უბისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უბისა – საერთო ხედი
სამხრეთი ეკვდერის სარკმლის თავსართის რელიეფი
ადგილმდებარეობის რუკა
ხარება
უბისის წმინდა გიორგის ფრესკა
უბისის სვეტი
საიდუმლო სერობა

უბისა (უბისის სამონასტრო კომპლექსი) (ინგლ. Ubisa) – IX-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ქ. ზესტაფონიდან აღმოსავლეთით 15 კმ-ის დაშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: წმინდა გიორგის ეკლესია მინაშენებით, კოშკი („უბისის სვეტი“), კარიბჭე და ახალი გალავანი.

უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა IX საუკუნეში და იგი ცნობილი მწიგნობრისა და საეკლესიო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც აფხაზთა მეფის მოწადინებით, მშენებლობის ადგილად უბისა შეარჩია. 1141 წელს, საქართველოს მეფე დიმიტრი I-ის დროს, მონასტერი განახლდა, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში (XIV ს.) წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი უნიკალური ფრესკებით შეიმკო. XVI-XIX საუკუნეებში უბისის სამონასტრო კომპლექსის მოვლისა და განახლების ეტაპი დაკავშირებულია იმერეთის მთავრების – აბაშიძეების მოღვაწეობასთან.

კომპლექსის გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობაა წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელსაც გეგმაში მართკუთხა ფორმა აქვს მინაშენებით სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. შირიმის ქვით ნაგები ეკლესიის კედლები სადადაა გადაწყვეტილი, რაც კომპლექსის მშენებლობის ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია. კარგად თლილი მოყვითალო ქვების წყობა ზუსტი და სიმეტრიულია. ეკვდერები უშუალოდ ტაძარზეა შემოყოლებული და სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობის შესახედაობას ანიჭებს მას. ჩრდილო ეგვტერი თავისი შესასვლელით უშუალოდ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, ხოლო სამხრეთ ეკვდერში დამოუკიდებელი კარით შეიძლება მოხვედრა. თავად ტაძარი მაღალია, მინაშენები კი მასზე ბევრად დაბალი. შიდა დანაწევრებული სივრცე შექმნილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღედით. აღმოსავლეთი ფასადი შემკულია ლომის ბრტყელი რელიეფური გამოსახულებიანი ჩადგმული ფილით. სამხრეთი ეკვდერის სარკმლის თავსართი გამშვენებულია სადა, ქვაზე ამოტვიფრული, ბადისებრი ნაქარგობის მსგავსი ჩუქურთმით.

უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. იგი XIV საუკუნეშია შესრულებული და მხატვარ დამიანესა და მის მოსწავლეს გერასიმეს ეკუთვნის. ამაზე მეტყველებს ერთ-ერთი კომპოზიციის („საიდუმლო სერობა“) ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა (შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე). ტაძრის ფრესკულ მხატვრობაში გამოვლენილია რეალისტური ახალი სტილი, მიმართულება. წმინდანთა სახის გადაწყვეტაში იკონოგრაფიული მეთოდი ადგილს უთმობს უფრო ცხოვრებისეულ მანერას, პეიზაჟი უფრო ემსგავსება ნამდვილს. წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის კომპოზიციები: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება, მამა ყოვლისმპყრობელი და სხვ. ფრესკებს შორის გამოირჩევა „უბისის წმინდა გიორგის ფრესკა“ და „საიდუმლო სერობა“. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უბისას ტაძრის ფრესკები ქართული საეკლესიო მხატვრობისა და კულტურის ფასდაუდებელი ნიმუშია.

სამონასტრო კომპლექსში გამორჩეულია კოშკი („უბისის სვეტი“), რომელიც ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულშია საკუჭნაო (2,20×2,20 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55×3,00 მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი. კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით მესამე სართულის ოთახში (3,05×3,30 მ) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ იყო განკუთვნილი. მის სამ კედელში თითო სარკმელია დატანებული. აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. ამ სართულის ოთახის კუთხეში მეოთხე სართულზე ასასვლელი ხვრელია. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით. ცნობილია, რომ თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და მუდმივად ზრუნავდა მის კეთილმოწყობაზე. მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობისა და ხატწერის სკოლები.

ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, „ყინყიბოურის“ მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები, სადაც დაცულია წყლისა და ღვინის შესანახი 100-200 ფუთიანი ტევადობის ქვევრები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები