ცეცხლეკალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეცხლეკალა - Xanthium spinosum L.

Xanthium spinosum L. – ცეცხლეკალა.

მეგრულად – ქაცხაცი.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 20-50 სმ სიმაღლის სწორმდგომი ძლიერ დატოტვილი ღეროთი, მონაცრისფრო-მწვანე ან მოწითალო. ფოთლები გულისებრია, 3-5 ნაკვთიანი, კიდეებზე მსხვილხერხკბილა, ყუნწიანი, ქვედა მხრიდან მოთეთრო ქეჩისებრი. ფოთლების ძირში 2-3-ად დაყოფილი, გრძელი, ყვითელი ეკალია განვითარებული. ყვავილები წარმოქმნის ერთსახლიან და ერთსქესიან თავაკებს, რომლებიც შეკრებილია თავთავისებრ იღლიასეულ ყვავილედებად. საერთო ყვავილედის ზედა ნაწილში განლაგებულია კალათები მამრობითი ყვავილებით, ქვედაზე – მდედრობითი. მამრობითი თავაკები ხუთყვავილიანია, მდედრობითის – ორყვავილიანი. ცრუ ნაყოფი 8-10 მმ სიგრძისაა, კვერცხისებრი, ყვითელი ცხვირმოკაუჭებული ეკლებით მოფენილი, ხოლო თავში ორი სხვადასხვა სიგრძის სწორი რქით დაბოლოებული. ყვ. VII-IX; ნაყ. IX-X.

იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, რუდერალურ ადგილებში, გზის პირებზე, რიყნარებზე, სახოვრებელი ადგილების ახლოს, მიტოვებულ მინდვრებსა და ნახნავებში, სარწყავი არხებისა და რუების გაყოლებით, როგორც სარეველა ბაღ-ბოსტნებსა და ნათესების ნაპირებში. ამერიკიდან გზადმოყოლილი სარეველა მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფესვები, თესლები, მიწისზედა ყლორტები. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში ივნის-აგვისტოში. თესლებსა და ფესვებს ამზადებენ აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში. თესლებიდან ღებულობენ ზეთებს, ფესვებიდან ამზადებენ სამკურნალო ნაყენებს, ყლორტებისაგან – ნახარშებსა და ნაყენებს.

მცენარე გამოირჩევა მდიდარი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს ფლავონოიდებს, იოდს, ეთერზეთებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, ცხიმმჟავებს, საპონინებს, გლიკოზიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე აქტიური მოქმედებით ხასიათდება და უზრუნველყოფს მის სამკურნალო თვისებებს შემდეგი დაავადებების მიმართ: ფარისებრი ჯირკვლის, იოდის დეფიციტის შევსება, ყელისა და ხმოვანი კვანძების ანთებითი პროცესები, დიარეი, შარდმდენი; ახდენს შიდა სეკრეციის ჯირკვლების აქტივიზაციას, ნაწლავების მოქმედების ნორმალიზებას; ხასიათდება მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები