ხანმეტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანმეტობა – V-VII საუკუნეების ქართული სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი მოვლენის გვიანდელი შეფასებითი ტერმინი, როცა „ხანის“ ხმარება გაიგებოდა როგორც ზედმეტი, არა საჭირო: I სუბიექტური და III ობიექტური პირების ნიშნად (ხ-იხილო, ხ-ერქუა და მისთ.), უფროობითი ხარისხის სახელებში (ხ-უმჯობჱს და მისთ., რომლებიც ისტორიულად ზმნური ფორმებია) და ინიან ენებითებში (ხ-იყო…). ტერმინი ხანმეტი პირველად ნახმარია გიორგი მთაწმიდლის სახარება-ოთხთავის რედაქციაზე დართულ ანდერძში (XI ს), სადაც მოხსენიებულია ოთხთავის ტექსტები – „ხანმეტი“ და „საბაწმიდური“. ამ ანდერძის მიხედვით ტერმინის მნიშვნელობა დაადგინა ა. შანიძემ. რამდენადაც ხან-ის ადგილს VIII ს. და მის შემდგომ ხანის ტექსტებში ჰაე იკავებს, XI ს. სალიტერატურო ნორმების მიხედვით, ხანი ზედმეტი იყო და ამიტომაც. გასაგებია, რომ გიორგი მთაწმიდელს მისთვის „ხანმეტი“ ეწოდებინა.

ხანი დღეს შემორჩენილი აქვს ორ ზმნას (ხ-არ, მო-ხ-ვალ / მო-ხ-ვედი) და შეხორცებულად – ორ სახელს (ხუცესი, ხერთვისი), სადაც ისტორიულად III ობიექტური პირის ნიშანია.

ხანმეტია უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები: ბოლნისის სიონის სამი წარწერა V ს. დასასრულისა, უკანგორის ორი წარწერა VI ს. დასაწყისისა, მცხეთის ჯერის წარწერა (დემეტრე ჳპატოსისა) VI ს. დასასრულისა.

1922 ა. შანიძემ ეპიგრაფიკული მასალისა და ცოცხალ ენაში შემორჩენილი ზოგიერთი არქაული ფორმის ანალიზის საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ ძველად პირის ნიშანი უნდა ყოფილიყო. იმავე წელს ი. ჯავახიშვილმა გამოავლინა და ამოიკითხა უძველესი ქართულ-ებრაული პალიმფსესტი, რომელიც იერემიას წინასწარმეტყველების ნაწყვეტებს შეიცავდა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ნიშნების მიხედვით VI-VII ს-ებით დაათარიღა. ამ აღმოჩენამ დაადასტურა ა. შანიძის ჰიპოთეზა და შეაძლებინა მას აეხსნა ტერმინ „ხანმეტი“.

ხანმეტი ტექსტები ჩვენამდე მოღწეულია პალიმფსესტების სახით. 1927 ა. შანიძემ გამოაქვეყნა ხანმეტი მრავალთავის ტექსტი (VIII ს. I ნახ.), რომელიც შეიცავს ბიზანტიელი მწერლების – იოანე ოქროპირის, ივლიანე ეპისკოპოსის, ევსუქი ხუცესისა და სხვათა თხზულებების ფრაგმენტებს; 1929 მანვე გამოაქვეყნა ხანმეტი ლექციონარი (VII ს. II ნახ. შეიცავს ახალი აღთქმის საკითხავებს; 1944 ხელმეორე გამოცემა), 1937 კი – იერემიას წინასწარმეტყველების კემბრიჯული ხანმეტური ხელნაწერის ფრაგმენტები. 1970 ინგლისელმა პროფესორმა ჯ. ბერდხოლმა გამოსცა ხანმეტი ტექსტი – იაკობის პროტოევანგელეს ფრაგმენტები (VII ს. ხელმეორე გამოცემა ა. შანიძისა 1977). მანვე გამოსცა ხანმეტი ოთხთავისა და ეზრა პირველის ხანმეტი ფრაგმენტები (VII ს.). 1984 ლ. ქაჯაიამ გამოსცა „ხანმეტი ტექსტები“, რომელშიც შევიდა ფრაგმენტები ხანმეტი ოთხთავის ტექსტიდან. მან გამოავლინა არაერთი სრულიად უცნობი ხანმეტი ძეგლი: „ესაიას წინასწარმეტყველება“, „კუპრიანეს წამება“ და სხვ. ხანმეტი ტექსტების შესავალა და პუბლიკაცია დღესაც გრძელდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ი. ჯავახიშვილის აზრით, ხანმეტი ტექსტები ქრონოლოგიურად უსწრებენ ჰაემეტს. ამიტომ თავდაპირველად II სუბიექტური და III ობიექტური პირების პრეფიქსად უნდა გვქონოდა ხ, რომელიც ფონეტიკური ცვლილებების შედეგად -დ იქცა. ა. შანიძის აზრით, ხ. და ჰაემეტობა ასახავს ორ სხვადასხვა დიალექტს: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხანმეტი კილო საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში იყო, ხოლო ჰაემეტი – სამხრეთ-დასავლეთით.

კ. დანელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები