გულგულის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 22 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულგულის კვირაცხოვლის ეკლესია

გულგულის კვირაცხოვლის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ გულგულის (თელავის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია) ჩრდილოეთ განაპირას, სამეურნეო ნაგებობებით შემოფარგლულ, ოთხკუთხა მოხაზულობის ვრცელ ეზოში (მიახლოებითი ზომები: სიგრძე – 130 მ, სიგანე – 90 მ). ეზოს ირგვლივ მდგარი ნაგებობების ნაწილი XX ს. დასაწყისშია აგებული (ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, საზოგადო მოღვაწის, ი. კოლელიშვილის მიერ), ნაწილი კი საბჭოთა პერიოდისაა. წლების განმავლობაში ეკლესიას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, რის გამოც მისი თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.

ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – მცირე ზომის დარბაზული ეკლესიისგან (9 მ X 6,2 მ), რომელიც, სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მოგვიანებით (XIX ს.) მასზე დასავლეთიდან მიდგმული იმავე სიგანის, მაგრამ თითქმის ორჯერ უფრო მოკლე მინაშენისგან (5,2 მ X 6,2 მ). ამ მიშენების დროს ეკლესიის დასავლეთი კედელი თითქმის მთლიანად მოუშლიათ და მლოცველთათვის განკუთვნილი სივრცე მნიშვნელოვნად გაუზრდიათ (შიგნით ეკლესიის სიგრძე 13 მ-მდეა).

შენობის ორივე ნაწილი რიყის ქვითაა ნაგები. წყობა ირეგულარულია. ეკლესიის კამარა და საბჯენი თაღები გამოყვანილია კვადრატული აგურით (20 X 20 X 4,5; 21 X 21,5 X 4,5; 21 X 21,5 X 6 სმ). მინაშენის კედლები ოდნავ უფრო წვრილი ქვისაა, რომლებიც დაწყობილია მეტ-ნაკლებად, თარაზულად გამავალ რიგებად. კონსტრუქციული და არქიტექტურული ელემენტების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგური. ორივე ნაწილის კედლები შიგნიდან და გარედან კირითაა შელესილი და შეთეთრებული. აღმოსავლეთ კედლებში აშკარად განირჩევა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სამშენებლო ფენა, რომლებიც განსხვავებული საშენი მასალითაა შესრულებული. კედლების ქვემო ნაწილები (1,3-1,5 მ სიმაღლეზე) რიყის ქვისაა, ზემო ნაწილებში კი რიყის ქვასთან ერთად აგურიცაა გამოყენებული. მშენებლობის ქრონოლოგიური თანამიმდევრობის მიხედვით ჩანს, რომ ადრე ამ ადგილას მდგარი ეკლესიის შემორჩენილი კედლები ჩართეს გვიანდელი შუა საუკუნეებში განახლებული ეკლესიის კორპუსში.

სამხრეთიდან ორი შესასვლელია. ერთი თავდაპირველ ნაწილშია, მეორე (ამოშენებულია) – მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე გაჭრილი იყო ისრული თაღით (შემორჩენილია თაღის ნაწილი) გადახურული სარკმელი, რომელიც მოგვიანებით (როგორც ჩანს, მიშენების დროს) ძლიერ გაუგანიერებიათ (საკმაოდ დაუდევრად). XX ს. კი შიგ ხის შემინული, ოთხკუთხა ჩარჩო ჩაუსვამთ. აფსიდში, სარკმლის აქეთ-იქით, თითო შეისრულთაღიანი ნიშია. ნაწილების ქრონოლოგიური განსხვავება აფსიდის ორივე ბოლოშიცაა შესამჩნევი. აშკარად ჩანს, რომ ძველი აფსიდის მხრებზე, წინიდან, კედელია მიშენებული (როგორც ჩანს, აფსიდის სიღრმის გაზრდის მიზნით), ზემოთ კი აფსიდის კედელი ერთიანია. ნიშების ოდნავ ზემოთ, კედელში მოწყობილი იყო თითო მცირე ზომის სამალავი, რომლებსაც აფსიდი ვიწრო, შეისრულთაღოვანი ღიობით (ამოშენებულია XIX ს.) უკავშირდებოდა. ღიობები შელესილია და თითქმის არ შეიმჩნევა.

აფსიდი გადახურულია შეისრული თაღის მქონე კონქით. შეისრულია კამარაც. იგი, აფსიდის თაღის გარდა, კიდევ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, საბჯენი თაღები კი – შეკიდულ პილასტრებს. მათგან ერთი დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე დასავლეთ კედელთანაა შერწყმული. პილასტრებს სამ-სამ საფეხურად დამუშავებული ბოლოები აქვს.

აღმოსავლეთი სარკმლის გარდა, თითო სარკმელი თავდაპირველი ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. მათ შორის სამხრეთისა, აღმოსავლეთ სარკმლის მსგავსად, მოგვიანებით იმდენად ძლიერ გაუგანიერებიათ, რომ გარედან მას კვადრატთან მიახლოებული ფორმა აქვს. გადაკეთებულია ასევე ჩრდილოეთი სარკმელიც.

მინაშენის კამარაც ორ შეკიდულ საბჯენ თაღზეა დაყრდნობილი. მინაშენის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში გაჭრილია თითო განიერი სარკმელი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ორივე ბოლოში და დასავლეთ კედლის ჩრდილო ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში ბუხარია (ამოშენებულია), რომელსაც აღმოსავლეთი გვერდი და თაღის ნაწილი შემორჩა.

გარედან შენობის ორივე ნაწილის ფასადები ერთგვაროვანია, მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს. ეკლესიის ნაწილთა სხვადასხვა პერიოდის შეკეთებების კვალი ოთხივე ფასადზე აშკარად შეიმჩნევა. თავდაპირველი სახით მხოლოდ დასავლეთის ფასადია შემორჩენილი. ამ ფასადის მორთულობის მცირე ნაწილები ამჟამად მინაშენის ინტერიერშია მოქცეული. ფასადის შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ კედლის განაპირა ნაწილებში, მიწიდან დაახლ. 1 მ. სიმაღლეზე, მოწყობილი იყო თითო შეისრულთაღოვანი ნიში, რომელიც საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში იყო ჩასმული. სამხრეთი და ჩრდილოეთი ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში თითო მცირე კვადრატული ღიობია, რომლითაც აფსიდის გვერდებზე მოწყობილი სამალავები ნათდება.

ეკლესიის კედლები დასრულებულია მაღალი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით (დიდი ნაწილი ჩამოშლილია). მისი თითოეული საფეხური კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურების თითო-თითო რიგისგან შედგება. შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

მინაშენის დასავლეთ კედელზე დადგმულია მაღალი, მთლიანად აგურით ნაგები ხუთწახნაგა სამრეკლო, რომლის საფუძველი სიმაღლეში ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნაწილი კვადრატულია, ზედა – რვაწახნაგა. სამრეკლოს თითოეულ წახნაგში, თითო განიერი, ბრტყელი თაღით დასრულებული ღიობია. იგი ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ არეში, რომელსაც ამოზნექილგვერდებიანი თაღი აგვირგვინებს. თაღის ოდნავ ზემოთ ამავე ფორმის რელიეფური ზოლია. უფრო ზემოთ კი სამკუთხა პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომლის ზედა მკლავი ლავგარდანზეა მიყრდნობილი. თუ როგორი იყო დაკავშირებული ეკლესია სამრეკლოსთან, ამჟამად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ სამრეკლოსთან დასაკავშირებელი ხვრელი, მინაშენის დასავლეთ კედლის სისქეში, იატაკიდან სამიოდე მ-ის სიმაღლეზე იყო მოწყობილი, რომელიც, აფსიდში არსებული სამალავების მსგავსად, მოგვიანებით ამოაშენეს.

სამრეკლოს აგურით გამოყვანილი პირამიდისებრი სახურავი აქვს.

1826 წ. შედგენილ ტაძრის აღწერაში ვკითხულობთ: „გულგულას წმ. თომას ეკლესია, კვირაცხოველი, აშენებული ქვითკირით 1703 წელს. სამრევლო სახლი შედგება: შუამთის მონასტრისა 60 კომლი, ივერიის მონასტრისა 12 კომლი, მდებარეობს შუამთის მონასტრის მამულსა შინა. არა აქვს პირადი მამული“.

გულგულის წმ. თომას ეკლესია ქართველ მეფეთა მიერ შეწირული იყო ათონის ივერიის მონასტერზე. მას განაგებდნენ ათონის ბერძენი არქიმანდრიტები. 1829 წ. 21 აპრილს, თავის რეზიდენციაში, ახტალის მონასტერში აღესრულა ბერძენი ეპისკოპოსი იოაკიმე, რომლის გარდაცვალების შემდეგ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში შედგა სია, სადაც აღწერილი იყო თუ რომელი ეკლესიები ექვემდებარებოდა მღვდელმთავარს და ქართველ მეფეთა და თავად-აზნაურთაგან სად რა მამული ჰქონდა შეწირული ბერძნულ მონასტრებს. მათ სიაში იყო გულგულის წმ. თომას ეკლესიაც, რომრლსაც 1829 წ. ბერძენი არქიმანდრიტი სერაფიმე განაგებდა.

1887 წ. შედგენილ ტაძრის აღწერაში ვკითხულობთ: „გულგულის წმ. თომას ეკლესია, აშენდა ხელმეორედ 1830 წელს, შუამთის მონასტრის არქიმანდრიტ ნიკიფორეს მიერ ქვით, სამრეკლოთი. 1866 წელს განახლდა მრევლის მიერ. ტაძარში იყო ერთი ტრაპეზი წმ. მოციქულ თომას სახელზე. საეკლესიო ინვენტარი აქვს საკმარისად. მღვდელი წელიწადში იღებს 98 მან. ხოლო მედავითნე 34 მან. შეწირული მამულები არ აქვს. სინოდალური კანტორიდან დაშორებულია 112 ვერსით, ხოლო მთავარხუცესის ტაძრიდან 10 ვერსით. მასზე მიწერილი იყო გულგულის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც თავიდან იყო ხის და კოზმან ყველიაშვილმა ააშენა ქვის. საეკლესიო ქონება აღწერილია 1883 წელს მთავარხუცესის მიერ. აქვს შემოსავალ-გასავლის წიგნი. ამ დროისათვის სალაროში დევს 2 მან. და 80 კაპ. მეტრიკული წიგნები წარმოებს 1820 წლიდან, ხოლო აღმსარებელთა წიგნი 1828 წლიდან“.

გულგულის წმ. თომა მოციქულის ტაძარი 1928 წლამდე მოქმედებდა. 1928 წ. 12 სექტემბერს ჩატარებულ ალავერდის საეპარქიო სხდომაზე გაირკვა, რომ გულგულის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი გულისაშვილი აღარ დაბრუნდება სამრევლოში, ამიტომ საბჭომ მიიღო შემდეგი განჩინება: „გულგულის ტაძარი გამოცხადდეს თავისუფალ სამრევლოდ. მისი მოვლა დაევალოთ ვარდისუბნის მღვდლებს: რომან და ალექსანდრე მთვარელაშვილებს შემდეგი პირობით: რადგან მღვდელმა რომანმა ისარგებლა 1925 წლის შემოდგომის შემოსავლით, როდესაც ის დროებით უვლიდა გულგულის მრევლს, სამაგიეროდ ა.წ. შემოდგომის შემოსავლით დამარხვებამდის ე. ი. გიორგობისთვის ნახევრად ისარგებლებს მღვდელი ალექსანდრე, რომელიც ა.წ. თებერვლიდან ისედაც უვლიდა გულგულის მრევლს. ხოლო მარხვის შემდეგ ორივე მღვდელი ერთად მოუვლის სამრევლოს“.

ტაძრის წინამძღვრები იყვნენ:

1810-1820 დეკანოზი იოანე იაკაშვილი; (გ.16.07.1820)
17.01.1816-1840 მღვდელი გიორგი ჯათნისძე-მოლოზნიშვილი;
12.08.1863-1871 მღვდელი ეგნატე მჭედლიშვილი;
29.07.1884-12.03.1896 მღვდელი თომა მირიანაშვილი; (გ. 24.04.1998)
12.03.1896-18.10.1903 მღვდელი ლევან მირიანაშვილი;
18.10.1903-13.01.1904 მღვდელი ადამ მირიანაშვილი;
13.01.1904-8.07.1906 მღვდელი ილია კოტეტიშვილი;
25.07.1906-5.08.1910 მღვდელი იასონ სამადალაშვილი; (გ. 5.08.1910)
27.10.1910-1920 მღვდელი იოანე ხუციშვილი;
1920-1925 მღვდელი გრიგოლ ჩიკვაიძე;
1925-1926 მღვდელი რომან მთვარელაშვილი;
6.10.1926-1927 მღვდელი პიმენი ფარსადანიშვილი;
1927-12.09.1928 მღვდელი გიორგი გულისაშვილი;


ტაძარში დიაკვნად მსახურობდნენ: ანტონ დიდიძე-ნანიკაშვილი, გიორგი ბაკურაძე.

თ. დვალი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №62080, საქმე №2374, საქმე №41306; სცსა, ფ. 1698, აღწერა 1, საქმე №6; საქმე №41.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1-II, თბ., 2015.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები