წაღვერი (დაბა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წაღვერი

წაღვერი – დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ მანძილზე, ქედის თემის ცენტრი.

დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოიპოვება მინერალური წყლები. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1051. მათი უმრავლესობა (95 %) ქართველია (2002). 1899 წელს მოეწყო წაღვერის გლეხთა აჯანყება (მონაწილეობდნენ კიმოთესუბნელებიც) მიხეილ რომანოვის წინააღმდეგ, რომლის საუფლისწულო მამული იყო ბორჯომის ხეობა და რომელმაც აქაურ მკვიდრთა მდგომარეობა გააუარესა.

სახელწოდება

ვახუშტი ბატონიშვილი სადგრის (სადგერის) ხეობის სოფლებს შორის ასახელებს წაღვერს, მაგრამ მის მიერ მოტანილი ჰიდრონიმი წაღვლისწყალი ამჟამინდელი ქარელის რაიონის ტერიტორიას გულისხმობს: იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში წაღველის ნაცვლად დადასტურებულია წაღვი, რაც მათ შორის ერთგვარ ისტორიულ კავშირს გვავარაუდებინებს. კერძოდ, ხომ არ არის ვახუშტისეული წაღველი ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელი სახელი, ისევე, როგორიცაა: რველი, დისველი და სხვ. წაღვ-ელ-ი – „წაღვლიდან საცხოვრებლად გადასულ კომლთა ახალი სამოსახლო“. „წაღვლ-ელ-თა სოფელი“? როგორც ჩანს, მოგვიანებით მომხდარა ამ -ელ სუფიქსის -ერ სუფიქსად ცვლა (შდრ. ვახუშტისდროინდელი ბაკულიანი და დღევ. ბაკურიანი), მაშასადამე წაღვერი (წაღვლ-ელ-ი) – ადამიანის სადაურობის მიმანიშნებელ ტოპონიმად უნდა ვცნოთ.

სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია სრულიად საწინააღმდეგო ვარაუდი, რომლის მიხედვითაც წაღველი „იქითა ველად“, წიაღ-ველად ანუ „გაღმა მხარეს მდებარე ველად" გაიაზრება. თუმცა აშკარაა, რომ თანხმოვანი წაღვ(-ლ) ფუძის კუთვნილებაა და არა სიტყვა „ველი“-ს თავკიდურა თანხმოვანი. ამის მიუხედავად ეს თვალსაზრისი სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ გაზიარებულია: მართლაც ასეთია ძველი წაღვრის მდებარეობა აწინდელ წაღვერთან მიმართებითო. როგორც ვთქვით, წაღველში სიტყვა წიაღისა და ველის (წიაღი-იქითა, გაღმა მხარე) გულვება გაუმართლებლად გვეჩვენება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები