ოსური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსური ენა – განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანულ შტოს; გენეტიკურად უკავშირდება სკვითურ-ალანურ ენას.

ოსური ენა ყალიბდებოდა II-I ათასწლეულში ძველ ევროპის ენებთან (სლავური, ბალტიური და სხვ., შემდეგ კი – ახ. წ. დასაწყისში ჩრდილო კავკასიურ ენებთან მჭიდრო კონტაქტში. XIV ს-იდან თანდათანობით იწყება ოსების ჩამოსახლება საქართველოში, სადაც ისინი ემორჩილებოდნენ ქართლის სამეფო ხელისუფლებასა და ცალკეულ სათავადო სახლებს (გ. თოგოშვილი). ამჟამად ოსური ენა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო ოსეთში, აგრეთვე საქართველოს ზოგიერთ რ. ნ.-ში. ყაბარდო-ბალყარეთისა და სტავროპოლის მხარეში, ოსური ენაზე ლაპარაკობს 542 ათასი კაცი. აქედან საქართველოში 162 ათასი (1979. აღწერა); აქვს ორი დიალექტი: ირონული (საფუძვლად უდევს სალიტერატურო ენას) და დიგორული.

კავკასიურ სამყაროში ოსურმა ენამ საგრძნობი ცვლილებები განიცადა: სხვა ირანული ენებისაგან განსხვავებით გაჩნდა გლოტალიზებული თანხმოვნები, მორფოლოგიაში ჩამოყალიბდა მრავალბრუნვიანი აგლუტინაციური ბრუნება (ე. აბაევი). ოსური ენის ფონეტიკასა და ლექსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა კავკასიურმა სამყარომ. განსაკუთრებით – ქართულმა ენამ. ფონოლოგიური შედგენილობა: 28 თანხმოვანი (მ. შ. მკვეთრები – კ. პ. ტ. წ. ჭ.) და 7 ხმოვანი. აქვს 9 ბრუნვა. ბრუნვა აგლუტინაციურია. უღვლილება – ფლექსიური. გ. ახვლედიანის დაკვირვებით, ირანულისათვის უცხო ბგერები ისე შეითვისა ოსურმა, რომ ისინი გვხვდება საკუთრივ ირანულ ლექსიკაშიც. ხანგრძლივი ოსურ-ქართული ურთიერთობისა და ენობრივი კონტაქტების შედეგია ქართულისათვის დამახასიათებელი ორიენტაციის გამოხატვა (მო- და მი- ზმნისწინებით) ოსურ ზმნაში, რასაც ყურადღება მიაქცია ვ. აბაევმა და ეს მიიჩნია „ოსური ენის იბერიულ-კავკასიური ბუნების ერთ-ერთ გამოვლენად“. გ. ახვლედიანის მიხედვით, ოსურში ქართული ზმნისწინების ორივე ფუნქცია (მიმართულებისა და პერფექტული ასპექტის გამოხატვისა) შენარჩუნებულია. მისივე დაკვირვებით. ქართულის გავლენები ვლინდება გარკვეული ტიპის ზმნიზედების წარმოებაზე, მსაზღვრელ-საზღვრულის წყობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძირითადი ლექსიკური ფონდისეული სიტყვების ურთიერთშეღწევა ორივე ენის ლექსიკაში. მაგ., ქართულში ოსურიდან ჩანს შემოსული სიტყვები: შავი, ქუდი, ლუდი და სხვ. (მ. ანდრონიკაშვილი).

პირველი წერილობითი ძეგლი, რომელიც შესრულებულია ბერძნული გრაფიკით, 941-ით თარიღდება. პირველი ოსური ხელნაწერი (1802) შესრულებულია ქართული გრაფიკით ი. იალღუზიძის მიერ. პირველი ნაბეჭდი წიგნი – „მოკლე კატეხიზისი“ დაბეჭდილია ძველი სლავური ანბანით. დამწერლობა შექმნა ა. შოგრენმა ძველი სლავური ანბანის საფუძველზე (1811). 1923–38 დამწერლობას საფუძვლად ედო ლათინური ანბანი, 1938-იდან ჩრდილოეთ ოსეთში – რუსული გრაფიკა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქში – ქართული ანბანი (1954-იდან – რუს. გრაფიკა).

თ. ჩხეიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები