ბასკური ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასკური ენაესპანეთსა (ბასკურ პროვინციებში – ნავარა, გიპუსკოა, ბისკაია, ალავა) და საფრანგეთში (ქვემო პირენეს დეპარტამენტი) მცხოვრები ხალხის – ბასკების ენა. ლაპარაკობს დაახლოებით 930 ათასი კაცი (1972 წლის მდგომარეობით). ლათინურ ამერიკაში 250 ათასამდე ბასკი ემიგრანტია.

ბასკური ენის ფონემატურ სისტემაში დადასტურებულია 28 ფონემა – 5 ხმოვანი (a, e, i, o, u) და 23 თანხმოვანი (p, b, t, ť, d, k, g, m, n. ń, r, ŗ, l, ĺ, c, č, ć, f, s, ŝ, ś, j, h). ხშულ თანხმოვანთა ჯგუფში ერთმანეთს უპირისპირდება მჟღერი და ყრუ, ხოლო ყრუ ალვეოლარული აფრიკატებისა და სპირანტების ჯგუფში - სისინა და ნახევრად შიშინა. არის პალატალიზებული თანხმოვნებიც.

ბასკურ ენაში სიტყვის პირველადი ძირი უმეტესად ერთმარცვლიანია lur „მიწა“, hur. „წყალი“, su „ცეცხლი“, hor „ძაღლი“, bil „სვლა“ და სხვ). ორმარცელიანი ძირები ისტორიულად მეორეული უნდა იყოს.

ტიპოლოგიურად ბასკური ენა, აგლუეტინაციური ენაა. სიტყვათა წარმოქმნა ხორციელდება როგორც აფიქსებით, ისე ფუძეთა შეკავშირებით. ძირითადი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, არტიკლი, ზმნა, ზმნისართი, თანდებული, კავშირი. სახელს აქეს ბრუნების, რიცხვისა და განსასღვრულობა-განუსასღვრელობის კატეგორიები. ბრუნება ერთია. გამოიყოფა 8 ბრუნვა: სახელობითი (გადმოსცემს გარდაუვალი ზმნის ქვემდებარესა და გარდამავალი ზმნის პირდაპირ დამატებას), საგანგებო ბრუნვა – აგენტივი, ანუ ერგატივი (აღნიშნავს გარდამავალი ზმნის ქვემდებარეს); დანარჩენი ბრუნვებია: ნათესაობითი, მიცემითი, მოქმედებითი, მიმართულებითი (ალატივი, ადგილობითი (ლოკატივი) და დაშორებითი (სეპარატივი).

ზმნა განარჩევს პირის, რიცხვის, დროის, კილოს, კონტაქტის კატეგორიებს. ზმნის უღვლილება პოლიპერსონალურია, ე. ი. ზმნაში წარმოდგენილია როგორც სუბიექტური ისე პირდაპირი და ირიბი ობიექტური პირები. განირჩევა ზმნის სინთეზური და ანალიზური ფორმები. თვლის სისტემა ოცობითია.

ბასკურ ენას აქეს რვა დიალექტი. წერილობითი ძეგლები გვხვდება XVI ს-იდან, გრაფიკა ლათინურია. მწერლობაში აისახებოდა სხვადასხვა დიალექტი. ბოლო ხანს ორი (ლაბურდისა და გიპუსკოას) დიალექტის საფუძველზე ყალიბდება ერთიანი სალიტერატურო ბასკური ენა.

ბასკურ ენის წარმომავლობის საკითხი კარგა ხანია მკელევართა ყურადღებას იქცევს. იგი არ არის ინდოევროპული ენა. ბასკოლოგების საერთო აზრით, ბასკურ ენას საფუძვლად უნდა ედოს ენა აკვიტანიელებისა და გასკონებისა, რომლებიც ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ცხოვრობდნენ დასავლეთ პირენესა და მის მეზობელ რაიონებში. ძველ ლათინურ ტექსტებში დადასტურებული ცალკეული სიტყვები (მეტწილად პირთა სახელები და ტოპონიმები) ამ ტომების ენებიდან სავსებით ემთხვევა ბასკური ენის მასალას.

სხვადასხვა დროს ბასკურ ენას ადარებდნენ ფინურ-უნგრულ (ლ. ლ. ბონაპარტი, ე. ი. ვან ეისი), ქამიტურ (ჰ. შუხარდტი, ა. ტრომბეტი, ჰ. გ. მუკარჟოვსკი), ამერიკის ინდიელთა (ა. დ′აბადი, კ. კ. ულენბეკი) ენებს, ძველი ესპანეთის იბერიულ ენას (ვ. ჰუმბოლდტი, ჰ. შუხარდტი).

მკვლევართა ყურადღებას იპყრობს სიახლოვე ბასკურ ენასა და იბერიულ-კაეკასიურ ენებს, განსაკუთრებით მათი სამხრეთული ჯგუფის – ქართველურ ენებს შორის.

ი. ბრაუნი




ლიტერატურა

  • ფოგტი ჰ. ბასკური და კავკასიური ენები, თარგმ. ფრანგულიდან. – «მიმომხილველი», VI–IX, თბ., 1972;
  • ლაფონი რ. ბასკური ენა, თარგმ. ფრანგულიდან. – წგ.: ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეაა, თბ. I976;
  • ძიძიგური შ. ბასკები და ქართველები, თბ. 1982;
  • მისივე, ბასკურ-კავკასიური პრობლემა, თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები