ჩინეთ-იაპონიის განცხადება შეთანხმებები და ხელშეკრულება 1972-80

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-იაპონიის განცხადება შეთანხმებები და ხელშეკრულება 1972-80

სარჩევი

1972 ერთობლივი განცხადება

ხელმოწერილ იქნა 29 სექტემბერს პეკინში. იგი აცხადებდა მხარეებს შორის „არანორმალური მდგომარეობის“ შეწყვეტასა და დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარებას. ჩინეთი და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობებს ააგებდნენ ერთიმეორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ურთიერთთავდაუსხმელობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ორმხრივი მომგებიანობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებზე.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონიის მთავრობა „პატივს სცემს ჩინეთის მთავრობის ამ პოზიციას“. იაპონიამ ჩსრ-ის მთავრობა ჩინეთის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად აღიარა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ იაპონიის მხარე მთელი სიმწვავით გრძნობს პასუხისმგებლობას იმ სერიოზული ზიანის გამო, რომელიც მან წარსულში ომის შედეგად ჩინელ ხალხს მიაყენა და ღრმა სინანულს გამოთქვამს ამის გამო.

1974 შეთანხმება ნაოსნობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა ტოკიოში 13 ნოემბერს. დაიდო 3 წლის ვადით მისი 3-წლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების პირობით, თუკი რომელიმე მხარე ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე მეორე მხარეს შეთანხმების გაუქმების შესახებ არ აცნობებდა. ჩინეთი პირველი სახელმწიფოა, რომელთანაც იაპონიამ ნაოსნობის საკითხზე ცალკე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერა ხელი. შეთანხმება შეიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის ნავსადგურში გემის შესვლისა და ხმელეთზე ეკიპაჟის გადასვლის დროს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შექმნას. სანაოსნო კომპანიებისათვის შემოსავლის გადარიცხვის გარანტიას, ზღვაზე უბედური შემთხვევების დროს სამაშველო ოპერაციებში თანამშრომლობას და სხვა.

1975 შეთანხმება თევზჭერის შესახებ

ხელმოწერილ იქნა ტოკიოში 15 აგვისტოს, მოლაპარაკებები ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარეობდა, კერძოდ, ჩინეთის მიერ შემოღებული „სამხედრო ზონების“ გამო. რომლებიც ღია ზღვის დიდ მონაკვეთებს კეტავდა თევზჭერისათვის. შეთანხმება განსაზღვრავს თვეებისა და ზღვის პროდუქტების მოპოვების ზონებსა და კვოტებს. თევზჭერის წარმოების დროსა და წესს, ადგენს თითოეული მხრიდან იმ გემების რაოდენობას, რომელთაც აღნიშნული უფლება გააჩნიათ.

1978 შეთანხმება ვაჭრობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა პეკინში 16 თებერვალს. ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის მოცულობის გაზრდას 20 მლრდ დოლარის, 8 წლის განმავლობაში (1979 წლის 29 მარტს მხარეებმა შეთანხმების მოქმედების ვადა 1990-მდე გააგრძელეს, საქონელბრუნვის მოცულობა კი 40-60 მლრდ დოლარამდე გაზარდეს). შეთანხმების თანახმად, ჩინეთი იაპონიას ნავთობს, ენერგეტიკულ და კოქსვად ქვანახშირს მიაწვდიდა, ხოლო იაპონია ჩინეთს საკომპლექტო მოწყობილობებითა და ჩინური წარმოებისათვის საჭიროს სხვადასხვა სახის მექანიზმებით მოამარაგებდა.

1978 ხელშეკრულება მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა პეკინში 12 აგვისტოს. დაიდო 10 წლის ვადით. ძალაში შევიდა 23 ოქტომბერს. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, განავითარონ მშვიდობიანია და მეგობრული ურთიერთობანი. ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ მშვიდობიანი გზით. ძალის გამოყენებისა თუ ძალის გამოყენების მუქარის გარეშე. ხელშეკრულებაში, კერძოდ, ნათქვამია: „მოლაპარაკების მონაწილე სახელმწიფოები აცხადებენ: არც ერთი მხარე არ უნდა შეეცადოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ან ნებისმიერ სხვა რაიონში ჰეგემონიის მიღწევას. თითოეული ქვეყანა წინააღმდეგაა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ამგვარი ჰეგემონიის მიღწევის ცდებისა. ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ იგი თითოეული მხარის მიერ სხვა სახელმწიფოების მიმართ პოზიციის დაკავებაზე გავლენას არ მოახდენს.

1979 შეთანხმება კულტურული გაცვლის ხელშეწყობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 6 დეკემბერს პეკინში. დაიდო 2 წლის ვადით და ძალაშია მანამდე, ვიდრე ერთ-ერთი მხარე მას არ გააუქმებს. შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სპეციალისტთა გაცვლის საკითხში (კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში), ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, ორი ქვეყნის ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის კულტურული გაცვლებისათვის ხელშეწყობას.

1980 შეთანხმება სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 26 მაისს ტოკიოში. ითვალისწინებს სპეციალისტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას, ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარებას.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები