აეროდრომი
აეროდრომი - (აერო - aero და ბერძნული dromos – სარბიელი), მიწის ან წყლის (ყინულის) მონაკვეთი, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი საჰაერო ხომალდების აფრენის, დაშვების, მართვის, დგომისა და მომსახურებისათვის.
კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ სამხედრო, სამოქალაქო (აეროპორტებად წოდებულს) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომებს.
სარჩევი |
სამხედრო აეროდრომები
სამხედრო აეროდრომები განსხვავდებიან საბრძოლო დანიშნულების, გამოყენების სპეციფიკის, განლაგების გეოგრაფიული პირობების თავისებურებების, აღჭურვილობის ხარისხის მიხედვით და ტექნიკური მახასიათებლებით.
საბრძოლო დანიშნულების მიხედვით აეროდრომები არის ძირითადი – საავიაციო ნაწილების მუდმივი დისლოკაციისათვის; ოპერატიული – საავიაციო დაჯგუფების შექმნისა და საავიაციო ნაწილების მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის; დაშორიშორების – საავიაციო ქვედანაყოფების დროებითი ბაზირებისათვის; ზურგის – საავიაციო ნაწილების ფორმირების (ხელახალი ფორმირების), საფრენოსნო ეკიპაჟების დამატებითი მომზადების, საავიაციო ტექნიკის რემონტისა და ომიანობის დროს სხვა სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის.
ზურგის აეროდრომი
ზურგის აეროდრომი განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში; მის დაქვემდებარებაშია ჯარების სამხედრო ტექნიკის და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მიერ სხვა მატერიალური საშუალებების დატვირთვა-გადმოტვირთვის აეროდრომები. აქედან ნებისმიერი შეიძლება გარკვეული პერიოდით დაინიშნოს სათადარიგო, მანევრის, ურთიერთმოქმედების, ჩასაფრების, მეწინავე, კმაგამართვის, აგრეთვე სხვა სპეციალური ამოცანების შესრულების აეროდრომად.
სათადარიგო აეროდრომი
სათადარიგო აეროდრომს იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ძირითადის გამოყენება;
მანევრის აეროდრომი
მანევრის აეროდრომი გამოიყენება ხანმოკლე ბაზირებისათვის;
ურთიერთმოქმედების აეროდრომი
ურთიერთმოქმედების აეროდრომი გამოიყენება საერთო ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა საავიაციო ნაწილებისათვის;
შუალედური აეროდრომი
შუალედური აეროდრომი გამოიყენება შუალედური დაფრენისათვის, თუ თვითმფრინავის ან ვერტმფრენის მოქმედების რადიუსი არ იძლევა საიმისო შესაძლებლობას, რომ ამოცანა შესრულდეს ძირითადი აეროდრომიდან;
ჩასაფრების აეროდრომი
ჩასაფრების აეროდრომი გამოიყენება გამანადგურებელი და საარმიო ავიაციისათვის მოქმედების მოულოდნელობის მისაღწევად. ჩვეულებრივ, განლაგდება მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული ძალების საბრძოლო შეხების ხაზის ან მისი თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენის შესაძლო მარშრუტების სიახლოვეს.
მეწინავე აეროდრომი
მეწინავე აეროდრომი გამოიყენება მოწინააღმდეგის ობიექტებზე ზემოქმედების სიღრმის ზრდისთვის;
კმაგამართვის აეროდრომები
კმაგამართვის აეროდრომები გამოიყენება თვითმფრინავების, ვერტმფრენების გამართვისა და ეკიპაჟების დასვენებისათვის.
აეროდრომების გამოყენების სპეციფიკია
გამოყენების სპეციფიკის მიხედვით განასხვავებენ
- საცდელ აეროდრომებს – საცდელი ფრენისათვის;
- სატრასო აეროდრომებს – საჰაერო ტრასებზე გადაფრენის უზრუნველსაყოფად;
- სასწავლო აეროდრომებს – სასწავლო ფრენისა და სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების, საავიაციო კლუბების ქვედანაყოფების ბაზირებისათვის და
- ცრუ აეროდრომებს - ავიაციის ჭეშმარიტი ბაზირების ადგილთან დაკავშირებით მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად.
აეროდრომები ბუნებრივი პირობების მიხედვით
გეოგრაფიული (ბუნებრივი) პირობების მიხედვით ასევე განასხვავებენ
- პოლარულ, უდაბნოს ან ტუნდრის აეროდრომებს – ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით არის ორიენტირები და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომუნიკაციები;
- მთის აეროდრომებს – ტერიტორიებზე, რომლებიც 25 კმ. რადიუსში ზღვის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ ან განლაგებულია 1000 მ. და მეტ სიმაღლეზე;
- წყლის აეროდრომებს (ჰიდროაეროდრომები) - ჰიდროთვითმფრინავების აფრენისა და დაშვებისათვის განლაგებისათვის);
- ყინულის აეროდრომებს - გაყინულ წყალსატევებზე, კონტინენტურ ყინულზე, მოდრეიფე ყინულსა და ნაპირის ყინულზე დასაშვებად. ყინულის სისქე 25 სმ-დან (მყარი, ბზარის გარეშე) 200 სმ-მდეა.
აეროდრომები აღჭურვილობის დონის მიხედვით
აღჭურვილობის დონის მიხედვით აეროდრომები არის:
- მუდმივი, სადაც ასაფრენ-დასაშვებ ზოლებს, საჭესავალ ბილიკებსა და თვითმფრინავების (ვერტმფრენების) სადგომ ადგილებს აქვთ ხელოვნური საფარი (აეროდრომული საფარი), ხოლო ნაგებობები და მოწყობილობა – სტაციონარული;
- საველე, რომლებსაც აქვთ გრუნტის ან ასაწყობ-დასაშლელი ხელოვნურსაფარიანი ასაფრენ-დასაშვები ზოლები, საჭესავალი ბილიკები და სადგომი ადგილები;
- გარდამავალი ტიპის, სადაც არის დროებითი ტიპის ნაგებობების მინიმუმი და მოძრავი მოწყობილობა.
აეროდრომები ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით
ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით სამხედრო აეროდრომები ძირითადი ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძის, სიგანისა და აეროდრომის საფრების სიმტკიცის მიხედვით იყოფა კლასგარეშე, I, II, III, IV კლასების და დასაშვებ მოედნებად. თითოეული კლასის აეროდრომი უზრუნველყოფს გარკვეული ტიპის თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენას და ავიაციის სხვადასხვა გვარეობათა საავიაციო ნაწილების ბაზირებას:
- კლასგარეშე და I კლასის აეროდრომები განკუთვნილია უმთავრესად შორეული ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციისათვის;
- II კლასის – დაჯგუფების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის ასევე საჰაერო თავდაცვის ავიაციისათვის;
- III და IV კლასების აეროდრომები და დასაჯდომი მოედნები – საარმიო ავიაციისთვის, აგრეთვე მოკლე გარბენისა და განარბენის ყველა ტიპის თვითმფრინავებისათვის.
აეროდრომის ამინდი
დაფრენის ტექნიკური საშუალებებით აეროდრომების აღჭურვის მიხედვით და ადგილმდებარეობის რელიეფისა და მასზე მაღლივი დაბრკოლებების არსებობის გათვალისწინებით წესდება აეროდრომის ამინდის მინიმუმი. მიღებულია ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე ხილვადობის სიშორის მინიმუმად დასაშვები ნიშნულები, რომელთა დროსაც უზრუნველყოფილია მოცემულ აეროდრომზე უსაფრთხო აფრენის, დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენის შესაძლებლობა.
წესდება აეროდრომის ამინდის სამი კატეგორიის მინიმუმი:
- I კატეგორია – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არანაკლებ 60 მ-ისა, ხილვადობის სიშორე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არანაკლებ 800-ისა;
- II კატეგორია – შესაბამისად სიმაღლე 30 მ, სიშორე 400 მ;
- III კატეგორია – 30 მ-ზე ნაკლები და 400 მ-ზე ნაკლები.