წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი − (ინგლ. Tserakvi Monastery) – XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე შულავერის წყლის მარცხენა შენაკადის ხევში, სოფელ წერაქვიდან 2,5 კმ-ის დაშორებით. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, ორი მომცრო ზომის წმინდა გიორგისა და მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ტიპის ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, მარანი, სენაკები, გალავანი და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ორნავიანი დარბაზული ეკლესია, შემაღლებულ, დატერასებულ გორაკზე დგას. ადგილის სიმცირის გამო ეკლესიას სამხრეთით სუბსტრუქცია აქვს გაკეთებული, აღმოსავლეთით ახლოს კლდოვანი ფერდია, ხოლო ჩრდილოეთი ნავის ჩრდილოეთი ფასადი, მთავარი ნავის ზემო ნაწილის გარდა, მთის ფერდს ებჯინება. ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრებით. ინტერიერის კედლებისთვის გამოყენებულია გასწორებული წინა პირიანი უხეშად დამუშავებული ქვა. კამარა და კონქი ნატეხი ქვითაა გამოყვანილი. მოხატულობის კვალი, ფრაგმენტის სახით, შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ კედელზე. ღვთისმშობლის ტაძარს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან, აქვს მინაშენი, მცირე სამლოცველო, ერთი სათავსით და აფსიდით, რომელში მოხვედრაც მხოლოდ მთავარი ნავიდანაა შესაძლებელი, სხვა შესასვლელი მას არ გააჩნია. სამხრეთ მინაშენს გარედან სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ნაგებობას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს ღია თაღოვანი კარიბჭეებიანი შესასვლელი.

წერაქვის ეკლესია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ორი ნავისგან შედგება. მთავარი სივრცე ბევრად ფართო და მაღალია, ჩრდილოეთის კი მოკლებულია დამოუკიდებელ მნიშვნელობას. ის ორი კვადრატული ბოძითა და სამი თაღითაა გამოყოფილი მთავარი სივრცისგან და ვიწრო ბნელი დერეფნის სახე აქვს. ორივე ნავი შვერილი აფსიდით სრულდება. აქედან საკურთხევლის დიდი აფსიდი გარედან ხუთწახნაგოვანია, ხოლო ჩრდილოეთის მცირე - სამი. აფსიდსა და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთის მინაშენში ორი (ერთი სარკმელი აქვს ჩრდილოეთი ნავის სადგომსაც). ინტერიერში თაღები, ბოძები და კედლის სვეტები თლილი ქვითაა ამოყვანილი. გარედან ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი ფასადები უფრო გულდასმითაა დამუშავებული ვიდრე აღმოსავლეთის (ჩრდილოეთის ფასადის კედელი გლუვია). ორი მცირე ზომის ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი ამკობს საკურთხევლის სარკმლის სათაურს. აღსანიშნავია, რომ ეს სარკმელი საპირის გარეშეა. მისგან განსხვავებით, სამხრეთი და დასავლეთი სარკმლები წნული ლენტოვანი ორნამენტებით მოჩუქურთმებულ არშიებშია ჩასმული. ტაძრის მთავარი ხუროთმოძღვრული აქცენტი მაინც კარიბჭეებია, რომელთაც მხოლოდ ორი ღია თაღი აქვთ სამხრეთით და დასავლეთით. მესამე მხარეს დასავლეთ კარიბჭეს ყრუ კედელი აქვს (ჩრდილოეთით მთის ფერდის გამო), ხოლო სამხრეთის კარიბჭე სამლოცველოს კედელს ებჯინება. ჩრდილოეთის და სამხრეთის მხრიდან აქვს მინაშენი. ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთი მხარე აფსიდურია, სამხრეთის – მართკუთხა. სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს ღია თაღოვანი კარიბჭეებიანი შესასვლელი.

ორივე კარიბჭე მხატვრული თვალსაზრისით საკმაოდ მდიდრულადაა გაფორმებული. სამხრეთი კარიბჭის თავზე ორნამენტული გვირგვინია (სამხრეთის კარიბჭე თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. ამჟამად აღდგენილია). აღმოსავლეთ დიდი აფსიდის სარკმლის მარჯვენა მხარეს კედელში შემორჩენილია მთავრულ-ნუსხური წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენიებულია ქართლის ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს ფუძემდებელი „დიდი ფანასკერტელი“, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, რომელსაც ღვთისმშობლის ეკლესია XV საუკუნის ბოლო მეოთხედში აღუდგენია და განუახლებია. 2004-2010 წლებში წერაქვის მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები და ამჟამად აქ მოქმედი მამათა მონასტერია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები