გომარეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომარეთი – გავრცელებული გეოგრაფიული სახელია. იგი დასტურდება როგორც ქვემო ქართლში (დმანისის რ.), ისე შუა ქართლში (გორის რ.) და ჯავახეთში (ახალქალაქის რ.). ამას გარდა გომარეთ-ი როგორც მცირე გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი სახელწოდება, გვხვდება ს. აღრელთან (ახალციხის რ. და ს. შუა აღვგში (ცაგერის რ.).

ტოპონიმის წარმომავლობა ჯერჯერობით საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ, ვფიქრობთ, ამოსავალი უნდა იყოს სამეურნეო ნაგებობის ზოგადი სახელწოდება გომ-ი, გეოგრაფიული პუნქტის სახელად გომი დადასტურებულია XVI ს-ში.) გომის მცხოვრები იქნებოდა გომ-არ-ი (შდრ. ხერთვისი – ხერთვის-არ-ი, სამძივი – სამძივ-არ-ი, ოპიზა –- ოპიზ-არ-ი, გარეჯი – გარეჯ-არ-ი...), ხოლო ადგილს, სადაც გომარელები („გომელები") დაესახლებოდნენ, გომარ-ეთ-ი შეიძლებოდა შერქმეოდა. გომარეთი ზუსტად ისევე ჩანს გაფორმებული, როგორც ჭობარეთ-ი.

გომარეთის მიხედვით არის გაფორმებული ცნობილი ქართული გვარი გომართელი („გომარეთელი“, „გომარელი“). მაშასადამე, გომარეთი უნდა გავიგოთ როგორც „სოფელი, რომელიც გომიდან გადმოსულ ხალხს დაუარსებია.

უკანასკნელ ხანს ქართული ტოპონიმიკის მკვლევარმა, გეოგრაფოსმა კ. ხარაძემ გამოთქვა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ტოპონიმი გომარეთი, თურმე გომურთან, სანახიხრე ადგილთან ყოფილა დაკავშირებული. ის წერს: „გომარეთის წარმოშობა გომართან უნდა იყოს დაკავშირებული, ეტყობა ნასოფლარის (საუბარია ატენის ხეობის ნასოფლარ გომარეთის შესახებ, გ. ბ.) მიდამოებში ფერმები იყო გაშენებული და სანახირე ადგილებს გომარეთს უწოდებდნენო“. ავტორი აქვე დასძენს: „ქვემო ქართლისა და ატენის ხეობის ეს სახელწოდებები (გომარეთი, გ.ბ.) გომურთან, სანახირე ადგილთან არის დაკავშირებული და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არიან წარმოშობილი“.

აღნიშნული თვალსაზრისის გაზიარება არ შეიძლება, რადგან იგი ძირითადად სიტყვათა მსგავს ფონეტიკურ ჟღერადობაზეა აგებული. უ – ა პროცესი (გომურ- – გომარ-) ენამ საერთოდ არ იცის.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები