ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:14, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭობარეთი

ჭობარეთი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე ჭობარეთისწყლის (მტკვრის მარცხენა აუზი) ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1440 მ სიმაღლეზე, ქ. ასპინძიდან დასავლეთით 25.5 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 1300-1470 მ სიმაღლეზე, ძველის თემში, მუსხი-იდუმალის საავტომობილო გზაზე.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 379, უპირატესი ეროვნება (99 %) – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.

XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. მრავლადაა მინერალური წყაროების გამოსავალები. სოფ. ჭობარეთში, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, სახნავ-სათესი ყანები მთლიანად ურწყავი ყოფილა. ყველაზე ნაყოფიერ ყანად ითვლებოდა „ნაფუძარი”. ყანებს ანსხვავებდნენ ერთმანეთისაგან მზის მიმართ მდებარეობით, ნიადაგის სიმძიმითა და სიმსუბუქით, სიმშრალით, ტენიანობით, საცხოვრებელი სახლიდან დაშორებით, ნიადაგის ფერითა და სხვა თვისებებით. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია ხორბლის 4 სახეობა, ქვის ხელსაფქვავები, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი – ტიგელი და ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი. ძველად სელისაგან ზეთს ხდიდნენ. სოფელში არის დიატომიტისა და მარმარილოს საბადო. სოფლის სიახლოვეს შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია და ციხის ნანგრევები.

სახელწოდება

ადგილობრივ მოსახლეობაში ტოპონიმის წარმოშობის შესახებ რამდენიმე გადმოცემა არის შემონახული. ზოგი მათგანის მიხედვით ჭობარეთი თურმე „ბჭობა“ სიტყვისაგან ყოფილა წარმომდგარი:

„ძველად აქ ხალხი შეკრებილა, დიდი ბჭობა ჰქონიათ, ყველა საქმეზე ბჭობა ყოფილა და თავეთი სოფლისთვისაც ჭობარეთი დაურქმევიათ“ (თამაზ შერმადინის ძე ინასარიძე).

არსებობს მეორე გადმოცემაც: „ჩვენთან უწინ მოსულან წყემსი თუშები. უნდა რო ნახონ კაი-კაი ჩაირები. ამათ ყამთ. ძიენ ბევრი ცხვარი, ასულან ერთ თაზე, სოფლის ზემოთ არი, გადმოიხედეს და ერთ თუშს უთქომ მეორისთვინ: „ჭო, ბარი ყოფილა აქაო, საძოვარათ გამოვიყენამთ ამასაო“. (თამაზ ინასარიძე, სოფ. ჭობარეთი). ცხადია, არცერთი ეს გადმოცემა სინამდვილეს არ შეესაბამება.

სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით სახელწოდება ჭობარეთი წარმოშობით უკავშირდება ზანურ (მეგრულ) ჭუბურ- („წაბლი“) სიტყვას, -- ხმოვნის -- ხმოვანში გადასვლის გზით.

პირველი საისტორიო-საგეოგრაფიო წყარო, რომელშიც ჭობარეთი, უფრო სწორად, ჭობარეთის-ხევი არის მოხსენიებული, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს სამეფოს აღწერაა" (XVIII ს-ის შუა წლები): „არს საფარას მონასტერი, დიდშენი, გუნბათიანი, ყოვლად-წმიდისა… დაეფლოდნენ ათაბაგნი და აწ არს ხუცის ამარ. ამავე ჴევს ზეით, ცუნქის ჴევს, მოერთვის ჭობარეთის – ჴევი, გამომდინარე მისვე მთისა (ამას ვგონებთ ხინგის მდინარედ)“, ვახუშტის ეს ცნობა ნათელს ხდის, რომ „აღწერის“ შექმნის დროს ჯავახეთში უკვე ყოფილა სოფელი ჭობარეთი (სხვანაირად არ გვექნებოდა ჰიდრონიმი ჭობარეთის-ხევი), მაგრამ ამ ცნობაში, ისიც უთუოდ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ქობარეთისხევის პირველადობას ერთგვარი ეჭვის ქვეშ აყენებს – ამას უწინ ხინგის-მდინარე უნდა რქმეოდაო. ჩვენი ვარაუდითაც სახელწოდება ჭობარეთი ადგილობრივი, მესხეთ-ჯავახური, ტოპონიმი არ ჩანს; იგი აქ მოტანილი უნდა იყოს თორის მხარიდან (დღევ. ბორჯომის რ.) გვიან საუკუნეებში (XVI-XVII სს.) მიგრირებული მოსახლეობის მიერ.

ისტორიული თორის მხარე (თორელთა საგამგებლო), როგორც ცნობილია, უშუალოდ ემეზობლებოდა სამცხის მიწებს. ამდენად ჭობისხევის ძველი მოსახლეობის მიგრაცია ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაწინაურებულ სამცხე-ჯავახეთში მოულოდნელად არ უნდა გვეჩვენოს. რაც მთავარია, ამგვარი ფაქტის რეალურობაზე თვით ტოპონიმი ჭობარეთი მეტყველებს. ჭობ-არ-ეთ-ი ისევეა წარმოქმნილი, როგორც: გომ-არ-ეთ-ი, ცხომ-არ-ეთ-ი და სხვ. პირველი ნიშნავს: „სოფელი, რომელშიც ქართლის გომიდან გადმოსული ხალხი ცხოვრობს“. ანალოგიურად არის წარმოქმნილი ცხომ-არ-ეთ-ი: „ცხომ-ელ-ი ანუ ცხუმი-დან (სოხუმიდან) გადმოსული ხალხის საცხოვრისი“.

მაშასადამე, ჭობარეთი რეალური ისტორიული ფაქტის აღმნიშვნელი ქართული ტოპონიმი ყოფილა; მასში, ასახულია გვიან საუკუნეებში (XVI-XVII ს.ს., თორის ქვეყნიდან სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის ნაწილობრივი მიგრაციის ფაქტი. ამიტომაც მის ფუძედ ზანური ჭუბურ („წაბლი“) სიტყვის გულვება საეჭვოდ გამოიყურება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები