აორისტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 5 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აორისტი – (ბერძ. aoristos – აღუნიშნავი, განუსაზღვრელი), ზმნის გრამატიკული კატეგორია რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სტრუქტურისა და წარმოშობის, მაგრამ საერთო ასპექტურ-დროული მნიშვნელობის მქონე ზმნის პირიან ფორმათა პარადიგმებს. აორისტი გამოხატავს წარსულში მომხდარ, არაგანგრძობით (მომენტობრივ) დასრულებულ მოქმედებას. გვხვდება ინდოევროპულ ენებში (სანსკრიტში, ძველ ბერძნულ და ძველ სლავურ ენებში).

როგორც განსაკუთრებული ზმნური კატეგორია, იგი დღემდე ფუნქციონირებს თანამედროვე სამხრეთ სლავურ ენებში (ბულგარულში, სერბულში, ხორვატულში).

ქართველოლოგიაში აორისტი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:
1. აღნიშნავს თანამედროვე ქართულის წყვეტილის მწკრივს.
2. აორისტს აღადგენენ უძველესი ფორმაციის ქართულისათვის. ამ მოსაზრების თანახმად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ქართული ზმნის უღვლილება გულისხმობდა ასპექტების (და არა დროების) ცვლას. ერთმანეთს უპირისპირდებოდა განგრძობითი (დიურატიული) და მომენტობრივი ასპექტის ფორმები. განგრძობით ასპექტს გადმოსცემდა პერმანსივი, მომენტობრივს კი – აორისტი (არნ. ჩიქობავა).
3. აორისტი აღნიშნავს ძველ ქართული წყვეტილის მწკრივს.
ამათგან აორისტის თავდაპირველ გაგებას შეესაბამება მე-2 მნიშვნელობა. რაც შეეხება მე-3-ს, უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ქართულის მწკრივთა წარმოებაში ასპექტთან ერთად მონაწილეობს დროის, კილოს და სხვ. გრამატიკული კატეგორიებიც და ასპექტის გრამატიკული მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვლილია (ზ. ჭუმბურიძე). თუმცა, ამ ტერმინის გამოყენება წყვეტილის მწკრივის აღსანიშნავად ძველი ქართულისათვის მაინც დასაშვებია.

აორისტის განუსაზღვრელი ნამყოს შესაფერ სახელწოდებად მიიჩნევს ი. ქავთარაძე ზმნათა მხოლოდ ერთი ჯგუფისათვის, რომელსაც დიფერენცირებული ნამყო არ მოეპოვება – ფორმით წყვეტილია, ხოლო ფუნქციით უწყვეტელი, როგორიცაა, მაგ., დგას, ზის ზმნათა ნამყოს ფორმები: იდგა, იჯდა.

ნ. ლოლაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები