მიქაელ საბაწმიდელის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 24 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მიქაელ საბაწმიდელის წამება" — (დაახლოებით IX ს.), ჰაგიოგრაფიული პოეტური ძეგლი. ამბავი ხდება VII ს. მიწურულს. ახალგაზრდა საბაწმიდელი ბერი მიქაელი სავაჭროდ იყო გაგზავნილი იერუსალიმს. მიქაელის სილამაზემ მოხიბლა ხალიფა აბდალ-მალიქის მეუღლე სეიდა, რომელმაც მიქაელის ცდუნება მოიწადინა, მაგრამ ბერი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ასკეტური იდეალისა. მაშინ სეიდამ ქმართან დააბეზღა. ხალიფამ მიქაელს და ერთ ებრაელ სწავლულს პაექრობა გაუმართა რელიგიურ საკითხებზე. მიქაელმა დაიცვა ქრისტიანობის პოზიცია და დაამარცხა მოწინააღმდეგენი. ხალიფას ბრძანებით მიქაელი აწამეს და ბოლოს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. შესავალი გვაუწყებს, რომ ეს ამბავი საბაწმიდელ ბერებს მოუთხრო ცნობილმა განდეგილმა და ღვთისმეტყველმა თეოდორე აბუკურამ (740—820), ხოლო ჩაიწერა ამბავი საბაწმიდის ლავრის მამასახლისმა ბასილმა.

ძეგლის შესწავლა დაიწყო 1918 წელს, როცა კ. კეკელიძემკიმენის“ პირველი ტომი გამოსცა და მისი ტექსტი „თეოდორე ედესელის ცხოვრებაში“ შემავალი ეპიზოდის ექსცერპტად მიიჩნია, თუმცა ამასთანავე აღნიშნა ქართული ტექსტის განსხვავება ბერძნულისგან. პ. პეეტერსმა 1930 წ. „მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“ ლათინურად თარგმნა და საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა მას. მისი აზრით, ქართული თხზულება არის აწ დაკარგული არაბული დედნის თარგმანი. ევროპულმა მეცნიერებამ გაიზიარა ეს თვალსაზრისი, რომელსაც მხარი დაუჭირეს აგრეთვე კ. კეკელიძემ, ი. აბულაძემ, ა. ბარამიძემ. 1939 წ. პ. ინგოროყვამ „მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“ ორიგინალურ ქართულ ნაწარმოებად მიიჩნია. ქართულ-ბერძნული რედაქციების შესწავლის საფუძველზე ეს მოსაზრება გაიზიარა ლ. დათიაშვილმა.

არსებობს გიორგი მთაწმიდელის ცნობა, რომლის თანახმად ექვთიმე ათონელს ქართულიდან ბერძნულად უთარგმნია „აბუკურა“. მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა იმის თაობაზე, თუ რა ნაწარმოებია ეს „აბუკურა“. 1939 წ. პ. ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომ „აბუკურა“ არის იგივე „მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“. ეს მოსაზრება გაიზიარეს შ. ნუცუბიძემ, კ. კეკელიძემ, ლ. დათიაშვილმა.

„მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა“ შესანიშნავი პოეტური თხზულებაა, უხვად შემკული ანტითეზებითა და ალიტერაციებით, თუმცა თავიდან ბოლომდე ერთიანი გარკვეული საზომით დაწერილი ლექსი არ ჩანს. ტექსტის პირველსავე გამოცემაში რამდენიმე ადგილი ლექსად იყო გაწყობილი. პ. პეეტერსმაც შენიშნა თხზულების რითმოვანი ალიტერაციები და ანტითეზები. საბოლოოდ პ. ინგოროყვამ ამოხსნა ტექსტის ლექსური ფორმა, აღადგინა პოემის ლექსური სახე და სილაბური უკვეთელი ლექსი უწოდა. თხზულების დასაწყისი ლექსად გააწყო და გამოაქვეყნა პ. ბერაძემ.


ტექსტი


ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 703-704;
  • კ. კეკელიძე, რომანი „აბუკურა“ და მისი ორი რედაქცია ძველ ქართულ მწერლობაში, ეტიუდები, VI, 1960, გვ. 18-40;
  • ე. ხინთიბიძე, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, 1969, გვ. 14-19.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები