შტაბი
შტაბი (გერმანული - Stab) – ჯარების (ძალების) მართვის ძირითადი ორგანო, რომელიც განკუთვნილია მათი საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის ხელმძღვანელობისათვის. შტაბები არის ყველა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში და სამხედრო მმართველობის ყველა რგოლში.
შტაბის გაძლიერებისთვის გამოყოფილი პირადი შემადგენლობა – დამატებითი პირადი შემადგენლობა, რომლის დანიშნულებაა მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების შტაბის საბაზო ჯგუფების დამატებითი დაკომპლექტება. ასეთი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს სამხედრო სამსახურს გადიან ნატოს ერთ-ერთ შტაბში ან ნებისმიერი ქვეყანა, რომელმაც უნდა გამოყოს სამხედრო კონტინგენტი, დროებით მიეწერებიან მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების განსაზღვრულ შტაბს. მათი დანიშნულებაა ასეთი შტაბის ორგანიზაციულ-საშტატო განრიგით ისეთი თანამდებობების დაკავება, რომლებიც გათვლილია კრიზისის დროს მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების ოპერაციების ჩატარებაზე.
შტაბის ძირითადი ამოცანებია:
- უზრუნველყოს ჯარების (ძალების) საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა, ორგანიზაცია გაუწიოს მათი საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის ყველა სფეროს;
- მოიპოვოს, შეაგროვოს, შეისწავლოს და შეაფასოს მონაცემები ვითარების შესახებ;
- მოამზადოს გაანგარიშებები და წინადადებები სარდლის (მეთაურის) მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად;
- დაგეგმოს ოპერაციები (საბრძოლო მოქმედებების);
- გააცნოს ამოცანები ჯარებს (ძალებს) და გააკონტროლოს მათი შესრულება;
- უზრუნველყოს ურთიერთქმედება;
- ორგანიზება გაუწიოს ოპერატიულ (საბრძოლო), ტექნიკურ და ლოგისტიკურ უზრუნველყოფას;
- აწარმოოს პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და სხვა მატერიალური საშუალებების აღრიცხვა;
- ორგანიზება გაუწიოს საკომენდანტო სამსახურს, ჯარების სამსახურებს და სხვა.
დასახული ამოცანების მასშტაბის მიხედვით არის: გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების შტაბები; საქმიანობის მიხედვით – საერთო-საჯარისო (საერთო-საფლოტო), შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარებისა და ლოგისტიკის. დაჯგუფებების, საერთო-საჯარისო და სატანკო არმიების, არმიის კორპუსების შტაბები – საერთო-საჯარისოა, ხოლო ფლოტების, ფლოტილიების შტაბები – საერთო-საფლოტო. მათ ეკუთვნით წამყვანი როლი საერთო-საჯარისო (საერთო-საფლოტო) ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) დაგეგმვასა და ორგანიზაციაში.