ბატალია]]ში მათი შეყვანის ჩაშლა, შემტევი ჯარების ხელშეწყობა მოწინააღმდეგის დაჯგუფებათა გარშემორტყმაში, დიდი წყლისმიერი ზღუდეების, სამთო დაბრკოლებების, დასნებოვნების, დატბორვის და ხანძრების ზონების შეუჩერებლივ გადალახვა, აეროდრომების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, სანაპიროს მონაკვეთების ხელში ჩაგდება ან განადგურება აქედან შემდგომი მოქმედებების გაშლისთვის და სხვა. მსგავს ამოცანებს შეიძლება ასრულებდნენ აგრეთვე ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დესანტები, მათი ძალებისა და გადასხმის სიღრმის შესაბამისად.
სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) დესანტი შეიძლება შედგებოდეს საჰაერო-სადესანტო ჯარების, საზღვაო ქვეითი ჯარის, ჯარების სხვა გვარეობებისა და სპეციალური ჯარების შენაერთებისა და ნაწილებისაგან. სტრატეგიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) დესანტის გამოყენება იგეგმება და ხორციელდება სტრატეგიული მასშტაბის შეტევით ოპერაციებში, საჰაერო-სადესანტო ოპერაციის, საჰაერო-საზღვაო სადესანტო ოპერაციის ან საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ფორმით. ასეთი დესანტის გადასხმის უზრუნველსაყოფად შეიძლება მოზიდულ იქნეს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ძალები და საშუალებები.
ოპერატიული დესანტი, ჩვეულებრივ, მოიცავს საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-მოიერიშე, აგრეთვე საერთო-საჯარისო და საზღვაო ქვეითი ჯარის ნაწილებსა და შენაერთებს. გამოიყენება სტრატეგიულ შეტევით ოპერაციებში, დაჯგუფებების (არმიების ჯგუფების) და ფლოტების ოპერაციებში. ოპერატიული დესანტის გამოყენება იგეგმება და ხორციელდება აგრეთვე სადესანტო ოპერაციის ფორმით, ხოლო გადასხმული ჯარების მოქმედების მხარდაჭერა ხდება დაჯგუფების (არმიების ჯგუფის), ფლოტის, არმიის, ფლოტილიის ძალებითა და საშუალებებით.
ოპერატიულ-ტაქტიკური დესანტი
ოპერატიულ-ტაქტიკური დესანტი საზღვაო ქვეითი ჯარის (საჰაერო-მოიერიშე ან მოტოქვეითი) ბრიგადის შემადგენლობაში გამოიყენება დაჯგუფების (არმიების ჯგუფის) შეტევით ოპერაციაში, ხოლო ტაქტიკური - პოლკის, ბატალიონის, ზოგჯერ ასეულის შემადგენლობაში - არმიის (კორპუსის) ოპერაციაში, ზოგჯერ კი დივიზიის ბრძოლაშიც. იგი შეიძლება გამოიყენონ სადესანტო-საიერიშო მოქმედებების ფორმით ან გადასხან ვერტმფრენებიდან (თვითმფრინავებიდან), ფლოტის სადესანტო საშუალებებიდან ისეთ სიღრმეზე, რომ შემტევმა ძალებმა შეძლონ მისი მოქმედების რაიონში რამდენიმე საათში მისვლა და მის მიერ მიღწეული წარმატებების გამოყენება.
თავდაცვაში ქვედანაყოფების (ნაწილების) ჰაერით გადასროლა და გადასხმა გამოიყენება უპირატესად მოწინააღმდეგის დესანტთან ბრძოლისათვის. დესანტის გადასხამენ (გადაისვრიან) აგრეთვე თავიანთი ჯარების კონტრდარტყმების (კონტრიერიშების) მიმართულებებით.
სპეციალური დანიშნულების დესანტი
სპეციალური დანიშნულების დესანტი გამოიყენება დივერსიული და სადაზვერვო ხასიათის ამოცანების შესასრულებლად მოწინააღმდეგის ტაქტიკურ ან ოპერატიულ სიღრმეში.
დესანტის შემადგენლობაა ათეულიდან ასეულამდე. გარკვეულ რაიონში მოწინააღმდეგის ობიექტებზე ხანმოკლე სწრაფი თავდასხმის განსახორციელებლად შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს რამდენიმე ასეთი დესანტი. მათ გადასასროლად (გადასასხმელად) გამოიყენება ვერტმფრენები, სატრანსპორტო თვითმფრინავები, მცურავი ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები (ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები), წყალქვეშა ნავები, წყალზედა ხომალდები და სხვა საშუალებები.
დემონსტრაციული დესანტი
დემონსტრაციული დესანტი არის ნაწილი ან ქვედანაყოფი, რომლის გადასხმა (გადასროლა) მოწინააღმდეგის ზურგში ხდება მეორეხარისხოვანი მიმართულებით იმ მიზნით, რომ მოწინაღმდეგეს აურიონ გზა-კვალი ძირითადი (მთავარი) დესანტის გადასხმის (გადასროლის) მიმართულებასთან დაკავშირებით.
საჰაერო დესანტი
საჰაერო დესანტი შეიძლება გადასხმულ იქნეს საპარაშუტო, დასაფრენი ან საპარაშუტო-დასაფრენი მეთოდის გამოყენებით. საპარაშუტო ხერხი შეიძლება გამოიყენონ ადგილზე, სადაც შეარჩევენ საჭირო რაოდენობის სათანადო ზომის მოედნებს ისეთი ზედაპირით, რომელიც არ დააბრკოლებს ადამიანებისა და საბრძოლო ტექნიკის პარაშუტებით უსაფრთხო დაშვებას დედამიწაზე. დაფრენის ხერხის გამოყენების დროს დესანტს გადაისვრიან თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით და გადასხამენ დაპყრობილ აეროდრომებსა და დასაფრენ მოედნებზე. ასეთი დესანტის შემადგენლობაში, როგორც წესი, შეჰყავთ სპეციალურად მომზადებული საერთო-საჯარისო ქვედანაყოფები და ნაწილები.
საპარაშუტო-დასაფრენი ხერხით დესანტირებისას პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების ნაწილს გადაისვრიან პარაშუტებით, დანარჩენი შემადგენლობა კი თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით ეშვება საპარაშუტო ჯგუფის (ეშელონის) მიერ ხელში ჩაგდებულ აეროდრომებსა და დასაფრენ მოედნებზე.
საზღვაო დესანტი
საზღვაო დესანტი წარმოადგენს სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითი ჯარის დაჯგუფებას, რომელსაც გადასხამენ მოწინააღმდეგის მიერ დაცულ სანაპიროზე (შეტევა ზღვიდან ხმელეთზე). დესანტი გადაჰყავთ სადესანტო ხომალდებითა და სატრანსპორტო გემებით. გადასხმა შედარებით მცირე სადესანტო ხომალდებიდან, განსაკუთრებით ისეთებიდან, რომლებიც მოქმედებენ ზედაპირზე დინამიკური გაჩერების პრინციპებით (მაგალითად, „ჰაერბალიში“), წარმოებს უშუალოდ საზღვაო სანაპიროზე, ხოლო დიდი ხომალდებიდან და ტრანსპორტიდან - დესანტის გადასასხმელი საშუალებების მეშვეობით, რომლებზეც ჯარები გადადიან სადესანტო რაზმების გადასხდომის რაიონში მისვლის შემდეგ.
საზღვაო დესანტის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, გამოყოფენ საერთო-საჯარისო და საზღვაო ქვეითი ჯარის შენაერთებსა და ნაწილებს.
სახომალდო დესანტი
სახომალდო დესანტი არის საბრძოლო ქვედანაყოფი, რომელიც გათვალისწინებულია სახომალდო განრიგით და ყალიბდება ხომალდის საშტატო პირადი შემადგენლობისაგან ნაპირზე გადასასხმელად ცალკეული ობიექტების ხელში ჩასაგდებად და გასანადგურებლად, სახმელეთო ჯარებთან კავშირის დასამყარებლად და სხვა.
სატანკო დესანტი
სატანკო დესანტი წარმოადგენს ქვეითი ჯარის (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ქვედანაყოფს, რომელიც გადაჰყავთ ტანკებით (თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით) მათთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებისათვის. ფართოდ გამოიყენებოდა II მსოფლიო ომის დროს, უპირატესად მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში შეტევის (კონტრშეტევის) განვითარების დროს. ტანკში (თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე), ჩვეულებრივ, ეტეოდა 8-10 კაცი (ათეული).
სატანკო დესანტის შემადგენლობაში შეჰყავდათ მსროლელთა (მეავტომატეთა) ოცეულიდან ასეულამდე, რომლებიც მოქმედებდნენ სატანკო ასეულთან (სატანკო ბატალიონთან) ერთად.